დღეს, 29 ოქტომბერს, “ქართული ოცნების” შტაბში საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კალაძემ ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის წარუმატებლობაზე ისაუბრა.
“არჩევნების შედეგში ჩვენი ამომრჩევლის ნაკლები მობილიზაციის მიზეზად იმასაც განვიხილავთ, რომ ჩვენმა პარტიამ არ წარადგინა საკუთარი კანდიდატი და დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერამ შეასუსტა ჩვენი ამომრჩევლის მობილიზაციის პროცესი.
დარწმუნებული ვართ, რომ მეორე ტურში, როცა ნათლად გამოიკეთა ორი პოლუსი, როცა არჩევანია გასაკეთებელი სიცრუესა და სიმართლეს, ძალადობასა და თავისუფლებას შორის, მოხდება მქსიმალური კონცენტრაცია და ჩვენ ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ საპრეზიდენტო არჩევნებში,” – ამბობს კალაძე.
მისივე თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებმა არაერთი მნიშვნელოვანი რამ ცხადყო. კალაძის განმარტებით, არჩევნები მოსახლეობის ერთგვარი შეტყობინება იყო, რომლითაც საზოგადოებამ მმართველ გუნდს უთხრა, რომ ქვეყანაში ბევრი რამაა შესაცვლელი.
“სამწუხაროდ, როგორც ყველა ხელისუფლებას, ჩვენც ძალაუფლების კონცენტრაციამ, შეიძლება ითქვას, გადაჭარბებული თვითდაჯერებულობა შეგვმატა და, შესაბამისად, მთელ რიგ შემთხვევებში არ ხდებოდა ადეკვატური უკუკავშირი, კომუნიკაცია საზოგადოებასთან.
ამის შედეგი იყო ისიც, რომ მხოლოდ შიდა კვლევების მონაცემებს ვეყრდნობოდით, რამაც კიდევ უფრო შეასუსტა განწყობების აღქმა. თუმცა ყველა ჯანსაღი პოლიტიკური ორგანიზაციისთვის მსგავსი გამოფხიზლება ახალი და ეფექტური რეაგირების, სწრაფი ცვლილების დასაბამია,” – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, სწორედ ამაზე საუბრობდა ბიძინა ივანიშვილიც, პარტიის თავმჯომარის პოსტზე დაბრუნებისას. გარდა ამისა, კალაძემ დასძინა, რომ “ქართული ოცნება” ყველა სუბიექტური ფაქტორის აღმოფხვრაზე პასუხისმგებლობას იღებს. თუმცა, არჩევნებზე გავლენა მოახდინა ოპონენტების, როგორც კალაძე აფასებს – სრულიად ნეგატიურმა კამპანიამ.
“ქართულმა ოცნებამ” 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა არ წარადგინა და მხარი სრულად სალომე ზურაბიშვილს დაუჭირა. “ოცნებამ” საკუთარ შემომწირველებს მოუწოდა, თანხა სწორედ ზურაბიშვილისთვის შეეწირათ, რის შედეგადაც ზურაბიშვილს მილიონობით ლარი შესწირეს. მის კამპანიაში მმართველი პარტიის პოლიტიკური ელიტა იყო ჩართული, მათ შორის, მინისტრები და “ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი. მმართველი პარტიის წევრთა ნაწილი, მათ შორის, ზაქარია ქუცნაშვილი, მიიჩნევდა, რომ “ქართულ ოცნებას” თავისი კანდიდატი უნდა წარედგინა და მხარი არ დაეჭირა დამოუკიდებელი კანდიდატისთვის.
ზურაბიშვილი – 38.63%; ვაშაძე – 37.74% – დათვლილია უბნების 99.95% – ცესკოს წინასწარი შედეგები