“საქართველოში უნდა განთავსდეს საჰაერო თავდაცვითი შესაძლებლობები და რუსეთი მიხვდება, რომ თქვენ სერიოზულად უდგებით საკითხს”, – ეს განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ მიმდინარე თვის დასაწყისში, ვაშინგტონში ვიზიტისას გააკეთა, რის გამოც მან სამხედრო აკადემიის ყოფილი რექტორის, გიორგი თავდგირიძის კრიტიკა დაიმსახურა. თადარიგის პოლოკოვნიკ თავდგირიძის აზრით, თავდაცვის მინისტრის ეს განცხადება არაფრის მომცემი და ქვეყნისათვის საფრთხის შემცველია.
საზღვრების სიახლოვეს ნატოს მოქმედების თაობაზე კრემლის ნეგატიური პოზიციის შესახებ საყოველთაოდ ცნობილია. ერთ–ერთ ბოლო პრესკონფერენციაზე კითხვას, რას ფიქრობდა ნატოს შესაძლო გაფართოებაზე, ვლადიმირ პუტინმა ასე უპასუხა: “რისი გეშინიათ? ყველას გავგუდავთ”.
საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საერთაშორისო პოლიტიკის პროგრამის კოორდინატორი თორნიკე შარაშენიძე, რომელიც უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე მუშაობს, ამბობს, რომ საქართველოში ნატოს სამხედრო სისტემების განთავსების პერსპექტივამ შესაძლოა კრემლის გაღიზიანება მართლაც გამოიწვიოს:
“ამიტომ, თუ ეს რეალურად განხორციელდება, ძალიან სწრაფად უნდა მოხდეს. მეტაფორულად რომ ვთქვათ, ყველაფერი შუაღამისას უნდა გადაწყდეს: რუსეთმა დილით უნდა გაიღვიძოს და ნახოს, რომ აქ ნატო დგას. აი, ამ შემთხვევაში კარგი იქნება, თორემ ისე თუ გაიწელა ეს ყველაფერი და, საბოლო ჯამში, რუსეთის გაღიზიანება გამოიწვია, ბუნებრივია, ეს მაინცდამაინც კარგი ვერ იქნება საქართველოსთვის. თუ ეს პროცესი დიდხანს გაიწელება, მე ვერაფერს გამოვრიცხავ. იმიტომ, რომ არ ვიცი რა მდგომარეობაშია ჩვენი თავდაცვა. მეორეც, საქართველოში პრორუსული ძალები ძალიან გააქტიურდნენ, ბევრ მიტინგებს მართავენ უკვე და მესამე, რომელიც ყველაზე ძალიან სახიფათოა: თვითონ რუსეთია მოსული ბრძოლის ჟინზე, ის თავს გამარჯვებულად გრძნობს, საბრძოლველ სულზეა მოსული და ამ სამი ფაქტორის კომბინაცია საქართველოსთვის კარგს არაფერ ნიშნავს”.
ამ თვალსაზრისით მოვლენების სწრაფად განვითარებას ვერ პროგნოზირებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, რომელიც “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ ჯერ არავითარი გადაწყვეტილება ნატოს წევრი სახელმწიფოების მხრიდან მიღებული არ არის. საბოლოო ჯამში კი, თუ ნატო ამ მიმართულებით საქართველოს დახმარებას გადაწყვეტს, ეს საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი იქნება. სესიაშვილის თქმით, საქართველოს დახმარების სახით ნატოს წევრი ქვეყნებისაგან არა მხოლოდ ანტისაჰაერო სისტემები, არამედ ტანკსაწინააღმდეგო ეფექტური იარაღიც სჭირდება:
“თუმცა ჰაერსაწინააღმდეგო და ტანკსაწინააღმდეგო სისტემების საჭიროება არ ნიშნავს, რომ ხვალვე მოგვაწვდის ვინმე ამ ტექნიკას და მის ინსტალირებას ერთ დღეში შევძლებთ. ეს არის პროცესი. ამას სჭირდება გარკვეული წინა სამუშაოების განხორციელება, პერსონალის მომზადება, სისტემის გამართვა, რაც საკმაოდ გრძელვადიანი პერსპექტივაა. თუ [ნატოს მხრიდან] გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს ეტაპიც უნდა გავიაროთ. ასე რომ, ეს საკმოად შრომატევადი და გრძელვადიანი ამბავია”.
