ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ციხელაშვილი: NATO-ს წევრობა უალტერნატივოა და ჩვენი კურსი არავის წინააღმდეგ არაა მიმართული

2 ნოემბერი, 2018 • 1314
ციხელაშვილი: NATO-ს წევრობა უალტერნატივოა და ჩვენი კურსი არავის წინააღმდეგ არაა მიმართული

“ეს არ არის მხოლოდ არჩევანი. ესაა უალტერნატივო გზა, მაშინ როდესაც ქვეყანას აქვს უსაფრთხოების ისეთი გამოწვევა, როგორიც მიმდინარე ოკუპაციაა”, – განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების რიგით მე-12 კონფერენციაზე, რომელიც თემაზე „ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა ნატო-ს სამიტის შემდეგ“ მსჯელობით გრძელდება.

თავის მოხსენებაში სახელმწიფო მინისტრმა ყურადღება საქართველოსათვის ალიანსის წევრობის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.  

„დღეს საქართველოსათვის ერთ-ერთ კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხზე ვმსჯელობთ. ესაა ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივა, საქართველოს რეფორმების დღის წესრიგი, ამ გზაზე ტრანსფორმაცია და ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა. ამას ივლისში ჩატარებული ბრიუსელის სამიტის ჭრილში განვიხილავთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთხელ წარმოჩინდეს ის წარმატება, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე გააჩნია და კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი, თუ რას ნიშნავს საქართველოსათვის ნატოს წევრობა.

ნატო-ს წევრობა, ფაქტობრივად, შვიდი ათწლეულის განმავლობაში ევროპის ბევრი ქვეყნისათვის იყო უსაფრთხოებისა და მშვიდობის ის ქოლგა, რომლის ქვეშაც ისინი ახერხებდნენ ეკონომიკურ განვითარებას, მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფასა და სტაბილურ, დემოკრატიულ კონსოლიდაციას. ეს გვინდა ჩვენც. ჩვენი კურსი არავის წინააღმდეგ არაა მიმართული და ეს  ჩემი მხრიდან ცალსახად აღინიშნა“, – განაცხადა ციხელაშვილმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი