ახალი ამბები

ალეკო ელისაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას აპირებს

2 მაისი, 2014 • • 1195
ალეკო ელისაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას აპირებს

“ვაპირებ ჩავერთო თვითმმართველობის არჩევნებში. უახლოეს დღეებში ვიტყვი, რატომ გადავწყვიტე. ძალიან ბევრი ვიფიქრე და ბოლოს გადავწყვიტე, რომ ჩემი მხრიდან ეს იყო აუცილებელი ნაბიჯი”,- ამბობს ელისაშვილი “პირველი არხის” საინფორმაციო გამოშვებაში.

 

ჟურნალისტი ალეკო ელისაშვილი მსჯავრდებულთა შეწყალების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარეა და არჩვენებში მონაწილეობის მიღების პარალელურად გააგრძელებს აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობას.

 

ალეკო ელისაშვილი
ალეკო ელისაშვილი

 

ელისაშვილი განმარტავს, რომ ეს ორი თანამდებობა ერთმანეთს ხელს არ უშლის და მან კონსულტაციები ამ საკითხზე საქართველოს პრეზიდენტთან და იურისტებთან გაიარა. ელისაშვილი შეწყალების კომისის თავმჯდომარის თანამდებობაზე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის წარდგინებით 2013 წლის ნოემბრიდანაა.

 

ელისაშვილი ტელეკომპანია “კავკასიის” ტელეწამყვანია და უძღვებოდა გადაცემას “ბარიერი”. გუშინ, გადაცემის დასრულების შემდეგ მან განაცხადა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის გამო ჟურნალისტურ საქმიანობას თავს ანებებს.

 

“6 წელი ვუმუშავე მე ამ ტელეკომპანიაში, სადაც მუშაობის თითოეული წუთი ძალიან მეამაყება. მახსოვს ძალიან მძიმე წლები, როცა იყო აქაურობის დარბევისა და დალეწვის საფრთხე. მადლობა “კავკასიის თანაშრომლებს, მადლობა მაყურებელს, რომლის მხარდაჭერას პირდაპირ ქუჩებში ვგრძნობდი”,- ასე დაემშვიდობა ელისაშვილი “კავკასიის” მაყურებელს.

 

ალეკო ელისაშვილი თავისი წიგნის, როგორ შეიცვალა თბილისი
ალეკო ელისაშვილი თავისი წიგნის, როგორ შეიცვალა თბილისი

“ტფილისის ჰამქარი”– გაერთიანება, რომელიც ძველი თბილისის ისტორიული ნაწილის დაცვითა და ახლის განაშენიანებითაა დაინტერესებული- ელისაშვილის თანადაფუძნებულია. გაერთიანება მართავს აქციებს, კონკურსებსა და შეხვედრებს თბილისის ურბანული განვითარების საკითხებზე.

 

ალეკო ელისაშვილი არის წიგნის “როგორ შეიცვალა თბილისი” ავტორი. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014 წლის 15 ივნისს გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი