არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” (ISFED) 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის მესამე შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშში 1-24 ოქტომბრის პერიოდს მოიცავს.
როგორც დოკუმენტში წერია, ISFED-ის დამკვირვებლებისთვის სხვადასხვა რეგიონში ცნობილი გახდა, რომ საჯარო სამსახურებში და მუნიციპალიტეტების ა(ა)იპ-ებში დასაქმებულ პირებს ხელმძღვანელი თანამდებობის პირები ავალებენ ე.წ. „მხარდამჭერთა სიების“ შეგროვებას:
“დამკვირვებლების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების მიხედვით, ასეთი სიებში მიეთითება ადგილობრივ საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა ნათესავების და ახლობლების სახელი, გვარი, პირადი ნომერი, რეგისტრაციის მისამართი, საარჩევნო უბნის ნომერი. სიის შემდგენ პირს ევალება უზრუნველყოს, რომ სიაში ჩამოთვლილი პირები ხმას „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს მისცემენ. აღნიშნული ფაქტები, ზეწოლისა და იძულების გარდა, ასევე შეიცავს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნებს”, – ვკითხულობთ ანგარიშში.
ორგანიზაციის განცხადებით, ასევე დაფიქსირდა ზეწოლისა და იძულების სხვა შემთხვევებიც, მათ შორის, სოციალურად დაუცველი მოქალაქეების მიმართ დახმარებების მოხსნის მუქარა, თუ ისინი „ქართული ოცნების“ კოორდინატორებს სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას არ დაუდასტურებენ.
ორგანიზაციის განცხადებთ, ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა ქობულეთში, სადაც მუნიციპალიტეტის მერიასა და ა(ი)იპ-ებში დასაქმებულ პირებს „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას აიძულებენ.
ორგანიზაციის განცხადებით, მათი დავალებით თანამშრომლებს დაურიგდათ წინასწარ გამზადებული ცარიელი ბლანკები, რომელშიც 15-20 მხარდამჭერის პერსონალური მონაცემები უნდა შეაგროვონ, კერძოდ, სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საცხოვრებელი ადგილი რეგისტრაციის მიხედვით და ტელეფონის ნომერი.
“გრძელვადიანი დამკვირვებელი ინფორმაციის გადამოწმების მიზნით ქობულეთის რამდენიმე ბაღის თანამშრომელს შეხვდა და მხარდამჭერთა სიების შეგროვებასთან დაკავშირებით ესაუბრა. ბაღებში, სადაც გრძელვადიანმა დამკვირვებელმა წინასწარ წარუდგინა თავი, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, დირექტორ-მასწავლებლებმა უარყვეს აღნიშნული სიების შეგროვება და არსებობა.
თუმცა ქობულეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ბაღში, სადაც ეგონათ, რომ გრძელვადიანი დამკვირვებელი „ქართული ოცნების“ შტაბიდან იყო, ბაღის მასწავლებლებმა დაადასტურეს მხარდამჭერთა სიების შეგროვება და არსებობა. უფრო მეტიც, ღიად ისაუბრეს, რომ ბაღის ყველა თანამშრომელმა (დამლაგებელმა, ძიძამ, მასწავლებელმა) „შეასრულა დავალება“. მათი თქმით, „ქართული ოცნების“ სასურველი საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდამჭერთა 15-20 კაციანი სიები უკვე შეაგროვეს და მიუტანეს დირექტორს, დირექტორმა კი ისინი გადასცა ქობულეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრს”, – ვკითხულობთ ანგარიშში.
მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა ოზურგეთში. სოფელ მთისპირში მცხოვრები სამი მოქალაქე „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელთან საუბრისას აცხადებენ, რომ მერის წარმომადგენლის მოადგილე რომან ვანაძე, ამავე სოფლის დეპუტატი ადგილობრივ საკრებულოში – ვლადიმერ ჩავლეიშვილი და „ქართული ოცნების“ კოორდინატორები ავალებენ, რომ კენჭისყრის დღეს ბიულეტენში სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ნომერი ოთხკუთხედად შემოხაზონ და ფოტო გადაუღონ.
ჩოხატაურში კი, ISFED-ის განცხადებით, მათ დამკვირვებელს რამდენიმე სკოლის პედაგოგმა მიაწოდა ინფორმაცია, რომ სკოლების დირექტორები, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის დავალებით პედაგოგებს მოუწოდებენ, მხარი დაუჭირონ სალომე ზურაბიშვილს.
ISFED-ის ანგარიშში ჩოხატაურში მომხდარი სხვა შემთხვევაც შევიდა. კერძოდ, 8 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩოხატაურის საოლქო კომისიის #20 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი, ლია კუტალაძე, რომელიც კომისიაში დანიშნულია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, 12:30 საათზე იმყოფებოდა სოფელ კოხნარის ცენტრში, რა დროსაც „ქართული ოცნების“ აქტივისტმა, ზურაბ ეზიეშვილმა უხამსი სიტყვებით მიაყენა შეურაცხყოფა. ლია კუტალაძის თქმით, მას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დევნიან, ემუქრებიან და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ დაზარალებულმა ფაქტთან დაკავშირებით მიმართა სამართალდამცავ ორგანოს და ითხოვს დროულ რეაგირებას.
მარნეულში ერთ-ერთი პედაგოგის თქმით, რომელმაც „სამართლიან არჩევნებს“ ანონიმურობის დაცვა სთხოვა, მარნეულის რესურსცენტრის ხელმძღვანელი სკოლის დირექტორებს და მასწავლებლებს ავალებს, რომ იმუშაონ „ქართული ოცნების” მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ და არჩევნების დღეს მისი მხარდამჭერები მიიყვანონ საარჩევნო უბნებზე. პედაგოგის თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ სამსახურის დაკარგვით ემუქრებიან.
დმანისის საკრებულოს თავმჯდომარეს კი “შენების მოძრაობის” წარმომადგენლზე ზეწოლაში ადანაშაულებენ. კერძოდ, 5 ოქტომბერს გოგიტა ბარბაქაძემ, რომელიც „შენების მოძრაობის“ წარმომადგენელია, დმანისის ოლქში გახსნა ოფისი. ოფისის მეპატრონემ სამი დღის შემდეგ უარი განაცხადა ოფისის ქირავნობის გაგრძელებაზე. ანგარიშის მიხედვით, გოგიტა ბარბაქაძე აცხადებს, რომ ოფისის მეპატრონეზე ზეწოლა საკრებულოს თავმჯდომარემ, მერაბ ოქროაშვილმა განახორციელა, რის შემდეგაც მეპატრონემ ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.
ბაღდათში კი აგვისტო-სექტემბრის თვეში ISFED-ის განცხადებით კონკურსი ჩატარდა, რომლის შედეგების გათვალისწინებით რამდენიმე ადამიანი სამსახურიდან გაათავისუფლეს.
„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის ინფორმაციით, კონკურსი ვერ გაიარეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა: მარინა დანელიამ, მაცაცო გუგუნავამ, ცირა კობახიძემ და მადონა მახარაძემ. აღნიშნული პირები „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელთან საუბრისას აღნიშნავენ, რომ ისინი პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს სამსახურიდან, რის თაობაზეც სარჩელით მიმართეს სასამართლოს. ამასთან, როგორც ISFED-ში აცხადებენ, ის 2 პირი, რომლებმაც ასევე ვერ გაიარეს კონკურსი, თუმცა არიან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, (კოორდინატორები, აქტივისტები) სამსახურში უკვე აღადგინეს.
ლენტეხში „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე მირიან ლიპარტელიანის განმარტებით ერთ-ერთ მოქალაქეზე განხორციელდა ზეწოლა. კერძოდ, „ქართული ოცნების“ კოორდინატორი მზევინარ ლიპარტელიანი მოქალაქე ზ. ლიპარტელიანს სთხოვდა მისთვის გადაეცა პირადობის მოწმობა და ხმა მიეცა სალომე ზურაბიშვილისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა, რომ მოეხსნებოდა სოციალური დახმარება.
ISFED-ის ანგარიშში მოხვდა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელი ზინობიანი, სადაც „ქართული ოცნების“ კოორდინატორი, მიხეილ კულატამიშვილი ერთ-ერთი სოციალურად დაუცველ მოქალაქეს, რომელმაც სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის სურვილი არ დაადასტურა, დაემუქრა, რომ მას სოციალური დახმარება მოეხსნება „თუ ბევრს იხტუნავებს“.
დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბიჩნიგაურიდან შატილის ჩათვლით მიმდებარე სოფლეების მოსახლეობა, რომლებიც მაღალმთიანი სტატუსის გამო სოციალური შეღავათებით სარგებლობენ, აცხადებს, რომ მათთან მიდიან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და ეუბნებიან, რომ თუ არჩევნებში სალომე ზურაბიშვილი არ გაიმარჯვებს, მოუხსნიან მაღალმთიანი რაიონის სტატუსს.
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში “სამართლიანმა არჩევნებმა” სულ გამოავლინა: სავარაუდო ზეწოლისა და იძულების 13; ფიზიკური დაპირისპირებისა და ძალადობის 5; ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 7; ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 4; წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის 11; აგიტაციაში კანონდარღვევით მონაწილეობის 13; სააგიტაციო მასალების დაზიანების 40; და კამპანიის წესების დარღვევის 1 შემთხვევა.