რაც შეეხება რუსეთის შესაძლოა გაღიზიანების თემას, სესიაშვილი ამბობს: “მგლის შიშით ცხვარს ვერ გავწყვეტთ. ჩვენ თანმიმდევრულად უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობები გავაძლიეროთ”.
პოლიტოლოგ კახა გოგოლაშვილს, რომელიც წლებია საერთაშორისო პოლიტიკის ტენდენციებს აკვირდება, სწორედ რუსეთის ფაქტორის კონტექსტში უკვირს, რომ ზემოხსენებულ საკითხზე სასაუბროდ ალასანიამ საჯარო სივრცე აირჩია:
“არ ვიცი, რატომ გაკეთდა ღიად ეს განცხადება, ამაზე საუბარი ალბათ დახურულ ფორმატში ჯობია. რატომ უნდა მივიქციოთ რუსეთის ყურადღება, თუ როგორ ვაპირებთ საკუთარი ტერიტორიის დაცვას?!” – ამბობს გოგოლაშვილი და დასძენს, რომ შესაძლოა ამის უკან გარკვეული გათვლაც იდგეს:
“მეორე მხრივ, შესაძლოა, ეს სწორედაც იმიტომ გაკეთდა ღიად, რომ ყველამ დაინახოს: საქართველო გულხელდაკრეფილი არ ზის და ცდილობს თავისი თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას”.
ნებისმიერ შემთხვევაში, გოგოლაშვილიც და შარაშენიძეც თანხმდებიან, რომ საქართველოს ნატოსაგან დახმარება სჭირდება. კახა გოგოლაშვილის თქმით, რუსეთი უკვე ღიად უპირისპირდება ნატოს, ყოველგვარ პასუხისმგებლობას იხსნის და ომისთვისაც მზად არის. შესაბამისად, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით ალასანიამ ძალიან დროული განაცხადი გააკეთა:
“რუსეთი საქართველოსთან მიმართებაშიც შეიძლება, რომ ისევე უცერემონიოდ მოიქცეს, როგორც უკრაინის შემთხვევაში. ამიტომ ის დისკუსია, რომელიც ალასანიას ამ განცხადების გამო წარმოიშვა, საქართველოსთვის სასარგებლო იქნება. იმიტომ, რომ ამის გარშემო კონკრეტული საუბარი იქნება, კონცენტრაცია იქნება საქართველოზე და ნატოს დისკურსში საქართველო გამოჩნდება ქვეყანად, რომელიც ალიანსმა რაღაცნაირად უნდა დაიცვას. ეს არის მნიშვნელოვანი. ეს უკვე რუსეთივისაც სიგნალია, რომ საქართველოსთან დაკავშირებით გეგმები მარტივად არ დასახოს”.
ჯერჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ნატოს წევრი ქვეყნები ირაკლი ალასანიას წინადადების საპასუხოდ, თუმცა ცნობილია, რომ ალიანსი ამ საკითხზე იმსჯელებს:
“ძალიან მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ გენერალური მდივნის მოადგილე იმყოფებოდა იმ შეხვედრაზე [სადაც ალასანიამ შესაბამისი განცხადება გააკეთა] და დაპირდა საზოგადოებას, რომ ამ ინიციატივას მიაწვდის მოკავშირეებს. ნატოს საკუთარი თავდაცვითი სისტემა არ აქვს, მოკავშირეებს გააჩნიათ ეს სისტემები, თუმცა ნატოს ყოველთვის შეუძლია ორგანიზებით მხარდაჭერა – როგორც თურქეთისთვის გავაკეთეთ სირიის კონფლიქტის დროს, პატრიოტის კომპლექსის გადასროლით. მინისტრ ალასანიას გზავნილი ნათელი იყო და დარწმუნებული ვარ, რომ მისი განხილვა ნატოში მოხდება”, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ, ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.








