ახალი ამბებისაზოგადოება

როცა მოსახლეობის უმეტესობას ერთდროულად სჯერა ღმერთის, ბედისწერის და ავი თვალის

1 ნოემბერი, 2018 • 3830
როცა მოსახლეობის უმეტესობას ერთდროულად სჯერა ღმერთის, ბედისწერის და ავი თვალის

Pew Research Centre-ის ბოლო კვლევის მიხედვით, საქართველოში მოსახლეობის 99%-ს სწამს ღმერთის,  რაც ევროპაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობა მორწმუნედ მიიჩნევს თავს, ამავე კვლევით, რესპოდენტთა 73%-ს ბედისწერის სჯერა, ხოლო 52%-ს – ავი თვალის.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა თეოლოგ ლადო ნარსიას, რათა ეკითხა, რამდენად ურთიერთგამომრიცხავია ზემოაღნიშნული საზოგადოებრივი რწმენები და რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი.

როგორც ლადო ნარსია ამბობს, საზოგადოებაში ღვთის რწმენის მაღალ მაჩვენებლებს არაერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი კვლევითი ორგანიზაცია ადასტურებს. თუმცა, როგორც თეოლოგი მიიჩნევს, ეს კვლევები გაცილებით უფრო აკურატული იქნებოდა, თუ რესპონდენტებს იმასაც ჰკითხავდნენ, რას გულისხმობენ რელიგიურ რწმენაში და რა წიგნებით ხელმძღვანელობენ რელიგიის შესახებ საუბრისას.

ნარსიას თქმით, ამ შემთხვევაში ჩვენ დავინახავდით, რომ ის, რასაც მოსახლეობის უმეტესობა ღვთის რწმენას უწოდებს, რეალურად, გარკვეულ მაგიურ მიგნებებსა და ბედისწერის საკითხებს უკავშირდება.

“სულ მცირე, კვლევები უნდა აზუსტებდნენ, რა იგულისხმება რელიგიურ რწმენაში. რესპოდენტს იმას მაინც უნდა ეკითხებოდნენ, თუ რა სწამს, რომელი წიგნითა და რა პრინციპებით ხელმძღვანელობენ. ასეთი კვლევის არსებობის შემთხვევაში ჩვენ ნამდვილად დავინახავდით, რომ საქართველოს მოსახლეობაში მორწმუნე ადამიანების რიცხვი, ნაცვლად 80% ან 90%-სა, რაც კვლევებში წერია, შესაძლებელია, 10%-საც კი ვერ ასცდეს.

ზოგადად, რელიგია საკმაოდ ირაციონალური სივრცეა და თუ ის არ არის გაჯერებული რაციონალური შეგნებით, რომელიც არის, მათ შორის, ქრისტიანული ეკლესიის მნიშვნელოვანი შემადგენელი, რელიგია ძალიან საშიში ხდება. დღეს კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ შემთხვევათა დიდ ნაწილში რელიგიური რწმენა მოსახლეობაში გარკვეულ მაგიურ წარმოდგენებს არ სცდება”, – ამბობს ლადო ნარსია.

მისივე თქმით, რელიგია განსაკუთრებით საშიში ხდება მაშინ, როდესაც ის არ არის გაჯერებული რაციონალური ხედვით და იმ ტრადიციებით, რომლებიც დიალექტიკურ-ფილოსოფიურ მსჯელობებზეა აგებული.

“თეოლოგია სხვა არაფერია, თუ არა ამ მსჯელობების გამოყენებით მცდელობა, რომ ღმერთის რწმენა მოხელთებადი გახადოს. რა თქმა უნდა, რწმენა არ არის რაციონალური მოვლენა,  ის ირაციონალური და ტრანსცენდენტული სამყაროს ჭვრეტა არის, რომელიც შეუძლებელია მოიხელთო რაციონალური საშუალებებით, მაგრამ თეოლოგია სწორედ ის მეცნიერებაა, რომელიც ფილოსოფიურ-დიალექტიკური მსჯელობების გამოყენებით ახერხებს ამას”, – დასძენს თეოლოგი.

ლადო ნარსიას განმარტებით, სწორედ ზემოხსენებული კრიტიკული ხედვა აკლია დღევანდელ ქართულ საზოგადოებას. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ რაციონალური ცოდნით ვეცდებით შევისწავლოთ და გავითავისოთ ესა თუ ის რელიგია, შემდგომში შეუძლებელი გახდება მისი მაგიასთან, ბედთან ან ბედისწერასთან დაკავშირება.

თეოლოგი დასძენს, რომ ასეთი სამწუხარო შედეგი განათლების ნაკლებობით მივიღეთ.

“დღეს, თანამედროვე ქართველი როდესაც პასუხობს კითხვაზე, სწამს მას თუ არა ღმერთის, ან ენდობა თუ არა ეკლესიას, ის პრაქტიკულად წარმოიდგენს რაღაც ჰეროიკულ წარსულს, რომელიც მის წარმოდგენაში და,  ზოგადად, ჩვენს ტრადიციულ აღზრდის სისტემაში ფესვგადგმულია.

ამ წარმოდგენებში ხაზგასმულია, რომ ჩვენ გვქონდა რაღაც მნიშვნელოვანი, ჰეროიკული წარსული და იყვნენ ისეთი გმირი ადამიანები, რომელთა ასოცირება ქრისტიანობასთან და რწმენასთან ხდება. ამიტომ, თანამედროვე ქართველი როდესაც გპასუხობთ კითხვაზე, სწამს თუ არა ღმერთის, ის სავარაუდოდ წარმოიდგენს ამ ჰეროიკულ ისტორიებს, მათ შემოქმედ პირებს და აი, ამ ხედვით გთავაზობთ პასუხს”, – ამბობს ის.

როგორც თეოლოგი ამბობს, ამის საპირისპიროდ მხოლოდ რელიგიური განათლების გაღრმავება შეიძლება დადგეს. როგორც ლადო ნარსია განმარტავს, რელიგიური განათლება, რომელიც სასკოლო ასაკიდან უნდა იწყებოდეს, არ ნიშნავს რომელიმე ერთი კონკრეტული რელიგიის შესწავლას, არამედ არის სხვადასხვა რელიგიური ფილოსოფიების შედარება.

“მე ვიყავი იმის ინიციატორი, რომ სკოლაში რელიგიური სწავლება დაწყებულიყო, ვინაიდან მიმაჩნია, რომ ამის აუცილებლობა დგას. რელიგიური განათლება ამ საზოგადოებაში არის არამხოლოდ განათლების ნაწილი და კომპონენტი, არამედ ისეთი ღირებულებების წყაროც, როგორიცაა ტოლერანტობა და შემწყნარებლობა.

ჩვენ ამას არ ვუწოდებთ რელიგიურ სწავლებას. მე შემოვიტანე ასეთი ტერმინი –  ინტერრელიგიური განათლება, რომელიც არა ერთი კონკრეტული რელიგიის შესახებ განათლებას, არამედ რელიგიების ფილოსოფიათა შედარებას გულისხმობს”, – უთხრა ნეტგაზეთს ლადო ნარსიამ.

თუმცა, რელიგიის საკითხების შესწავლაზე საუბრისას, თეოლოგი დასძენს, რომ ამ დროს სახელმწიფომ მაქსიმალური პრინციპულობა და სიმტკიცე უნდა გამოიჩინოს, ვინაიდან რელიგიურ პირებს არ ჰქონდეთ საშუალება, უხეშად ჩაერიონ და განკარგონ საგანმანათლებლო სისტემა.

“სახელმწიფო ფრთხილად უნდა იყოს, რომ ეკლესიის წარმომადგენლები არ შევიდნენ, არ დაამუნათონ მინისტრი და კვერთხები არ ურტყან მაგიდაზე, როგორც ჩვენ გვინდა, ისე განვახორციელებთო. სახელმწიფომ პრინციპულად უნდა თქვას, რომ სწორედ მას აქვს ბერკეტი და განათლების სისტემას სწორედ ის უდგას სათავეში. მე დარწმუნებული ვარ, ასეთი მიდგომებით სულ რამდენიმე წელიწადში სულ სხვა საზოგადოებად ჩამოვყალიბდებით”, – განმარტავს თეოლოგი.

მასალების გადაბეჭდვის წესი