ახალი ამბები

რატომ არ ჩნდებიან ერთად პრეზიდენტი და პრემიერი საჯარო ღონისძიებებზე

7 მაისი, 2014 • • 1645
რატომ არ ჩნდებიან ერთად პრეზიდენტი და პრემიერი საჯარო ღონისძიებებზე

6 და 7 მაისს საქართველოში ვიზიტით მყოფ აბდულა გიულსა და ილჰამ ალიევთან შეხვედრები გიორგი მარგველაშვილმა და ირაკლი ღარიბაშვილმა ცალ-ცალკე გამართეს. ოფიციალური შეხვედრების გარდა, მათ ასევე ცალ-ცალკე უმასპინძლეს რესტორნებში მაღალი რანგის სტუმრებს. მაგალითად, თურქეთის პრეზიდენტისთვის ოფიციალური ვახშამი რესტორან ფუნიკულიორში 6 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა გამართა, რომელსაც პრემიერი ღარიბაშვილი არ ესწრებოდა. სამაგიეროდ, ღარიბაშვილმა დღეს, 7 მაისს მოაწყო ოფიციალური სადილი რესტორანში აბდულა გიულისთვის, რომელსაც უკვე პრეზიდენტი მარგველაშვილი არ ესწრებოდა.

ირაკლი ღარიბაშვილი და აბდულა გიული
ირაკლი ღარიბაშვილი და აბდულა გიული

 

 

აბდულა გიული და გიორგი მარგველაშვილი
აბდულა გიული და გიორგი მარგველაშვილი

 

 

ილჰამ ალიევი და ირაკლი ღარიბაშვილი
ილჰამ ალიევი და ირაკლი ღარიბაშვილი

 

 

თავდაპირველად ეჭვი იმის თაობაზე, რომ საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერს შორის ურთიერთობა დაიძაბა, მიმდინარე წლის  თებერვალში გაჩნდა, როდესაც გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის წინაშე ყოველწლიური ანგარიშით წარსდგა და ამ ღონისძიებას არათუ პრემიერი, არამედ არც ერთი მინისტრი არ დაესწრო.

უკვე მარტის თვიდან კი გიორგი მარგველაშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის სამუშაო კაბინეტები ერთ შენობაში, მთავრობის კანცელარიაში აღარ მდებარეობს. მიუხედავად იმისა, რომ მარგველაშვილი თავიდან უარს აცხადებდა, საბოლოოდ მაინც გადავიდა ავლაბრის რეზიდენციაში.

18 მარტს კი ტელეკომპანია “იმედისთვის” მიცემულ ინტერვიუში ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მარგველაშვილით იმედგაცრუებულია, ხოლო პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მუშაობით კმაყოფილია. ივანიშვილმა მარგველაშვილი რამდენიმე საკითხის გამო გააკრიტიკა.

ასეთივე ღია კრიტიკა პრეზიდენტისადმი არ გამოუთქვამს მოქმედ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს, თუმცა ისინი არც ერთ საჯარო ოფიციალურ ღონისძიებაში არ მონაწილეობენ ერთად.

ისინი ერთად არც საეკლესიო დღესასწაულებზე ჩნდებიან. მაგალითად, შობის დღესასწაულს პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები სამების საკათედრო ტაძარში შეხვდნენ, ხოლო პრეზიდენტის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ მარგველაშვილმა ეს დღე ოჯახთან ერთად გაატარა.

სამებაში იმყოფებოდა პრემიერი აღდგომის დღესასწაულზეც, ხოლო მარგველაშვილი აღდგომას დუშეთში,  წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში შეხვდა.

პრემიერსა და პრეზიდენტს შორის გარკვეულ შეუთანხმებლობაზე ერთი ფაქტიც მიანიშნებს- მმართველი გუნდის ზოგიერთი წარმომადგენლისგან გაჩნდა ვერსია, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას პრემიერმა უნდა მოაწეროს ხელი, როდესაც საქართველლოს კონსტიტუციით სახელმწიფოს მეთაურად პრეზიდენტი რჩება, ის არის სახელმწიფოს წარმომადეგნელი საერთაშორისო ურთიერთობებში და უფლებამოსილია ხელი მოაწეროს საერთაშორისო ხელშეკრულებებს.

ამას გარდა, პრემიერმა 2014 წლის იანვარში ჩამოაყალიბა უსაფრთხოების საბჭო, მაშინ, როდესაც უკვე არსებობდა და დღემდე არსებობს პრეზიდენტის ინსტიტუტთან უშიშროების საბჭო.

ამის მიუხედავად, რაიმე ტიპის დაპირისპირების არსებობაზე საჯარო განცხადებები ჯერ არც პრეზიდენტს გაუკეთებია და არც პრემიერს.

გიორგი მარგველაშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი
გიორგი მარგველაშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი