საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ილია მეორემ ქადაგებისას საპრეზიდენტო არჩევნებზეც ისაუბრა. ილია მეორის თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში ხშირი იყო შემთხვევები, როცა კანდიდატები “უხეშად ახსენებდნენ ერთმანეთს”:
“დღეს განსაკუთრებული დღეა. ქართველი ერი, ქართველი ხალხი, საქართველო ირჩევს საქართველოს პრეზიდენტს. ეს წინა დღეები მძიმე იყო არამარტო იმათთვის, ვინც იყო კანდიდატი პრეზიდენტობის, არამედ მძიმე იყო მთელი ხალხისთვის, ჩვენი ერისთვის. ხშირი შემთხვევა იყო, როცა უხეშად ახსენებდნენ ერთმანეთს და ეს უნდა გავითვალისწინოთ მომავალში. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ სხვისი დამცირება არაფერს არ მისცემს ადამიანს, პირიქით, სხვისი ამაღლება აღგამაღებთ”, – თქვა ილია მეორემ ქადაგებისას.
დღეს, 28 ოქტომბერს საქართველოს მასშტაბით საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. ცესკო-ს ინფორმაციით, გახსნილია 3 703 საარჩევნო უბანი, მათ შორის 55 – საზღვარგარეთ, 11 კი გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი. ორი საარჩევნო უბანი გახსნილი იყო ავღანეთში იქ მოსამსახურე ქართველი სამხედროებისთვის, სადაც კენჭისყრა უკვე ჩატარდა და აღნიშნული ხმები დაითვლება 28 ოქტომბერს, საქართველოში კენჭისყრის დასრულების შემდეგ.
28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობს 25 კანდიდატი, მათ შორის 19 – პოლიტიკური პარტიის, ხოლო ექვსი – ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ არის წარდგენილი.