ახალი ამბები

იურიდიულმა კომიტეტმა მარიხუანის რეგულირებაზე კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

30 ოქტომბერი, 2018 •
იურიდიულმა კომიტეტმა მარიხუანის რეგულირებაზე კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც მარიხუანის მოხმარებაზე შეზღუდვების დაწესებასა და სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს.

კანონპროექტი შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა წარმოადგინა და აღნიშნა, რომ ცვლილებების მიზანს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების კანონმდებლობაში ასახვა წარმოადგენს. საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, კანაფის და მარიხუანის მოხმარება იკრძალება ყველგან, ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილის გარდა.

საკანონმდებლო პაკეტით ცვლილებები შედის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, სისხლის სამართლის კოდექსში, “ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” კანონში და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში.

“საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” კანონპროექტის თანახმად:

  • მცენარე კანაფის ან მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან/და გადაგზავნა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით;
  • მცენარე კანაფის ან მარიხუანის მოხმარება ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში, გარდა ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილისა, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით, ხოლო იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა – 1000 ლარიდან 1500 ლარამდე ოდენობით;
  • მცენარე კანაფის ან მარიხუანის 21 წლამდე ასაკის პირის მიერ მოხმარება გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით, ხოლო იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა – 1000 ლარიდან 1500 ლარამდე ოდენობით;
  • მცენარე კანაფის ან მარიხუანის მოხმარება ქუჩაში, ეზოში, სტადიონზე, სკვერში, პარკში, სასამართლოში, აეროპორტში, სამედიცინო ან/და ფარმაცევტული დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, კინოთეატრში, თეატრში, საკონცერტო დარბაზში, კაფეში, რესტორანში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ავტოსადგურში, რკინიგზის სადგურში ან/და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილას გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით, ხოლო იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა – 1000 ლარიდან 1500 ლარამდე ოდენობით;
  • მცენარე კანაფის ან მარიხუანის მოხმარება ან ზემოქმედების ქვეშ ყოფნა არასრულწლოვანის თანდასწრებით, ან სასწავლო, საგანმანათლებლო ან/და სააღმზრდელო დაწესებულების, ბიბლიოთეკის, მოსწავლე-ახალგაზრდობის ბანაკის, ბავშვთა გასართობი ცენტრის და 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილი სხვა დაწესებულების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, აგრეთვე 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებებზე ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე 150 მეტრის რადიუსში გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარიდან 1 500 ლარამდე ოდენობით. იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1 500 ლარიდან 2 000 ლარამდე ოდენობით;
  • მცენარე კანაფის ან მარიხუანის მოხმარება ან ზემოქმედების ქვეშ ყოფნა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარიდან 1 500 ლარამდე ოდენობით, ხოლო იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა – 1 500 ლარიდან 2 000 ლარამდე ოდენობით;
  • მცენარე კანაფის ან მარიხუანის მოხმარება ან ზემოქმედების ქვეშ ყოფნა სამხედრო ნაწილში გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარიდან 1 500 ლარამდე ოდენობით. იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარიდან 2 000 ლარამდე ოდენობით.

საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, ნარკოტიკული/ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვა გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. შესაბამისად, აღნიშნული რეგულაციები ამოღებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიდან.

პროექტით მკაცრდება ადმინისტრაციული სანქციები ისეთი სამართალდარღვევისთვის, როგორიცაა საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა I და II სიაში შეტანილ ნივთიერებათა პოპულარიზაცია ან რეკლამა ან მათი შექმნის, მოხმარების, გამოყენებისა და შეძენის ადგილების შესახებ ინფორმაციის გავრცელება. აღნიშნულის ჩადენა ფიზიკური პირის მიერ გამოიწვევს 500 ლარის ნაცვლად 5 000 ლარით დაჯარიმებას, ხოლო იურიდიული პირის მიერ გამოიწვევს 10 000 ლარით დაჯარიმებას, ნაცვლად 5000 ლარისა.

“საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” კანონპროექტის თანახმად:

  • სისხლის სამართლის კოდექსი აღარ ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მცენარე კანაფის ან მარიხუანის ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისათვის;
  • სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია არამხოლოდ არასრულწლოვნის, არამედ 21 წლამდე ასაკის პირის ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე დაყოლიებისთვის;
  • რამდენიმე მუხლში ხდება დამამძიმებელი გარემოებების დაზუსტება. კერძოდ, ქმედების მთვრალ მდგომარეობაში ჩადენის ნაცვლად, ნორმის არაერთგვაროვანი განმარტების თავიდან ასაცილებლად, პროექტით პირდაპირ მიეთითება ქმედების ჩადენა ალკოჰოლური ან ნარკოტიკული/ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში.

შეგახსენებთ, რომ მარიხუანასთან დაკავშირებული კიდევ ერთი კანონპროექტის განხილვა, რომელიც კანაფის კულტივაციას და ექსპორტზე გატანას ითვალისწინებს, შეჩერებულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი