ახალი ამბები

ზაზა სარალიძე თბილისში დააკავეს, თუმცა რუსთავში გაასამართლებენ

29 ოქტომბერი, 2018 • 1950
ზაზა სარალიძე თბილისში დააკავეს, თუმცა რუსთავში გაასამართლებენ

ზაზა სარალიძის აღკვეთის ღონისძიებაზე რუსთავის სასამართლო იმსჯელებს. მისი ადვოკატის, ნესტან ლონდარიძის თქმით, მისთვის გაუგებარია, რატომ ჩაინიშნა ზაზა სარალიძის სასამართლო პროცესი რუსთავში. ამ ეტაპზე ადვოკატმა არც ის იცის, როდის იმჯელებს სასამართლო სარალიძის საქმეზე.

ადვოკატის ინფორმაციით, პროკურატურა ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამას სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას ედავება.

“ზაზა სარალიძეს ბრალი წარუდგინეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის 1 ნაწილით, რაც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, სარალიძეს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება,”-აცხადებს ადვოკატი.

ნეტგაზეთს პროკურატურაში უთხრეს, რომ სარალიძის საქმეს ზედამხედველობას გაუწევს ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურა.

“იმ ობიექტური გარემოების გათვალისწინებით, რომ დაცვის მხარეს და საზოგადოებას კითხვის ნიშნები არ გაუჩნდეს თბილისის პროკურატურის მიმართ, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოზარდების მკვლელობის საქმეში ბრალდების მხარეს წარმოაგდენს, ზაზა სარალიძის საქმე რუსთავის რაიონულ პროკურატურას გადაეცა,”-აცხადებენ უწყებაში.


ზაზა სარალიძის შვილი დავით სარალიძე 2017 წლის დეკემბერში მოკლეს. მას შემდეგ ზაზა სარალიძე შვილის მკვლელების გამოვლენასა და დასჯას უშედეგოდ ითხოვს. სახელმწიფომ ამ დრომდე ვერ შეძლო ამის გაკეთება.

სარალიძე უკვე რამდენიმე თვეა, ამ მოთხოვნით საპროტესტო აქციებს ღია ცის ქვეშ მართავს. მას სამართალდამცავები რუსთაველის გამზირზე კარვის გაშლის უფლებას არ აძლევენ. სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ამ აკრძალვით შსს კონსტიტუციას არღვევს. ინციდენტი, რომლის შემდეგაც სარალიძე დააკავეს, სწორედ პოლიციის მიერ კარვის გაშლის ხელშეშლას მოჰყვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი