ახალი ამბები

როგორ ებრძვიან საპრეზიდენტო კანდიდატებს ფეისბუკზე – კვლევა

26 ოქტომბერი, 2018 • 2354
როგორ ებრძვიან საპრეზიდენტო კანდიდატებს ფეისბუკზე – კვლევა

წინასაარჩევნო პერიოდში სოციალური მედიის მეშვეობით წარმართული კამპანია ISFED-მა [სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება] შეისწავლა და შესაბამისი კვლევა დღეს, 26 ოქტომბერს, გამოაქვეყნა. ორგანიზაციის კვვლევაში პარტიებისა და კანდიდატების მხირდან აგიტაციის წესების დარღვევა, ადმინისტრაციული რესურსის არამიზნობრივად გამოყენება, მადისკრიმინირებელი გვერდების, საარჩევნო სუბიექტების მხრიდან ქსენოფობიური, ჰომოფობიური და ანტილიბერალური მესიჯების გავრცელების სიხშირე და შინაარსი შეფასდა.

კვლევის ფარგლებში შეისწავლეს პოლიტიკური სუბიექტების ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული აქტივობები. როგორც კვლევის ავტორები განმარტავენ, სოციალურ მედიებს შორის სწორედ ფეისბუქია ის პლატფორმა, რომელსაც წინასაარჩევნოდ ყველაზე ხშირად იყენებდნენ.

კანდიდატების, პარტიებისა და საჯარო დაწესებულებების აქტივობა ფეისბუქზე

როგორც ორგანიზაცია განმარტავს, საარჩევნო სუბიექტების სოციალურ მედიაში აქტივობის მონიტორინგის მიზნით, “სამართლიანი არჩევნები” აკვირდებოდა ძირითადი საპრეზიდენტო კანდიდატების, მათი წარმდგენი/მხარდამჭერი პოლიტიკური პარტიებისა და კამპანიის 19 ოფიციალურ გვერდს. საანგარიშო პერიოდი მოიცავდა 29 აგვისტოდან 9 ოქტომბრამდე პერიოდს.

კვლევის თანახმად, 25 ოქტომბრის მდგომარეობით, ეს 19 გვერდი, ჯამში, მოწონებული აქვს 157 905 ფეისბუქ-მომხმარებელს. ამ გვერდების მეშვეობით, 1-ლი ივნისიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით, გამოქვეყნებულია 542 პოსტი.

“სამართლიანი არჩევნების” მიხედვით, კანდიდატებისა და პარტიების უმრავლესობა ფეისბუქის ოფიციალურ გვერდებზე საკუთარი პოლიტიკური ხედვების და პროგრამის გავრცელებითაა დაკავებული.

მათი უმრავლესობა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს ან დაპირებებს არ შეიცავს. თუმცა, ამ მხრივ, გამონაკლისს წარმოადგენს “გირჩი” და ზურაბ ჯაფარიძე, რომლებმაც არჩევნებთან დაკავშირებით ტოტალიზატორის მოწყობის მოწოდებები გაავრცელეს, რაც, ორგანიზაციის განმარტებით, კანონსაწინააღმდეგო გზავნილებს შეიცავდა.

ამასთანავე, ISFED-ის თანახმად, კანდიდატებისა და პარტიების ფეისბუქ-გვერდებზე ძირითადად არ გვხვდება მულტიმედიური ფოტო-ვიდეომანიპულაციები, რომლებიც მიმართულია სხვა კანდიდატებისა და პარტიების დისკრედიტაციისკენ. თუმცა ამ თვალსაზრისით გამონაკლისს წარმოადგენს ოპოზიციური პარტიების გაერთიანების კამპანიის გვერდი “ძალა ერთობაშია”, რომლის გვერდზეც ხშირად ქვეყნდება სალომე ზურაბიშვილის დამცინავი პოსტები.

როგორც ISFED აცხადებს, ფეისბუქზე საპრეზიდენტო კანდიდატების – შალვა ნათელაშვილისა და კახა კუკავას – კამპანიის მნიშვნელოვანი ნაწილი ორიენტირებულია ქსენოფობიური და სიძულვილის ენის შემცველი მოწოდებების გავრცელებაზე.

საჯარო უწყებების აქტოვობები

რაც შეეხება საჯარო დაწესებულებებს, “სამართლიანი არჩევნების” მონიტორინგში ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს, ასევე აჭარის ა/რ-ის ორგანოების 98 ფეისბუქგვერდი მოხვდა. საანგარიშო პერიოდი 1 ივნისიდან 18 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავდა. 

კვლევის თანახმად, მუნიციპალიტეტების გვერდები არ ავრცელებდნენ პოლიტიკური პარტიების აქტივობებს და მათ მიერ გამოქვეყნებულ რაიმე სახის ინფორმაციას. თუმცა გამონაკლისებს შორის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და თბილისი მერიის ოფიციალური გვერდები მოხვდნენ.

ნინოწმინდის შემთხვევაში, გვერდზე, რომელიც პირადი ანგარიშის სახელით არის გახსნილი და არ არის ორგანიზაციის გვერდი, სალომე ზურაბიშვილისთვის ნინოწმინდის მოსახლეობასთან შეხვედრის ამსახველი ინფორმაცია გავრცელდა. რაც შეეხება თბილისის მერიის ფეისბუქგვერდს, აქ  27 სექტემბერს გამოქვეყნდა სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ქალაქის მერის მიერ გმირთა მემორიალთან გამართული ღონისძიების ამსახველი ფოტომასალა, რომელზეც, ასევე, სალომე ზურაბიშვილი ფიგურირებდა.

ორგანიზაციის მონიტორინგში იმერეთის მუნიციპალიტეტების ფეისბუქგვერდების არამიზნობრივად გამოყენების შემთხვევები გამოვლინდა. 16 სექტემბერს იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების 13 გვერდზე გააზიარეს პოსტი ქუთაისის მერის, გიორგი ჭიღვარიას ფეისბუქგვერდიდან, რომელშიც იგი აფასებდა “რუსთავი 2”-ზე გასულ სიუჟეტს (იტალიურ გამოფენაზე შესრულებული ქუთაისის მერის პორტრეტის შესახებ), როგორც “მცდარ ინფორმაციას” და “ოპოზიციის მიზანმიმართულ მცდელობას, რომ მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანოს.” სიუჟეტში საუბარია, რომ ერთ-ერთი მხატვარი ქუთაისის ბიუჯეტის დაფინანსებით მილანში გამოფენაში მონაწილეობდა, სადაც გამოიფინა ქუთაისის მერის პორტრეტი.

პრეზიდენტობის კანდიდატების წინააღმდეგ მოქმედი დისკრედიტაციული გვერდები

როგორც კვლევაში ვკითხულობთ, ქართულ ფეისბუქსივრცეში შექმნილია ანონიმური გვერდები, რომელთა მიზანს კანდიდატების, პოლიტიკური პარტიების, ლიდერების, პოლიტიკურად აქტიური პირების ან ზოგადად, მიმდინარე და აქტუალური პოლიტიკური პროცესის დისკრედიტაცია წარმოადგენს.

ნეტგაზეთმა კვლევისგან მხოლოდ სალომე ზურაბიშვილის, გრიგოლ ვაშაძისა და დავით ბაქრაძის მონაცემები ამოიღო, ვინაიდან, ბოლო პერიოდის კვლევების მიხედვით, სწორედ ისინი არიან ყველაზე რეიტინგული კანდიდატები.

“სამართლიანი არჩევნების” მონიტორინგში ასევე მოხვდა ის ანონიმური გვერდებიც, რომელთა მიზანს კანდიდატების ან პოლიტიკური პირების დისკრედიტაცია წარმოადგენს. საკვლევ პერიოდში, რომელიც 1 ივნისიდან 18 ოქტომბრამდე ვადას მოიცავს, ასეთი 54 გვერდი გამოვლინდა.

ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ უშუალოდ საპრეზიდენტო კანდიდატების წინააღმდეგ მიმართული გვერდები ძირითადად შექმნილია მიმდინარე წელს, ხოლო პოლიტიკური პარტიების დისკრედიტაციაზე მიმართული გვერდების შექმნის თარიღები უმეტესწილად ემთხვევა საარჩევნო წლებს. მათივე თქმით, ასეთი გვერდების მიერ გავრცელებული კონტენტის უმრავლესობა დასპონსორებულია.

სალომე ზურაბიშვილისა და “ქართული ოცნების” წინააღმდეგ მოქმედი გვერდები

“სამართლიანი არჩევნების“ მიერ ქართულ ფეისბუქსივრცეში აღმოჩენილია 26 ფეისბუქგვერდი, რომელთა მიზანს “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის დისკრედიტაცია წარმოადგენს. ზემოაღნიშნული 26 გვერდს, ჯამში, 452 572 მომწონებელი ჰყავს.

26 გვერდიდან 14 შექმნილია 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ ახლო პერიოდში და  წარსულში წარსულში იყო “ქართული ოცნების” დისკრედიტაცია. დანარჩენი 12 გვერდის შექმნა ემთხვევა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ციკლის დაწყებას.  ივნისიდან 18 ოქტომბრის ჩათვლით, გვერდების მიერ გაზიარებულია, ჯამში, 10 538 პოსტი.

შესწავლილ ფეისბუქგვერდებზე მადისკრედიტირებელი მესიჯები საარჩევნო ციკლის დაწყებისას მიმართული იყო ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, ხოლო მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილს მმართველმა პარტიამ მხარდაჭერა გამოუცხადა, მესიჯები შეიცვალა და უმეტესად გარდაისახა სალომე ზურაბიშვილის საწინააღმდეგო კამპანიაში. ძირითადი მესიჯებს შორის, რომელსაც გვერდები ავრცელებენ, რუსეთთან კავშირი, მარიხუანის კულტივაციისა და ქართული ენის არასათანადო ცოდნის საკითხები შედიოდა.

გრიგოლ ვაშაძისა და ენმ-ის წინააღმდეგ მოქმედი გვერდები

“სამართლიანი არჩევნებისდაკვირვებით, გრიგოლ ვაშაძისა და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დისკრედიტაციის მიზნით, ფეისბუქზე მოქმედებს 27 გვერდი. მათ, ჯამში, 403 417 მომწონებელი ჰყავთ. 1-ლი ივნისიდან 18 ოქტომბრის ჩათვლით, გვერდების მიერ გამოქვეყნებული პოსტების რაოდენობაა 4 766.

გრიგოლ ვაშაძისა და ენმ-ის მადისკრედიტირებელი გვერდების მთავარი მესიჯები ძირითადად უკავშირედება მიხეილ სააკაშვილის, გრიგოლ ვაშაძის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ისა და ნიკა გვარამიას საწინააღმდეგო პროპაგანდას.

ორგანიზაციის თქმით, მადისკრედიტირებელი, შეურაცხმყოფელი და უხამსი შინაარსის პოსტების გარდა, ამ გვერდებით ვრცელდება ჰომოფობიური და ქსენოფობიური შინაარსის შემცველი ინფორმაცია.

დავით ბაქრაძისა და “ევროპული საქართველოს” წინააღმდეგ მოქმედი გვერდები

IFED-ის დაკვირვებით, დავით ბაქრაძისა და “ევროპული საქართველოს” წინააღმდეგ მოქმედებს 7 გვერდი, რომლებსაც, ჯამში, 25 538 მომწონებელი ჰყავს. 1-ლი ივნისიდან 18 ოქტომბრამდე პერიოდში, ამ გვერდებზე გამოქვეყნებული იყო 630 პოსტი.

როგორც ISFED წერს, დავით ბაქრაძისა და ევროპული საქართველოს დისკრედიტაციის მიზნით მოქმედი ჯგუფების სტრატეგია ერთმანეთისგან განსხვავდება. გვერდების ნაწილის პროპაგანდა მიმართულია ბაქრაძისა და “ევროპული საქართველოს” “ქართული ოცნების” სატელიტ პოლიტიკურ ძალად წარმოსაჩენად, ხოლო გვერდების მეორე ნაწილის მოქმედების სტრატეგია მიზნად ისახავს აღნიშნული კანდიდატისა და პარტიის მიხეილ სააკაშვილთან და “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან” გაიგივებას.

ცალკეული გვერდები, რომელთა საქმიანობა მიმართულია გრიგოლ ვაშაძის წინააღმდეგ, ასევე თავს ესხმის ბაქრაძესა და “ევროპულ საქართველოს.” 

ამავე თემაზე

როგორ ამართლებენ ზურაბიშვილის სასარგებლო ფეისბუკ-აგიტაციას ჩინოვნიკები

მასალების გადაბეჭდვის წესი