ახალი ამბები

როგორ ამართლებენ ზურაბიშვილის სასარგებლო ფეისბუკ-აგიტაციას ჩინოვნიკები

23 ოქტომბერი, 2018 • 2382
როგორ ამართლებენ ზურაბიშვილის სასარგებლო ფეისბუკ-აგიტაციას ჩინოვნიკები

საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და საარჩევნო კომისიებში დასაქმებულთა  მიერ სამუშაო საათებში წინასაარჩევნო აგიტაციის შესაძლო გაწევის თაობაზე 17 საჩივარი შევიდა.

სადამკვირვებლო ორგანიზაციების განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულებმა სამუშაო საათებში პირად ფეისბუკზე პრეზიდენტობის კანდიდატების მხარდასაჭერი ინფორმაცია გააზიარეს.  16 შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილის, 1 შემთხვევაში კი გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერი პოსტები გაავრცელეს, თუმცა ცესკომ არცერთი ამგვარი საჩივარი არ დააკმაყოფილა.

საქართველოს საარჩევნო კოდექსი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში დასაქმებულ საჯარო მოხელეებს აგიტაციაში მონაწილეობას უკრძლავას, სახელმწფო ქონებით (სახელმწიფოს/ადმინისტრაციული ერთეულის ბიუჯეტით დაფინანსებული ინტერნეტით და ტექნიკით) სარგებლობას კი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად აფასებს.

თუმცა ამ პირების უმეტესობა საჩივრების საპასუხოდ აცხადებს, რომ მათი ფეისბუკ გვერდი ოჯახის წევრებმა გამოიყენეს. ისინი კი, ვინც ამბობენ, რომ პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდასაჭერი პოსტი თავად გააზიარეს, აცხადებენ, რომ ამ პერიოდში ან სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდნენ, ან კუთვნილი ტექნიკა და მათ მიერვე ნაყიდი ინტერნეტი გამოიყენეს.

მაგალითისთვის, ერთ-ერთი ასეთი საჩივრის მიხედვით, ISFED ითხოვდა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მეორადი სტრუქტურული ერთეულის საორგანიზაციო და საქმისწარმოების განყოფილების უფროსის, ნინო ფიროსმანაშვილის დაჯარიმებას, რომელიც სალომე ზურაბიშვილის პირად ნომერს და შეხვედრებთან დაკავშირებულ ინფორმაციას აქვეყნებდა.

ცესკოსთვის გაგზავნილ წერილში ფალავანდიშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნული პოსტი თავად გააზიარა, თუმცა ამ პერიოდში შვებულებაში იმყოფებოდა და გამოიყენა პირადი მობილური ტელეფონი, რომლისთვისაც მობილური ინტერნეტი პირადი სახსრებით შეიძინა.

გარდაბნის მერის მოადგილე რევაზ ეგაძე  კი აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის რიგითი ნომრის გაზიარებისას აზერბაიჯანში იმყოფებოდა და საკუთარი მობილური ტელეფონი და სასტუმროს უსადენო ინტერნეტი გამოიყენა.

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელთა კოორდინაციის განყოფილების თანამშრომელი გივი ჩხანაშვილი ISFED-ის საჩივრის საპასუხოდ აცხადებს, რომ  სალომე ზურაბიშვილის რიგით ნომრის გაზიარებაზე სამუშაო დროის  3-4 წამი დაკარგა. ადმინისტრაციული რესურსი კი არ გამოუყენებია, რადგან  პირადი მობილურით სარგებლობდა, რომლის ბალანსს თავად ავსებს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე  მაიზერ ნანავა, რომელმაც ანალოგიურად  სალომე ზურაბიშვილის რიგითი ნომერი  პირად ფეისბუკ გვერდზე გააზიარა, ამბობს, რომ  ეს საკუთარი ტელეფონით გააკეთა, ინტერნეტპაკეტის შესაძენად კი თანხა ბიუჯეტიდან არ ერიცხება.

ISFED-ის საჩივრის საპასუხოდ, ბორჯომის მუნიციპალიტეტის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი დავით ზაალიშვილი ამბობს, რომ ზურაბიშვილის რიგითი ნომერი და შეხვედრებთან დაკავშირებული ინფორმაცია მის ფეისბუკ გვერდზე არა მან, არამედ მეუღლემ გააზიარა ოჯახის ტექნიკით.

ხონის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ილია ყუფარაძე კი აცხადებს, რომ მის ფეისბუკ გვერდს ცოლი და შვილები იყენებენ, პოსტიც მათ გააზიარეს ოჯახის საკუთრებაში არსებული კომპიუტერით. ყუფარაძის თქმით, მას სამსახურიდან მობილური ტელეფონის ანგარიშზე თანხა ერიცხება, თუმცა ინტერნეტპაკეტის შესაძენად არ იყენებს, რადგან მის ტელეფონს ეს ფუნქცია არ აქვს. ამის დასადასტურებლად საარჩევნო ადმინისტრაციას ტელეფონის ფოტოც კი გაუგზავნა.

ცესკოს საჩივრით მიმართა საიამაც წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 58-ე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ ზურაბიშვილის მხარდამჭერი პოსტის ფეისბუკზე გაზიარების გამო. ცესკოსთვის გაგზავნილ წერილში ქრისტინა ქუთათელაძე განმარტავს, რომ პოსტი მისი ანგარიშიდან მისმა ქმარმა სახლის კომპიუტერიდან გააზიარა.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების მართვის განყოფილების უფროსი ლაშა ქურდიანი კი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო შეხვედრებზე ინფორმაცია მისი ანგარიშიდან მისმა ძმამ გააზიარა პირადი მობილური ტელეფონით.

ISFED-მა საჩივრით ცესკოს ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობის და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მიერ ზურაბიშვილის მხარდასაჭერი ფოტოების გავრცელებაზეც მიმართა.  დავით ჯგერენაია განმარტავს, რომ პოსტის გაზიარების დროს შვებულებაში იმყოფებოდა და პირადი ტექნიკა და ინტერნეტი გამოიყენა.

დმანისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ბადრი სუბარი კი აცხადებს, რომ ის პოლიტიკური თანამდებობის პირია, შესაბამისად, საარჩევნო კოდექსის შეზღუდვა აგიტაციაში მონაწილეობასთან დაკავშირებით არ ეხება, თუმცა არც ადმინისტრაციული რესურსი გამოუყენებია, რადგან სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო შეხვედრებზე ინფორმაცია პირადი ტექნიკით და ინტერნეტით გაავრცელა.

ახალქალაქის მერის მოადგილე არმენ მარგოზიანის თქმით კი, ზურაბიშვილის შეხვედრებზე ინფორმაცია მისმა ცოლმა ოჯახის ტექნიკით გააზიარა მის ფეისბუკ გვერდზე. ხოლო ოზურგეთის   მე-60 საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი მზია წერეთელი, რომლის ფეისბუკ გვერდზეც ISFED-ის დამკვირვებლებმა გრიგოლ ვაშაძის წინასაარჩევნო ვიდეორგოლი შენიშნეს, ამბობს, რომ ვიდეო მისმა შვილმა გააზიარა ტელეფონიდან, რადგან ეგონა, თავის ფეისბუკ გვერდზე იყო შესული.

მსგავსი შინაარსის საჩივრით ცესკოს “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომაც” მიმართა. TI-ს თქმით, ზუგდიდის მერის წარმოამდგენელი სოფელ ჯიხაშკარში ავთანდილ მარღიამ სალომე ზურაბიშვილის წინასააარჩევნო კამპანიის შემცველი მასალა პირად ფეისბუკ გვერდზე გააზიარა. საპასუხოდ მარღია ამბობს, რომ პირადი მობილურით და ინტერნეტით ისარგებლა, მოწოდება კონკრეტული კანდიდატის მხარდასაჭერად კი არ გაუკეთებია.

მსგავსი საჩივარი დაიწერა  ბათუმის საკრებულოს აპარატის უფროს რაულ ბოლქვაძეზეც, რომელმაც სალომე ზურაბიშვილის კამპანიის შემცველი მასალა გაავრცელა პირად ფეისბუკ გვერდზე, თუმცა ისიც აცხადებს, რომ ადმინისტრაციული რესურსი არ გამოუყენებია.

ქედის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გურამ ბერიძე  კი ამბობს, რომ ტელეფონი სახლში დარჩა და  სალომე ზურაბიშვილის რიგითი ნომერი მისმა შვილიშვილებმა გააზიარეს.

თელავის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის განყოფილების უფროსი ვაჟა ლეშკაშელი კი ამბობს, რომ იმ დროს, როცა სალომე ზურაბიშვილის რიგითი ნომერი და შეხვედრის ამსახველი ფოტომასალა გააზიარა, თავისუფალი დღით სარგებლობდა, სამსახურში არ იყო და არც სამსახურებრივი ტექნიკით სარგებლობდა.  გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი ზაქარია ნასყიდაშვილი კი ადასტურებს, რომ ზურაბიშვილის შეხვედრასთან დაკავშირებით ინფორმაცია თავად გააზიარა, თუმცა სამსახურის ტექნიკისა და რესურსების გამოყენებას უარყოფს.

აღნიშნული საჩივრებიდან ცესკომ არცერთი დააკმაყოფილა, რადგან არ მიიჩნია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად. ამასთან, ცესკომ მიიჩნია, რომ მსგავსი ტიპის აქტივობებისას  პრაქტიკულად სამუშო დრო არ იკარგება და აღნიშნულმა პირებმა ამისთვის პირადი რესურსები გამოიყენეს.

“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” (ISFED) დირექტორი მიშა ბენიძე საარჩევნო ადმინისტრაციის გადაწყვეტილებებს ამ ტიპის საჩივარებზე ნეგატიურად აფასებს. ბენიძის თქმით,  სახლემწიფოს არ აქვს ადეკვატური რეაგირება აგიტაციის წესების დარღვევაზე და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევებზე.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ გამამართლებელი არგუმენტების ასე მარტივად მიღება, თითქოს მართლაც ადგილი ჰქონდა მესამე პირების მიერ სამუშაო საათებში ამ ქმედების ჩადენას, ერთგვარი პასუხისმგებლობის არიდებაა, რაც საჯარო სექტორში დასაქმებულთა მისამართით ცუდ მესიჯს აგზავნის:

“ჩვენ რასაც ვხედავთ საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან მიღებულ გადაწყვეტილებებს, პრაქტიკულად ყველა შემთხვევაში მითითებული არის, რომ ან ოჯახის წევრმა გააზიარა, ან მას არ ჰქონდა საკუთარი ტელეფონი და სხვა პირი იყენებდა იმ კონკრეტულ მომენტში. ეს არის ცოტა არასერიოზული. შეიძლება ერთი და ორი ასეთი გამონაკლისი არსებობდეს, მაგრამ როდესაც მასშტაბურად, პრაქტიკულად, შაბლონურ პასუხებს ვხედავთ, ეს ასევე მიუთითებს იმაზე, რომ ერთი მხრივ, საჯარო სექტორი, მეორე მხრივ, საარჩევნო ადმინისტრაცია საკმარისად სერიოზულად არ უდგება ამ საკითხს”, – ამბობს ბენიძე.

ISFED-ის დირექტორის თქმით, მსგავსი ტენდენციები ორგანიზაციამ წინა არჩევნებზეც შენიშნა. კერძოდ, ბენიძის თქმით, გასულ წელს საგანმანათლებლო რესურს ცენტრების ხელმძღვანელები აქტიურობდნენ:

 “ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო არის სხვადასხვა საპასუხისმგებლო პოზიციაზე მყოფი პირების მხრიდან ასეთი აგიტაცია. ხშირ შემთხვევაში ეს აღიქმება, როგორც ერთგვარი ინსტრუქცია დაქვემდებურებული პირებისადმი. იმ ადამიანებისადმი, რომლებიც მუშობენ ან რომელთა მიმართაც გარკვეული ძალაუფლება გააჩნიათ, რომ ეს არის ის კანდიდატი თუ ის პოლიტიკური პარტია, რომელსაც მხარი უნდა დაუჭირონ ამ პირებმა.

ეს ჩვენ შარშანაც ვნახეთ. მაგალითად, საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელები ხშირად იყვნენ ჩართულნი პარტიულ აგიტაციაში. რესურსცენტრები ზოგადად მიიჩნევა საგანმანათლებლო სფეროს მაკოორდინირებელ უწყებად რეგიონში და ამიტომ იმ რეგიონის მასწავლებლებში ხშირად მიიჩნევა, რომ რესურსცენტრის ხელმძღვანელი მათი არაპირდაპირი ხელმძღვანელია. ასეთი სახის მითითება პრაქტიკულად ნიშნავს… თან როცა რეგიონებში საჯარო სექტორი და განათლების სფერო ხშირად ერთადერთი დამსაქმებელია, ხშირ შემთხვევაში ამ დასაქმებულ პირებს უჩნდებათ განცდა, რომ თუ ისინი არ იზიარებენ ამ პოზიციას, შეიძლება პრობლემები შექმნათ სამსახურებრივ საქმიანობაში”, – ამბობს ბენიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი