პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის თქმით, ზაზა სარალიძე, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” კოორდინატორი იყო, რუსთაველზე ამ პარტიას “უნახავს ადგილს”.
ამის შესახებ ივანიშვილმა ჟურნალისტებთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა, სადაც ვახო ხუზმიაშვილმა მიაწოდა ინფორმაცია ზაზა სარალიძის დაკავების შესახებ. ივანიშვილის თქმით, არ იცის, დღეს რა მოხდა, მაგრამ ხორავას ქუჩის საქმეზე ვერ ხედავს, რომ ხელისუფლება არაადეკვატურად მოიქცა.
“კიდევ ერთხელ მივუსამძიმრებ, ძალიან ვწუხვართ მთელი საქართველო იმ ტრაგედიის გამო, რაც მოხდა, მაგრამ მე ბატონ ზაზას ვთხოვდი, კეთილი ინებოს… ასე პოლიტიზირება არ შეიძლება. ის, რომ ადგილს უნახავს რუსთაველზე „ნაციონალურ მოძრაობას“, ხომ ყველამ ვიცით? ის კარავი რისთვის დგას? ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა ამ საქმეზე, მთავარი პროკურორი გადადგა, თუმცა ამის აუცილებლობა საერთოდ არ იყო. მე ვთხოვდი ბატონ ზაზას, რომ ხელს ნუ შეუშლის [სასამართლოს], არ არის ეს ზეწოლა ნორმალური, არ იმსახურებს დღევანდელი ხელისუფლება ამას, რაც ხდება. არ არის საჭირო ქუჩა. დაველოდოთ ჯერ კიდევ ყველაფერს, სამართალი გრძელდება, სასამართლოს ვაცალოთ მუშაობა”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ბიძინა ივანიშვილი უზნეობად მიიჩნევს დავით სარალიძის მკვლელობის საქმის გირგვლიანის შემთხვევასთან შედარებას, რომელიც მისი თქმით, ხელისუფლებამ მოკლა და შემდეგ მკვლელებს ხელს აფარებდა.
“მე კიდევ ერთხელ ვუთანაგრძნობ ბატონ ზაზას, მაგრამ ასე არ შეიძლება. განა კარგად არ ვიცით, რომ ეს პოლიტიზირებულია “ნაციონალებისგან”? ხომ კოორდინატორი იყო “ნაციონალური მოძრაობის”? შეიძლება შვილის ტრაგედია აქ გადავიტანოთ? ის კარავი რათ უნდა, რომ ააგო იქ? რატომ გადადო “ნაციონალურმა მოძრაობამ”, სამდღიანი მიტინგი რომ ჰქონდათ გამოცხადებული? კარგად იმუშავეს სამართალდამცველებმა. უკაცრავად, ზაზა სარალიძე პირველი ნომერი იყო იმ მსხვერპლში, რასაც გეგმავდნენ და წარმოიდგინეთ, რა ტრაგედია დატრიალდებოდა. სამართალდამცველებმა მოახერხეს პროცესის პრევენცია”, – განაცხადა ივანიშვილმა.
ამასთან, ბიძინა ივანიშვილმა ბოდიში მოუხადა პოლიციას, რომელიც იტანს შეურაცხყოფას.
ვიდეო ▶ პარლამენტთან ზაზა სარალიძე და მისი თანმხლები რამდენიმე პირი დააკავეს