ახალი ამბები

პრემიერის წინასაარჩევნო ვიზიტი შიდა ქართლში

12 მაისი, 2014 • • 1281
პრემიერის წინასაარჩევნო ვიზიტი შიდა ქართლში

ღარიბაშვილმა კასპის სოფელ ბარნაბიანთ კარში უკვე დაათვალიერა მეფრინველეობის ფაბრიკა „პიუნიკ ჯორჯია”, რომელიც იაფი კრედიტის დახმარებით შეიქმნა. საწარმოში პრემიერ-მინისტრთან ერთად სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია და შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი იმყოფებოდნენ. შპს „პიუნიკ ჯორჯიას“ დამფუძნებლის, ლევან ცხადაძის თქმით, შეღავათიანი სესხის საშუალებით მისმა კომპანიამ 2,5-ჯერ გაზარდა წარმოება, დაასაქმა 42 ადამიანი და სამომავლო ზრდასთან ერთად პროდუქციის ექსპორტსაც გეგმავს.

 

ღარიბაშვილის განმარტებით, ადგილობრივი წარმოების განვითარება არის საქართველოს ხელისუფლებისა და ქართული ეკონომიკის ნომერ პირველი ამოცანა.

ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

 

ღარიბაშვილის განცხადებით, სოფლის მეურნეობის პროგრამებთან ერთად მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს ინფრასტრუქტურულ პროექტებს, წყლისა და გზის პრობლემების მოგვარებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრს მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილი აქვს სხვადასხვა სახის შეხვედრა შიდა ქართლის რეგიონში, ხოლო 17:00 საათზე გორში, თეატრის წინ გაიმართება კოალიცია “ქართული ოცნების” შეკრება, რომელზეც კოალიციის ლიდერი ირაკლი ღარიბაშვილი შიდა ქართლის ქალაქების გამგებლობის კანდიდატებს წარადგენს.

 

შეგახსენებთ, რომ ანალოგიური საარჩევნო შეხვედრა პრემიერ-მინისტრმა 3 მაისს იმერეთში გამართა და ქუთაისში წარადგინა ქართული ოცნების საარჩევნო კანდიდატები იმერეთის მასშტაბით.

მასალების გადაბეჭდვის წესი