ახალი ამბები

ნარმანია: ოპონენტებს ვურჩევ დაპირებებს გადახედონ, მერია გადასახადებს ვერ შეამცირებს

9 მაისი, 2014 • • 1067
ნარმანია: ოპონენტებს ვურჩევ დაპირებებს გადახედონ, მერია გადასახადებს ვერ შეამცირებს

“ჩვენ მზად ვართ ყველა კანდიდატთან ერთობლივ დებატებში მივიღოთ მონაწილეობა, რაც შეეხება თემას, რომელიც გაჟღერდა, თბილისის მერია და ვერც საკრებულო ვერ შეამცირებს გადასახადს, ისევე როგორც ვერანაირად ვერ შეამცირებს იმ ტარიფებს, რაც ბევრი თვალსაზრისით არსებობს. აქედან გამომდინარე მე ოპონენტებს ვურჩევდი, რომ თავიანთ დაპირებებში კარგად ჩაიხედონ, იმიტომ, რომ თბილისის მოსახლეობა ძალიან კარგად იცნობს იმ უფლებამოსილებებს, რომელიც გააჩნია ადგილობრივ თვითმმართველობას და ძალიან კარგად იცის ყველა ჩვენმა თანამოქალაქემ, ვის რა პლატფორმა აქვს და ვის რისი გაკეთება შეუძლია”, – განაცხადა ნარმანიამ “ქართული ოცნების” თბილისის მაჟორიტარი კანდიდატების დასახელების შემდეგ.

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყრილობაზე გაჟღერდა დაპირებები, რომლის თანახმადაც ნაცმოძრაობა მოსახლეობას პირდება საწვავზე და გაზზე აქციზის გადასახადის გაუქმებას, რაც ენმ-ის მტკიცებით, 25 თეთრით გააიაფებს საწვავს, ხოლო გაზს – 8 თეთრით. დაპირება მოიცავს ასევე საშემოსავლო გადასახადის 5 პროცენტით შემცირებას, რაც ენმ-ის გეგმით ბიზნესის გაფართოებისა და მეტი ადამიანის დასაქმების საშუალებას მისცემს.

 

ნეტგაზეთის შეკითხვას, თუ ნაცმოძრაობამ იცოდა, როგორ შეიძლებოდა ქვეყანაში საწვავის ფასის გაიაფება, რატომ არ გააკეთა ეს მაშინ, როდესაც თვითონ იყო ხელისუფლებაში, დეპუტატმა გოკა გაბაშვილმა ასე უპასუხა:

 

“საწვავის ფასი შემცირდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ აქციზის გადასახადზე ვიტყვით უარს. ამ ეტაპზე ჩვენმა ეკონომიკურმა ექსპერტებმა ასე შეაფასეს ვითარება, რომ აქციზის გადასახადის შემცირება რეალურია, რადგან მთავრობა არაეფექტურად ხარჯავს თანხას და ჯობია ეს თანხა ბიზნესში დარჩეს იმისათვის, რომ სამუშაო ადგილები შეიქმნას. ბიუჯეტის ხარჯზე გარკვეული სიკეთეების შექმნის პერსპექტივა შეფერხებულია და ჯობია შესაძლებლობა მიეცეს კერძო სექტორს. წინა წლებში უფრო მეტად იყო საჭირო ბიუჯეტიდან თანხების ხიდებზე, გზებზე, ინფრასტრუქტურაზე ხარჯვა. ახლაც არის ეს საჭირო, მაგრამ მეგაპროექტების ბიუჯეტის ხარჯზე გაკეთების მაგივრად ჯობია, რომ ბიუჯეტმა გადასახადი დათმოს და ასე შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები”.

დავით ნარმანია/ ფოტო:ნეტგაზეთი
დავით ნარმანია/ ფოტო:ნეტგაზეთი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი