ახალი ამბები

თურქეთის დელეგაციასა და ქართულ მხარეს შორის გაფართოებული შეხვედრა მიმდინარეობს

7 მაისი, 2014 • • 1159
თურქეთის დელეგაციასა და ქართულ მხარეს შორის გაფართოებული შეხვედრა მიმდინარეობს

თურქეთის პრეზიდენტი აბდულა გიული და საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის რეზიდენციაში
თურქეთის პრეზიდენტი აბდულა გიული და საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის რეზიდენციაში

 

 

“გუშინ და დღეს თბილისი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ისტორიული მოვლენის მასპინძელი. პირველად სამი ქვეყნის ურთიერთობების ისტორიაში უმაღლეს დონეზე სამიტი გაიმართა თბილისში, სადაც განხილული იყო რეგიონული თანამშრომლობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები, ხოლო დღეს, პირველად უკანასკნელი წლების განმავლობაში განხორციელდა თურქრთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტი საქართველოში. ეს არის საპასუხო ვიზიტი იმ ვიზიტის შემდგომ, რომელიც გაიმართა იანვარში თურქეთში და ამ ვიზიტის ფარგლებში უკვე განხილული იქნება ორმხრივი ურთიერთობის მთელი სპექტრი იმ საკითხებისა, რომელიც დღეს არსებობს საქართველოსა და თურქთს შორის”, – განაცხადა შეხვედრის დაწყებამდე საქართველოს ელჩმა თურქეთში ირაკლი კოპლატაძემ, რომელიც თურქეთის დელეგაციას ახლავს თან.

 

“ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მხარდაჭერა თურქეთის მხრიდან, ის არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მუდამ ხაზს უსვამს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, რეგიონში მშვიდობისთვის მნიშვნელოვანია სამი ქვეყნის თანამშრომლობა. თურქეთის მხრიდან ინვესტიციების მოზიდვა საქათველოში და, შესაბამისად, ახალი პროექტების განხორციელება არის მიზანი ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების და ეს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ურთიერთობების გაღრმავებას, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მანანა კობახიძემ.

 

“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი, არა მხოლოდ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა, არამედ სამმხრივი ურთიერთობა რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოებისათვის. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი პროექტი ერთად დაწყებული სამ ქვეყანას და უკვე პრეზიდენტობის დონეზე კიდევ ერთხელ დაფიქსირდა, რომ ეს ურთიერთობები არა მარტო გაგრძელდება, უფრო მჭიდრო გახდება”, – აღნიშნა უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინა იმერლიშვილმა, რომელიც ასევე ესწრებოდა რეზიდენციაში მიღების ცერემონიას.

მასალების გადაბეჭდვის წესი