“ამჯერად დარჩენილია ერთი ეტაპი, მესამე მოსმენა, თავდაპირველად წამყვანმა კომიტეტმა უნდა განიხილოს ისევ ეს კანონპროექტი და შესაძლებელია მხოლოდ რედაქციული შენიშვნების დაყენება, რომელიც ნორმის შინაარსზე გავლენას რეალურად არ მოახდენს და იგივე წესით ასევე მესამე მოსმენით განიხილავს ამ კანონპროექტს პლენარული სხდომა. ანუ მესამე მოსმენაზე შესაძლებელია მხოლოდ შენიშვნები, რომელიც წინადადების გამართვას, მის გრამატიკულად სწორად დაწყობას უკავშირდება და არა შინაარსობრივ ჩარევას”, – განმარტავს თათული თოდუა “ნეტგაზეთთან” საუბარში. მისივე თქმით, პროცედურულად პარლამენტს აქვს უფლება კანონპროექტი მეორე მოსმენაზე დააბრუნოს, თუმცა ანტიდისკრიმინაციულ კანონთან მიმართებაში ამ გადაწყვეტილების მიღება ნაკლებად სავარაუდოა:
“ზოგადად პროცედურული შესაძლებლობა არსებობს, რომელიც პარლამენტს შეუძლია გამოიყენოს, ეს არის მესამე მოსმენის დოკუმენტის მეორე მოსმენაზე დაბრუნება. ანუ მესამე მოსმენაზე ხდება გადაწყვეტილების მიღება, რომ კანონპროექტის განხილვა გადმოიწიოს ერთ მოსმენით და შესაძლებელი იყოს მასში უკვე მუხლობრივი ცვლილებების შეტანა, თუმცა ამ ეტაპზე ვფიქრობ, რომ ნაკლებად წავა კანონპროექტი ამ გზით”, – აცხადებს თათული თოდუა.

პარლამენტმა კანონპროექტი “დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” და მისგან გამომდინარე კანონპროექტები მეორე მოსმენით გუშინ, 112 ხმით 0-ის წინააღმდეგ მიიღო. პარლამენტმა დღეს კანონპროექტი მესამე და საბოლოო მოსმენით უნდა მიიღოს.
