ახალი ამბები

როსარია პულისი: ყოველდღიურად უნდა ვიმუშაოთ, რომ საქართველო დავუახლოვოთ ნატოს

2 ნოემბერი, 2018 •
როსარია პულისი: ყოველდღიურად უნდა ვიმუშაოთ, რომ საქართველო დავუახლოვოთ ნატოს

დღეს, 2 ნოემბერს, ბათუმში მიმდინარე საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების მე-12 კონფერენცია ნატოს ღია კარის პოლიტიკაზე საუბრით გაიხსნა.

„მოკავშირეებმა აღიარეს ყველა შთამბეჭდავი რეფორმა, რომელიც ამ წლების განმავლობაში საქართველომ განახორციელა. რეფორმათა ტემპის სტიმულირება, არა მხოლოდ უსაფრთხოების, არამედ ინსტიტუციურ და პოლიტიკურ არენაზე,  დააახლოებს საქართველოს ნატოსთან. რა თქმა უნდა, ნატო მადლიერია იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც საქართველოს შეაქვს მისიებში. ნატო საკმაოდ მყარად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს,“- განაცხადა ნატოს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში როსარია პულისმა.

როსარია პულისმა ასევე ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ ხედავს ქართული საზოგადოება ნატოს და როგორია რეალურად არსებული მდგომარეობა:

„ქართული თვალთახედვით, ეს შეიძლება არასაკმარისად ჟღერდეს. ორი დღის წინ, კონფერენციაზე ჩამოსვლამდე, ჩვენ შევხდით მართლმადიდებელ მღვდელმსახურებს ზუგდიდში, შევხვდი სტუდენტებს უნივერსიტეტში, ბათუმში. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო მათი აზრი და გავაანალიზე მრავალი პრაქტიკული საკითხი. ერთ-ერთმა მღვდელმსახურმა, რომელსაც ვესაუბრე, მითხრა ასეთი რამ:  რა თქმა უნდა, ძალიან კარგია იმის ახსნა,რომ  საჭიროა არსებობდეს კონსენსუსი წევრობასთან დაკავშირებით, მაგრამ დაახლოებით ასეა საქმე, ვიღაც რომ იხრჩობოდეს და სხვამ უთხრას: „იცი რა, სანამ დაგეხმარებით, ერთობლივი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ“. არ ვფიქრობ, რომ საქართველო იხრჩობა, იძირება… ბუქარესტის სამიტის ჭრილში, რომელიც ათი წლის წინ ჩატარდა, საქართველომ ძალიან აქტიურად წაიწია წინ. ძალიან გაბედული, ძლიერი რეფორმები ჩატარდა, განსაკუთრებით- თავდაცვის სამინისტროში. დღეს საქართველო გაცილებით უკეთეს პოზიციებზე იმყოფება, რაც შეეხება მის უნარებს, დაიცვას საკუთარი ხალხი, საკუთარი ტერიტორია, ვიდრე ათი წლის წინ.

აქ უნდა ვუმადლოდეთ იმ დიდ ძალისხმევას, რომელიც ქვეყანამ გაიღო და იმ მხარდაჭერას, რომელსაც ნატომ, როგორც ალიანსმა, და  ცალკე აღებულმა მოკავშირეებმა საქართველოს მიაწოდეს.

შთაბეჭდილება მრჩება, რომ საქართველოში არსებობს ტენდენცია, შავ-თეთრად შეხედონ სიტუაციას. დიახ, ან გვაქვს ევროპა, ან არ გვაქვს. მაგრამ ყოველდღიურად ძალიან ბევრი რამ ხდება ამ ორ ექსტრემალურ აზრს შორის. ყოველ ჩვენგანს, ვინც აქ არის, შეუძლია შეცვალოს სიტუაცია“.

როსარია პულისმა ყურადღება გაამახვილა შავ ზღვაში შემოსულ ნატოს ხომალდებზე და მათ მისიაზე.

„ეს გახლავთ რეგულარული ვიზიტების კალენდარი ბათუმსა და ფოთში. ეს არ გახლავთ უბრალოდ მოკლევადიანი ვიზიტები. იმართება ერთობლივი წვრთნები საქართველოს სანაპირო დაცვის ძალებთან ერთად.

იმის თქმა მსურს, რომ არსებობს საკმაოდ კომპლექსური ქსელი აქტივობების, რომელიც მიმდინარეობს, და ამის მეშვეობით ხდება საქართველოს ტრანსფორმაცია. ჩვენ არ ვიმყოფებით იმ პოზიციაზე, სადაც ვიყავით 10 წლის წინ. ასევე არ ველით საოცრებას, რომელიც უნდა მოხდეს, იმ დროს, როცა მოკავშირეები წყვეტენ მომავალ პოლიტიკურ განვითარებას. იმის თქმა მსურს, რომ გვესაჭიროება კოლექტიური კონსენსუსი, 29 მოკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რათა საქართველოს გადავცეთ წევრობის კალენდარი. მანამდე ყოველდღიურად ბევრი გვაქვს გასაკეთებელი იმისათვის, რომ საქართველო დავუახლოვოთ ნატოს,“ – განაცხადა როსარია პუგლისმა.

პანელს, სახელწოდებით “ღია კარის პოლიტიკა ბრიუსელის 2018 წლის სამიტის შემდეგ – საქართველოს ტრანსფორმაცია ნატოში გაწევრიანების გზაზე”, მოდერაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი უწევდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი