ახალი ამბები

მგონია, ადამიანობა შერჩებათ და გაითვალისიწნებენ ყველაფერს – მაჩალიკაშვილი სარალიძის დაკავებაზე

26 ოქტომბერი, 2018 • 1370
მგონია, ადამიანობა შერჩებათ და გაითვალისიწნებენ ყველაფერს – მაჩალიკაშვილი სარალიძის დაკავებაზე

პანკისის ხეობაში მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი ინგოროყვას კლინიკაში იმყოფება. სწორედ აქ რამდენიმე საათის წინ გადმოიყვანეს აქციაზე დაკავებული ზაზა სარალიძე. როგორც მაჩალიკაშვილი განმარტავს, პოლიციელებმა სარალიძის პროვოცირება დაიწყეს, რაც საბოლოოდ მისი დაკავების მიზეზი გახდა.

“ყოველთვის ცდილობდნენ, რომ ან მე, ან ზაზა წამოვეგეთ პროვოკაციებზე. ვხვდებოდით, რომ ეს უნდა მომხდარიყო, ყველაფერს აკეთებდნენ საამისოდ. დღეს ზაზა მდგომარეობიდან გამოიყვანეს და ამის შემდეგ დააკავეს,” – ამბობს მაჩალიკაშვილი.

მისივე თქმით, სარალიძის დაკავებას არანაირი ახსნა არ აქვს და პოლიციელების მხრიდან აღნიშნული ქმედება არავითარ ჩარჩოში არ ჯდება.

“ახლა ვზივარ და ჩემთვის ვფიქრობ – არა მგონია, ამდენად არაადამიანები იყვნენ, რომ ზაზას თავისუფლება აღუკვეთონ. მაგას არ დავიჯერებ, ისევ მგონია, რომ რაღაც ადამიანობა შერჩებათ და გაითვალისიწნებენ ამ ყველაფერს,” – დასძენს მაჩალიკაშვილი.

როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, აქციები არ შეწყდება, ვინაიდან, მისი დაკავების შემთხვევაში, სარალიძე მას მარტო არ დატოვებდა.

“მეც ისევე მოვიქცევი. ბოლომდე მივიყვანთ ამ საქმეს. ზაზას აქვს მაღალი შაქარი, თან მე პირადად მეუბნებოდა, რომ გული აწუხებდა ბოლო დღეებში. მდგომარეობა არასტაბილურია, ამ მდგომარეობაში ასეთი გამწარებული ადამიანი, რომელიც ყოველდღე 2-3-ჯერ თავისი შვილის სასაფლაოზე ადის და იქ იწყნარებს ნერვებს… თუ ამას ნერვების დაწყნარება ჰქვია… ეს რომ ახლა ციხეში ჩასვან, ეს იქნება კაცობრიობის ისტორიაში, მე მგონი, ყველაზე დიდი დანაშაული,” – აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილი ნეტგაზეთთან საუბრისას.

პოლიციამ ზაზა სარალიძე დღეს დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე ჯოხით შეიარაღებული ზაზა სარალიძე თავს დაესხა პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველები ზაზა სარალიძეს კვლავ არ აძლევდნენ კარვის გაშლის უფლებას, რის გამოც შვილმოკლული მამა მათ ფიზიკურად დაუპირისპირდა.

დაკავების შემდეგ სარალიძე შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაიყვანეს, სადაც შეუძლოდ გახდა და ამჟამად ინგოროყვას კლინიკაში იმყოფება.

ზაზა სარალიძე 10 თვეზე მეტია მისი შვილის, დავით სარალიძის მკვლელების პოვნასა და დასჯას ითხოვს, რაც ამ დრომდე არ გაკეთებულა. შვილმოკლული მამა რამდენიმე თვეა ამ მოთხოვნით პარლამენტის წინ საპროტესტო აქციებს მართავს. მას სამართალდამცავები კარვის გაშლის საშუალებასაც არ აძლევდნენ, რაც არაერთხელ გააკრიტიკეს როგორც ომბუდსმენმა, ისე უფლებადამცველებმა. მათი თქმით, პროტესტის გამოხატვისას კარვის გაშლა კანონიერია და ეს უფლება სარალიძეს არ უნდა შეეზღუდოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი