ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

საპენსიო რეფორმა სომხეთში ნაადრევია

9 მაისი, 2014 • • 1778
საპენსიო რეფორმა სომხეთში ნაადრევია
მიმდინარე წლის 1 იანვრიდან სომხეთში ძალაში შევიდა “დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონი”, რომლის მიხედვითაც მოქალაქეები ვალდებულნი არიან ხელფასიდან 5% გადარიცხონ საპენსიო ფონდში (ხოლო თუკი ხელფასი 500 ათას დრამს აჭარბებს, რაც დაახლოებით 900 ევროა, ასეთ შემთხვევაში 10% უნდა გადარიცხონ). სომხეთის მთავრობის ამ გადაწყვეტილებამ საზოგადოებაში მკვეთრი უკმაყოფილება გამოიწვია, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, რომლებიც ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში არიან დასაქმებული და მაღალი ხელფასები აქვთ.
აშოტ გაზაზიანი
აშოტ გაზაზიანი

 

ქვეყანაში გაჩნდა ახალი საპროტესტო მოძრაობა – სამოქალაქო ინიციატივა “მე წინააღმდეგი ვარ!” ამ მოძრაობას კი სათავეში არა პოლიტიკოსები და ცნობილი საზოგადო მოღვაწეები, არამედ ახალგაზრდობის წარმომადგენლები ჩაუდგნენ. უფრო მეტიც, ისინი ყველანაირად ცდილობენ დისტანცირება მოახდინონ იმ პოლიტიკური ძალებისგან, რომლებსაც სურვილი აქვთ ახალი საპროტესტო მოძრაობა საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენონ – ხელისუფლებისა და პრეზიდენტის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამასთან, ისინი ახერხებენ საპროტესტო აქციებზე 10-15 ათასი ადამიანის შეკრებას, რაც ნამდვილად შესაშურია ოპოზიციური პარტიებისთვის.

წარწერა მაისურზე - მე წინააღმდეგი ვარ!
წარწერა მაისურზე – მე წინააღმდეგი ვარ!

 

სამოქალაქო ინიციატივის მხარდამჭერები საკითხს ასე სვამენ: “ვის მოვკითხოთ 20-30 წლის შემდეგ ჩვენი შენატანები, თუკი საერთოდ არ ვენდობით ამჟამინდელ ხელისუფლებას?” ისინი ამბობენ, რომ ფული, რომელიც ხელისუფლებას სურს მათი ხელფასებიდან ამოიღოს, მათ სჭირდებათ დღეს და არა მაშინ, როცა პენსიაზე გავლენ.

 

აქციის მონაწილეების თქმით, ბოლო დროს ხელისუფლებისგან მათ მხოლოდ საზოგადოებისთვის ბუნდოვანი დაპირებები და უაზრო განცხადებები ესმით. ისინი მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ არ გადადგა რეალური ნაბიჯები საზოგადოებრივი მოძრაობის მიერ გაჟღერებული მოთხოვნების შესასრულებლად, რაც ასევე გამყარებულია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებითაც.

მე წინააღმდეგი ვარ - საპროტესტო აქცია ერევანში, 08/05/2014
მე წინააღმდეგი ვარ – საპროტესტო აქცია ერევანში, 08/05/2014

 

“ჩვენ აღარ გვინდა ხელისუფლების წარმომადგენლების დაპირებებისა და ფუჭი განცხადებების მოსმენა, უკვე საკმარისად ვუსმინეთ მათ. ჩვენ გვსურს დავინახოთ რეალური ნაბიჯები, რომელიც მიმართული იქნება საზოგადოების მოთხოვნის უპირობო და სრულყოფილად შესრულებისკენ, რაც გულისხმობს იმას, რომ არავის ხელფასიდან არავითარ შემთხვევაში არ მოხდეს რაიმე თანხების ჩამოჭრა,” – ნათქვამია განცხადებაში, რომლითაც აქციის ორგანიზატორებმა ხელისუფლებას მიმართეს.

 

მცდელობის მიუხედავად, საპროტესტო მოძრაობას – “მე წინააღმდეგი ვარ” – ოპოზიციური ძალების მონაწილეობის გარეშე არ ჩაუვლია. ოთხმა ოპოზიციურმა საპარლამენტო პარტიამ (“აყვავებული სომხეთი”, “დაშნაკცუთიუნი”, “სომხეთის ეროვნული კონგრესი” და “მემკვიდრეობა”) საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა, რომ ამ სკანდალური კანონის მოთხოვნები არ შეესაბამებოდა ქვეყნის უმთავრეს კანონს. სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ, ოპოზიციის სარჩელის განხილვის შემდეგ, 2 აპრილს გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც “დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონის” რამდენიმე მუხლი არ შეესაბამება კონსტიტუციას.

 

საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტსა და მთავრობას ვადა 30 სექტემბრამდე მისცა, რათა საკანონმდებლო ცვლილებები განახორციელონ. მანამდე კი ყველა საპენსიო გადასახადი უნდა გადაიხედოს. ქვეყნის უმაღლესი სასამართლო ინსტანციის გადაწყვეტილება მისი გამოცხადებისთანავე შევიდა ძალაში.

 

ამის შემდეგ ოვიკ აბრამიანის ახალმა მთავრობამ გამოაცხადა მზაობა იმის თაობაზე, რომ ეს გადასახადი დროებით დარჩეს როგორც ნებაყოფლობითი, ხოლო დადგენილი ვადისთვის მომზადდეს ახალი კანონი.

 

პრემიერ ტიგრან სარქსიანისა და მისი მინისტრთა კაბინეტის გადადგომას სომხეთში ბევრი უკავშირებს სწორედ საპენსიო სისტემის რეფორმას, რომელმაც საზოგადოებაში ასეთი მძაფრად უარყოფითი შეფასება დაიმსახურა. ახალდანიშნულ პრემიერ-მინისტრ ოვიკ აბრამიანს საპროტესტო მოძრაობის წარმომადგენლებთან დიალოგზე უარი არ უთქვამს: ის მათ შეხვდა და მოახდინა კანონპროექტის ინიცირება, რომლითაც საპენსიო ფონდში გადაურიცხავი გადასახადების გამო მოქალაქეები არ დაჯარიმდებიან. შეიძლება ითქვას, რომ იგი ძალღონეს არ იშურებს, რათა ადამიანებმა ნებაყოფლობით გადაიხადონ ეს გადასახადი. ამის მიუხედავად, საპენსიო გადარიცხვების სავალდებულო კომპონენტი დღემდე ძალაშია.

დაგროვებითი საპენსიო სისტემის წინააღმდეგ საპროტესტო აქციის მონაწილეები, 08/05/2014
დაგროვებითი საპენსიო სისტემის წინააღმდეგ საპროტესტო აქციის მონაწილეები, 08/05/2014

 

როგორც მთავრობის სახლისკენ გამართული საპროტესტო მსვლელობის ერთ-ერთმა მონაწილემ გვითხრა, საპენსიო რეფორმა სომხეთში მიმართული იყო მოსახლეობის შემოსავლების ლეგალიზაციისკენ, მაგრამ სრულიად საწინააღმდეგოდ გამოვიდა – დღეს ხელფასები სრულად “ჩრდილში” ინაცვლებს. მისივე თქმით, ახლა ბევრი დასაქმებული თხოვნით მიმართავს დამსაქმებლებს, რომ არ დაარეგისტრირონ მათი ხელფასები, რათა არ მოუწიოთ საპენსიო გადარიცხვების გაკეთება.

 

“დაგროვებითი სისტემის შემოღება ჩვენს ქვეყანაში აშკარად ნაადრევია”, – მიიჩნევს საპროტესტო აქციის კიდევ ერთი მონაწილე.  მისი თქმით, ჯერ ადამიანების ცხოვრების პირობები უნდა გაუმჯობესდეს, ამაღლდეს საზოგადოების ნდობა ხელისუფლებისადმი, ოლიგარქები აიძულონ გადაიხადონ გადასახადები სრულად და მხოლოდ ამის შემდეგ მოაგვარონ საპენსიო პრობლემები მოქალაქეების ხარჯზე.

 

ის დარწმუნებულია, რომ ქვეყანაში, სადაც უმუშევრობის დონე თითქმის 40%-ს შეადგენს, ხოლო 30%-ზე მეტი სიღარიბის ზღვარზე ცხოვრობს, ასეთი რეფორმები არ იმუშავებს.

დაგროვებითი საპენსიო სისტემის წინააღმდეგ საპროტესტო აქციის მონაწილე, 08/05/2014
დაგროვებითი საპენსიო სისტემის წინააღმდეგ საპროტესტო აქციის მონაწილე, 08/05/2014

 

ჯერჯერობით “საპარლამენტო ოთხეულის” წინადადება დღის წესრიგში რჩება. ოპოზიცია მოითხოვს, რომ სავალდებულო დაგროვებით სისტემაში მონაწილეობა მთავრობამ სრულიად ნებაყოფლობითი გახადოს; დამსაქმებლებს გადარიცხვის გაკეთების უფლება მხოლოდ დასაქმებული მოქალაქეების სურვილისა და თანხმობის შემთხვევაში უნდა მიეცეთ; ასევე, უკან დაუბრუნდეთ მოქალაქეებს ის თანხა, რაც 2014 წლის 1 იანვრიდან მათ ამ მიზეზით დაუკავეს და ა.შ.

როგორც სამოქალაქო ინიციატივის, ისე საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები დარწმუნებული არიან, რომ ბრძოლას ბოლომდე მიიყვანენ. ადგილობრივი ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ განსაზღვრული დროისთვის ისინი გაერთიანდნენ. ამ შემთხვევაში ხელისუფლებას უკან დახევა მოუწევს.

მე წინააღმდეგი ვარ - საპროტესტო აქცია ერევანში, 08/05/2014
მე წინააღმდეგი ვარ – საპროტესტო აქცია ერევანში, 08/05/2014

 


სტატია მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


მასალების გადაბეჭდვის წესი