ახალი ამბები

“ქართულმა ოცნებამ” თბილისის მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინა

9 მაისი, 2014 • • 2845
“ქართულმა ოცნებამ” თბილისის მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინა


თბილისის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ მაჟორიტარები წარადგინა
თბილისის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ მაჟორიტარები წარადგინა

1. ჯაბა ჯიშკარიანი – “ქართული ოცნება” – მთაწმინდა.

2. გიორგი მუსხელიშვილი – “თავისუფალი დემოკრატები” – ძირეული ვაკე, ბაგები, წყნეთი.

3. გოჩა ბაბუნაშვილი – “ქართული ოცნება” – ნუცუბიძის ფერდობი, ვაჟა-ფშაველას კვარტლები.

4. შორენა ბუხრაშვილი – “ეროვნული ფორუმი” – სოფელი დიღომი, ვაშლიჯვარი, დიდი დიღომი.

5.გივი ჭიჭინაძე – “ქართული ოცნება” – ვეძისი, კანდელაკის ქუჩა, ვაჟა ფშაველა, ყაზბეგის გამზირი, საბურთალოს მარცხენა ნაწილი, პეკინის ნაწილი, გოთუას ქუჩა.

6. დავით ზურაბიშვილი – “რესპუბლიკური პარტია” – საბურთალოს მარჯვენა ნაწილი, პეკინის ნაწილი, იოსებიძე, შარტავას, დოლიძის, ხილიანის, ბახტრიონის, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია.

7. ბექა ნაცვლიშვილი – “ქართული ოცნება” – კრწანისი, ფონიჭალა.

8. ილია ჯიშკარიანი – “თავისუფალი დემოკრატები” – ავლაბარი, მეტრომშენი.

9. ირაკლი აბუსერიძე – “ქართული ოცნება” – ვაზისუბანი, მერვე ლეგიონი.

10. ზურა ნეფარიძე – “ეროვნული ფორუმი” – ნავთლუღი.

11. ია მაკასარაშვილი – “ქართული ოცნება” – ვარკეთილი.

12. ლევან დარახველიძე – “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” – მესამე მასივი.

13. გულიკო ზუმბაძე – “რესპუბლიკელები” – ვარკეთილის დასახლება, ორხევი, აეროპორტი, წინუბანი, ნასაგური, დიდ ლილო, პატარა ლილო.

14. ლია ჯახველაძე – “თავისუფალი დემოკრატები” – მოსკოვის გამზირი, აფრიკა.

15. რიმა ბერაძე – “ქართული ოცნება” – ჩუღურეთი.

16. ლადო ძნელაძე – “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” – დიდუბე.

17. თარაშ შურღაია – “ქართული ოცნება”- დიღმის მასივი.

18. დავით ჭელიძე – “ქართული ოცნება” – ნაძალადები, ლოტკინი.

19. გივი გოგლიძე – “ეროვნული ფორუმი” – ნაძალადევი. 20. ზაზა კოლელიშვილი – “ქართული ოცნება” – სანზონა.

21. ჯაბა სამუშია – “ქართული ოცნება” – თემქა.

22. კობა კობალაძე – “ქართული ოცნება” – ავჭალა, ზაჰესი, კონიაკის დასახლება, გლდანულა, სოფელ გლდანის მუნიციპალიტეტები.

23. ნინო გოგუაძე – “კონსერვატორები” – გლდანი – ლუწი მიკრორაიონები.

24. მურთაზ შელია – “ქართული ოცნება” – გლდანი – კენტი მიკრორაიონები.

25. ქეთი ჯოხაძე – “კონსერვატორები” – მუხიანი, სამხედრო დასახლება. 


“თქვენ უნდა აჩვენოთ თბილისს, მთელ საქართველოს, რომ ქართული ოცნება ენდობა საკუთარ ხალხს და ამავდროულად ხალხი ენდობა ქართულ ოცნებას. ჩვენ დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ და ერთობლივი მუშაობით ფეხზე დავაყენებთ თბილისს. თქვენ ყველანი, მერობის კანდიდატთან, ბატონ დავით ნარმანიასთან ერთად, ხართ მეურნე პროფესიონალი მშრომელი ადამიანები, რაც წამალივით ჭირდება ჩვენს დედაქალაქს, ქალაქს, რომელიც როგორც ზოგიერთი პოლიტიკური ძალა თავად აღიარებს, იყო სწორედ მათ მიერ გაჩერებული”, – მიმართა კანდიდატებს ვიცე–პრემიერმა კახა კალაძემ.


“ჩვენ გვაქვს საერთო გეგმები, საერთო პროგრამა და ამ გეგმების და პროგრამის ფარგლებში დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული მათგანი ღირსეულ, შთამბეჭდავ და დამაჯერებელ შედეგს მიიღებს არჩევნებზე. მე ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ თითოეული მათგანი დეტალურად იცნობს თავიანთი რაიონის პრობლემებს, ისინი ხალხთან მჭიდრო და უშუალო კომუნიკაციით მოახერხებენ იმას, რომ თუკი სადმე რამე პრობლემა არსებობს, მოიტანოს ჩვენამდე, რომ ჩვენ თითოეული პრობლემა მოვუგვაროთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს პრობლემები აწუხებთ”, – განაცხადა კანდიდატების წარდგენის შემდეგ დავით ნარმანიამ.


“ბატონი დავითი გეგმავს თავის გუნდთან ერთად მომავალი 4 წლის მანძილზე, რომ ის პრობლემები, რომელიც დღეს თბილისს აქვს, არა მარტო გადაწყვიტოს, არამედ თავისი სამოქმედო გეგმის მთავარ ღერძად აქციოს თითოეული თბილისელის პრობლემა. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ხალხმა იგრძნოს ის კეთილდღეობა, რაც თბილისში დაგეგმილია კოალიციის გამარჯვების შემდეგ. ძალიან ბევრი პრობლემებია თემქაზე, სადაც მე მიწევს დავდგე როგორც მაჟორიტარი კანდიდატი. ბუნებრივია, მე ვიცნობ ამ პრობლემებს და მინდა დავარწმუნო ჩემი თემქელები, რომ ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ეს პრობლემები დაიძლიოს. გაკეთდეს ნორმალური ინფრასტრუქტურა, მოწესრიგდეს შიდა კვარტლური გზები. თითეულ კორპუსამდე უნდა მივიდეს ის პროგრამები, რაც დაგეგმილია”, – აცხადებს თემქის მაჟორიტარობის კანდიდატი ჯაბა სამუშია.


ჯაბა ჯიშკარიანის თქმით, მთაწმინდაზე პირველი პრობლემა ავარიული სახლებია:


“მე გაზრდილი ვარ და შემიძლია ვთქვა, რომ ჭიპი მაქვს მოჭრილი მთაწმინდაზე, ძალიან კარგად ვიცნობ არა მარტო ამ უბანს, არამედ მასში შემავალ ყველა მიკროუბანს- ეს იქნება ვერა, სოლოლაკი თუ მისი შემოგარენი. უპირველეს ყოვლისა მთავარი პრობლემა არის ძველი სახლები, რომელიც მრავალ ათეულ წელს ითვლის და რომელსაც ძალიან დიდ პრობლემას უქმნის წვიმა. ასევე დიდი პრობლემაა უგზოობა და ამჟამად გამოკითხვა მიმდინარეობს მთაწმინდაზე, რომ დავაზუსტოთ ყველა ის პრობლემა, რაც აწუხებს ხალხს”, – განაცხადა მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა ჯაბა ჯიშკარიანმა. 

 

დავით ზურაბიშვილის თქმით, მთავარი პრიორიტეტია საკრებულოს წევრებმა შეასრულონ ის მოვალეობები, რაც ცივილიზებულ ქვეყნებში საკრებულოს წევრებს ევალებათ. ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ აქამდე საქართველოში ასე არ ხდებოდა:

 

“საკრებულოს წევრი უნდა იყოს იმ მოსახლეობის წარმომადგენელი, რეალურად მათი პრობლემების მიმტანი აღმასრულებელ ხელისუფლებამდე, ქალაქის მერიამდე, აკონტროლოს ქალაქის ბიუჯეტი და როცა იქნება კონკრეტული პრობლემა, იქ წარმოადგენდნენ იმ მოსახლეობას რომელმაც აირჩია. ეს ძალიან მარტივი პრიორიტეტია, რაც აქამდე არ იყო. აქამდე, პრინციპში, საკრებულოების წევრები უფრო მეტად იყვნენ მმართველი ძალის დანამატი, რომლებიც უბრალოდ ადასტურებდნენ იმას, რასაც წყვეტდა მმართველი ძალა. ამჯერად, მგონი, დგება ის მომენტი, როცა დაიწყება იმის განხორციელება, რაც თვითმმართველობის რეფორმით დაიწყო”, – განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი