ახალი ამბები

რა დარღვევები გამოავლინა ISFED-მა – 11 საათის მონაცემები

28 ოქტომბერი, 2018 • 963
რა დარღვევები გამოავლინა ISFED-მა – 11 საათის მონაცემები

11 საათისთვის სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) საუბნო საარჩევნო კომისიებში- 21, ხოლო საოლქოში 9 საჩივარი საშეიტანა.

ორგანიზაციის ხელმძღვანელის, მიხეილ ბენიძის განცხადებით, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, პარტიის აქტივისტების და ე.წ. კოორდინატორების საუბნო კომისიების მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზება ხდება. ასეთი შემთხვევები დაფიქსირდა გურჯაანში, ზუგდიდში, თიანეთში, ბათუმში, თელავში, ტყიბულსა და საგარეჯოში.

“ეს ადამიანები ამოწმებენ არჩევნებზე მოსულ პირთა ვინაობას და ეწევიან აგიტაციას. საგარეჯოსა და ბათუმში დაფიქსირდა შემთხვევა, რომ არჩევნებზე მოსულ ამომრჩეველს მოთსხოვეს, მოიყვანოს ხალხი არჩევნებზე, რაზეც ამომრჩეველმა უპასუხა, რომ უკვე მოიყვანა და კიდევ მიჰყავს ერთი ამომრჩეველი ხმის მისაცემად. აღნიშნული ძირითადად ხორციელდება მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ”,-განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

ISFED-ის ცნობით, ჩოხატაურის #62 საარჩევნო ოლქის #2, #8 და #26 „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის“ დამკვირვებლის მოწმობებით ადამიანები სხედან უბანის მიმდებარედ მანქანებში, რომლებსაც აქვთ სიები და პარალელურად ეწევიან სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ აგიტაციას.

დამკვირვებელზე შესაძლო ზეწოლის ფაქტად აფასებს მიხეილ ბენიძე საგარეჯოში მომხდარ შემთხვევას. მისი თქმით, #11 საგარეჯოს საარჩევნო ოლქის #8 საარჩევნო უბანზე „სამართლიანი არჩევნების“ დამკირვებელს უბანთან დახვდა პოლიცია, რომელმაც დამკვირვებელს გამოჰკითხა, თუ რომელ ორგანიზაციას წარმოადგენდა, ასევე, მისი პირადი მონაცემები. მას შემდეგ, რაც გაარკვია, რომ დამკვირვებელი საგარეჯოს ოლქიდან არის, უთხრა, რომ „საგარეჯოელი ყოფილხარ და ჩემი რჩევაა, ძაან მკაცრი ნუ იქნებიო“.

“სამართლიანმა არჩევნებმა” წილისყრის წესის დარღვევის 5 შემთხვევა გამოავლინა. ორგანიზაციის ინფორმაციით, ასეთი შემთხვევები ოზურგეთში, ფოთში, ხელვაჩაურში და თბილისში დაფიქსირდა. ორგანიზაცია სხვა პროცედურულ დარღვევებზეც საუბრობს, როგორიცაა საკონტროლო ფურცლის არასათანადოდ შევსება (ორი შემტხვევა), მარკირების წესის დარღვევა (2 შემთხვევა) სიაში ხელის არასწორად მოწერა (ერთი შემთხვევა) და სხვა პროცედურული დარღვევები.

ორგანიზაციამ არაუფლებამოსილი პირის საარჩევნო უბანზე ყოფნის ერთი შემთხვევა დააფიქსირა. ” #28 დუშეთის საარჩევნო ოლქის #19 საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა დეპუტატი, რომელსაც არ გაუვლია შემოწმება და არ იყო აღნიშნული უბნის ამომრჩეველი”,-აცხადებს მიხეილ ბენიძე.

არასამთავრობო ორგანიზაციის მტკიცებით, საარჩევნო დარღვევები არჩევნების დაწყებამდე დაიწყო. ISFED-ის თანახმად, 27 ოქტომბრის საღამოს საათებში, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლისთვის ცნობილი გახდა ინფორმაცია ამომრჩეველზე სავარაუდო ზეწოლის ფაქტების შესახებ ლაგოდეხში. სოფელ ცოდნისკარის მცხოვრებლები, ნუნუ ჯორჯაძე და თედო ხაჩიაშვილი, რომელთა ოჯახის წევრები სამხედრო მოსამსახურეები არიან, სავარაუდოდ, „ქართული ოცნების“ კოორდინატორებს – ნანო ლომიძესა და ია ჯოხაძეს – ზეწოლაში ადანაშაულებენ. ჯორჯაძე ამბობს, რომ ლომიძე და ჯოხაძე მათ ოჯახში მივიდნენ და მოსთხოვეს, ხმა სალომე ზურაბიშვილისთვის მიეცათ, წინააღმდეგ შემთხვევაში მის სამხედრო მოსამსახურე შვილს პროებლემები შეექმნებოდა. ჯორჯაძე ასევე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა მას უთხრეს, რომ იგივე გადაეცა ხაჩიაშვილების ოჯახისთვის და ისიც გაეფრთხილებინა. ხაჩიაშვილების ოჯახის ორი შვილი სამხედრო მოსამსახურეა. გარდა ამისა, დამკვირვებლებისთვის სავარაუდო ზეწოლის შესახებ ინფორმაცია არჩევნების წინა ღამეს ცნობილი გახდა გურჯაანსა და დედოფლისწყაროშიც.


სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა საარჩევნო ოლქში ახორციელებს. „სამართლიანი არჩევნების“ სადამკვირვებლო მისია შედგება 800 საუბნო, 73 საოლქო საარჩევნო კომისიის დამკვირვებლისა და 78 მობილური ჯგუფისგან.

“სამართლიანი არჩევნები” , წინა არჩევნების მსგავსად, გამოაქვეყნებს პარალელური დათვლის შედეგებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი