ახალი ამბები

იმერეთში გამგებლობის კანდიდატები “ქართული ოცნებიდან” ღარიბაშვილმა წარადგინა

3 მაისი, 2014 •
იმერეთში გამგებლობის კანდიდატები “ქართული ოცნებიდან” ღარიბაშვილმა წარადგინა

“ქართული ოცნებიდან” ქუთაისის მერობის კანდიდატი შოთა მურღულია იქნება, სამტრედიაში კენჭს ვალერი ფოცხვერია  იყრის, ხონში – ჯემალ მებუკე, ვანში – ზაზა ხურციძე, ბაღდათში – ირაკლი გეგეშიძე, წყალტუბოში – კონსტანტინე მამისეიშვილი, ჭიათურაში – სულხან მახათაძე, ზესტაფონში – ტარიელ თუთარაშვილი, თერჯოლაში – თემურ ჯაფარიძე, ტყიბულში – რობინზონ გვენეტაძე, ხარაგაულში – კობა ლურსმანაშვილი, ხოლო საჩხერეში – მალხაზ ბადაძე.


“დარწმუნებული ვარ, ჩვენი კანდიდატები ღირსეულად იბრძოლებენ თვითმმართველობის არჩევნებში და დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებენ. მინდა ვუსურვო თითოეულ მათგანს წარმატებები ამ ბრძოლაში. ასე რომ, მოემზადეთ ჩვენი საბოლოო გამარჯვებისთვის. ჩვენ დამაჯერებლად გავიმარჯვებთ. მთელი ძალაუფლება ჩვენს ხელში, ხალხის ხელში იქნება და ამ ძალით და განახლებული ენერგიით ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს შენებას და გაძლიერებას შევუდგებით,” – განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

მისივე თქმით, ქუთაისმა უნდა დაიბრუნოს დიდი კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრის ფუნქცია, ხოლო ქუთაისელ ახალგაზრდებს ყველა პირობა უნდა ჰქონდეთ იმისათვის, რომ განვითარდნენ, დაისვენონ, გაერთონ და საკუთარ ქალაქში შეძლონ თავიანთი შესაძლებლობების რეალიზება:

“ჩვენ, თქვენთან ერთად, შევიმუშავებთ ქუთაისის განვითარების გეგმას, პირველ რიგში, გავითვალისწინებთ ქუთაისის სამრეწველო პოტენციალს, აუცილებლად გამოვიყენებთ იმ საინჟინრო კორპუსს, რომელიც კიდევ იტყვის თავის სიტყვას.

იმერეთი მდიდარია კულტურულ-ისტორიული ძეგლებით და ამიტომ ძალიან სერიოზული პერსპექტივა აქვს ტურიზმის განვითარებას. მთავრობა ამაში ყოველმხრივ შეგიწყობთ ხელს, რადგან ეს ყველაფერი ქუთაისისა და თითოეული ქუთაისელის და იმერეთის მკვიდრის ბიუჯეტზე აისახება, გაზრდის თქვენს შემოსავლებს.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ ეკოლოგიაზე ზრუნვას. გარემო უბრალოდ მიწა და წყალი არ არის, ეს მიწა-წყალი ჩვენმა წინაპრებმა სისხლის ფასად დაგვიტოვეს და ჩვენამდე მოიტანეს. მასზე ზრუნვა ყველა ჩვენგანის ვალია. ვიცი, ეს საკითხი ძალიან მწვავედ დგას იმერეთში – ზესტაფონში, ჭიათურაში, ტყიბულში – და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოვაგვაროთ,” – აღნიშნა ღარიბაშვილმა.


საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს დილიდან იმყოფება იმერეთის რეგიონში, მან მოსახლეობას შეხვედა ზესტაფონსა და თერჯოლაში, ხოლო შემდეგ რამდენიმე ღონისძიება გამართა ქუთაისში.

ქუთაისის მერია
ქუთაისის მერია

მასალების გადაბეჭდვის წესი