ახალი ამბები

ბოლტონი: არის გარკვეული დონე კორუფციისა, მაგრამ ეს შეესაბამება მსოფლიოში არსებულ დონეს

26 ოქტომბერი, 2018 • 1998
ბოლტონი: არის გარკვეული დონე კორუფციისა, მაგრამ ეს შეესაბამება მსოფლიოში არსებულ დონეს

“საქართველოში არის კორუფციის გაკრვეული დონე, მაგრამ ის მსოფლიოში და მათ შორის ამერიკაში არსებულ კორუფციის დონეს შეესაბამება”, – ამბობს აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონი.

ბოლტონის თქმით, ამ საკითხზე ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენლებთან გამართულ მოკლე შეხვედრაზე ისაუბრა:

“კორუფციის ალაგმვა თავისთავად საჭირო რამ არის. ეს არ არის აბსტრაქტული რამ აშშ-ისთვის. ჩვენ აღვიქვამთ ამას კონკრეტულ პრიზმაში. ამერიკული კომპანიებისთვის კორუფციის გარემო ართულებს თავისუფალ საქმიანობას. შესაბამისად, ჩვენ ამას აღვიქვამთ ამერიკული ინტერესების საგნად.

საკმაოდ მოკლე შეხვედრა მქონდა ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენლებთან, სადაც დავუსვი კიდეც კითხვა, როგორია აღქმა კორუფციასთან დაკავშირებით. მოკლედ რომ შევაჯამო, არის გარკვეული დონე კორუფციისა, მაგრამ ეს დონე შეესაბამება მსოფლიოში არსებულ, მათ შორის აშშ-ში, არსებულ კორუფციის დონეს”, – განაცხადა ტრამპის მრჩეველმა “რადიო თავისუფლების” კითხვის პასუხად, რომელიც საქართველოში “სახელმწიფოს მიტაცების” მზარდი ნიშნების არსებობის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობის” ბერლინის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებას უკავშირდებოდა.

გარდა ამისა, ბოლტონმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიულ პარტნიორობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობები მთელ რიგ ასპექტებში ძალზედ მტკიცე და ღრმაა:

“სამხედრო უსაფრთხოების სფეროში ვაპირებთ განვაგრძოთ ამ მხრივ გაძლიერება ორმხრივი ურთიერთობებისა. ვაშინგტონში განვიხილავთ, კიდევ რა კუთხით შეიძლება ამ ურთიერთობების გაძლიერება.

მათ შორის, ეკონომიკური მხარეც. საქართველოს მთავრობასთან შეხვედრისას არაერთხელ აღინიშნა დაინტერესება, რომ საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ჰქონდეს აშშ-თან და ხელი შეეწყოს ვაჭრობასა და ინვესტიციას, ამასაც განვიხილავთ ჩვენ”, – თქვა ბოლტონმა.

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის მრჩეველიმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსთან ურთიერთობას. მისი თქმით, ამერიკისთვის საქართველო უმაღლესი სტრატეგიული ინტერესის ქვეყანაა:

“მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო, თუ რამდენად მტკიცე იყო აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საბჭოთა კავშირის რღვევის შემდეგ. ჩვენი ეს პოზიცია არ შეცვლილა”, – თქვა ბოლტონმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

ჯონ ბოლტონმა თავისი ოფიციალური ვიზიტი 20 ოქტომბერს მოსკოვში დაიწყო, რის შემდეგაც ესტუმრა აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს, სადაც უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა.

მასალების გადაბეჭდვის წესი