ახალი ამბები

თუშეთში მყოფი მესაზღვრეები არჩევნებში მონაწილეობას ვერ შეძლებენ

28 ოქტომბერი, 2018 • 1035
თუშეთში მყოფი მესაზღვრეები არჩევნებში მონაწილეობას ვერ შეძლებენ

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, თუშეთში, გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში რეგისტრირებულია 28 ამომრჩეველი, კერძოდ, სხვადასხვა პოსტზე მყოფი მესაზღვრეები.

როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, მათგან მხოლოდ 4 შეძლებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, ხოლო დანარჩენებთან ვერ მოხერხდება გადასატანი ყუთის მიტანა უამინდობისა და დაკეტილი გზების გამო.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თუშეთში საპრეზიდენტო არჩევნები არ ჩატარდება, დღეს reginfo-მ გაავრცელა.

გარდა ამისა, ცესკო-ს პრესპიკერის თქმით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ გორში 4 საარჩევნო უბანი დაკეტილი იყო, თუმცა საარჩევნო ადმინისტრაციამ გადაამოწმა და აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ცესკო-ს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ნაძალადევის №74-ე საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა არაუფლებამოსილი პირი დამკვირვებლის სამკერდე ნიშნით, რომელიც არ იყო ცესკო-ს მიერ დადგენილი წესით გაცემული.

“გადამოწმების შედეგად, აღნიშნული დადასტურდა და საუბნო საარჩევნო კომისიამ დაატოვებინა არაუფლებამოსილ პირს საარჩევნო უბანი; ახმეტის ოლქში ყველა საარჩევნო უბანი გახსნილია და ჩვეულებრივ მიმდინარეობს კენჭისყრის პროცესი”, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი