ახალი ამბები

დავით უსუფაშვილის თქმით, ცოდვას ისინი ჩადიან, ვინც ანტიდისკრიმინაციულ კანონზე ადამიანებს ატყუებენ

1 მაისი, 2014 • • 971
დავით უსუფაშვილის თქმით, ცოდვას ისინი ჩადიან, ვინც ანტიდისკრიმინაციულ კანონზე ადამიანებს ატყუებენ

“ბევრი რამ ან ნაკლები ინფორმირებულობის ბრალია საზოგადოებაში, ან ადგილი აქვს შეგნებულ მცდელობას პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდნარე, რომ ყურადღება სხვა მიმართულებით იქნას გადმოტანილი. ეს არ არის მხოლოდ ჩემი დაკვირვება, ეს არის ძალიან კონკრეტული ფაქტები. არასწორია იმის მტკიცება, რომ პარლამენტს ამ კანონპროექტში საკანონმდებლო სივრცეში ახალი ტერმინები შემოაქვს: სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა. არადა ჩვენი ოპონენტები გარკვეული პოლიტიკური წრეებიდან სწორედ ამას აჟიტირებენ და, სამწუხაროდ, ეს ინფორმაცია საზოაგდოებაშიც გავრცელდა. მე მინდა მოგახსენოთ, რომ ტერმინი სექსუალური ორიენტაცია და ამ ნიშნით გარკვეული დისკრიმინაციის დაუშვებლობა საქართველოს კანონმდებლობაში 1997 წლიდან მოყოლებული გვხვდება. 1997 წელს პირველად ჩაიწერა [კანონში], რომ ამ ნიშნით პაციენტის დისკრიმინაცია დაუშვებელია სამედიცინო პერსონალის მხრიდან. ეს საკითხი განვითარდა და 2004 წელს საზოაგდოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონში ჩაიწერა, რომ მაუწყებელს ეკრძალება ისეთი პროგრამების გადაცემა, რომელიც მიმართულია პირის ფიზიკური შესაძლებლობების, ეთნიკური კუთვნილების, სქესის, სექსუალური ორიენტაციის ან სხვა თვისების გამო შეურაცხყოფისკენ. მოგეხსენებათ, რომ 2004 წელს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ბრძანდებოდა,  ის ახლა არის იმ პოლიტიკური გუნდის ლიდერი, რომელსაც თბილისის მერობის ერთ–ერთი კანდიდატი წარმოადგენს და რომელიც ყველაზე მეტს საუბრობს იმაზე, რომ თურმე ჩვენ შემოგვაქვს რაღაც ახალი ტერმინი და რაღაცას ვაკანონებთ ახალს. ეს საკითხი განვითარდა შრომის საკითხთა კოდექში, რომელიც 2006 წელს იქნა მიღებული, სადაც ჩაიწერა, რომ შრომით ურთიერთობებში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია რასის, ენის, სექსუალური ორიენტაციის თუ და ასე შემდეგ ნიშნით”, – განაცხადა უსუფაშვილმა და საზოგადოებას მიმართა:

 

“მეგობრებო, ყველას მოგმართავთ, არ წამოეგოთ გარკვეული ჯგუფების პოლიტიკურ სპეკულაციებს, რომელთაც საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ”. 

 

უსუფაშვილი ასევე გამოეხმაურა ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა განცხადებებს, რომლის მიხედვითაც ეს საკანონმდებლო ცვლილება “განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდას” ემსახურება:

 

“როცა ამ კანონში წერია, რომ რელიგიური ნიშნით ადამიანის დისკრიმინაცია დაუშვებელიაო, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ რომელიმე არაქრისტიანული რელიგიის პროპაგანდას ვახდენთ? ხომ არ ნიშნავს? ან, როდესაც ვწერთ, რომ ეროვნული კუთვნილების მიუხედავად ადამიანის დისკრიმინაცია არ შეიძლებაო, ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ სხვა რომელიმე ერის პროპაგანდას ვახდენთ? რა თქმა უნდა, არა. ასე რომ, როცა სექსუალური ორინეტაციის ნიშნით დისკრიმინაციის დაუშვებლობაზეა საუბრი, ამით არაფრის პროპაგანდა არ ხდება ერთი რამის გარდა: დიახ, ამ კანონის ამოცანაა იმის პროპაგანდა, რომ ძალადობა არის დანაშაული, ცოდვა და მიუღებელი თანამედროვე მსოფლიოში. ძალადობის გამართლება ამ ნიშნებით არც კანონიერია, არც ცივილურია და არც ქრისტიანულია. ეს წერია ამ კანონში”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

როგორც ცნობილია, სასულიერო პირებისა და არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტიდან დისკრიმინაციის საფუძვლების ნიშნების ჩამონათვალიდან სექსუალური ორიენტაციის ამოღებას ითხოვენ, თუმცა, უსუფაშვილის თქმით, ის ჩამონათვალი, რომელიც კანონპროექტშია მოცემული, ძალიან მნიშვნელოვანი და პრინციპული საკითხია.

 

დავით უსუფაშვილი
დავით უსუფაშვილი

 

“რაც შეეხება ჩამონათვალს, აქ არის ძალიან პრინციპული პოზიცია. ეს ჩამონათვალი არის ზოგადსაკაცობრიო მონაპოვარი. როდესაც ჩვენ დღეს გვეუნებიან, რომ იქნებ რაღაც ამოვიღოთო, ეს ძალიან პრინციპული პოზიციაა. რას ნიშნავს დღეს ამოვიღოთ ეს სიტყვები? 2004 წელს, 1997 წელს, თუ 2010 წელს მზად ვიყავით, რომ ამ ნიშნით ადამიანები არ გვეცემა, ახლა გვეუბნებიან ამოიღეთ, იმიტომ, რომ ძალადობა გვინდაო?! რა თქმა უნდა, სახელმწიფო ამას არ დაუშვებს. ეს ძალიან პრინციპული ამბავია. ვისაც გულწრფელად აღელევბს, რომ რამე ნეგატიური შედეგი არ დადგეს, მათთან ზეგაც გავაგრძელებთ დისკუსიას და ამ კანონპროექტის აღსურლების დროსაც, მაგრამ ვისაც პოლიტიკური ნიშნით შეჰყავს შეცდომაში სხვები და ადამიანები თავად ისხდნენ იმ პარლამენტში, რომელშიც 2010 წელს შრომის კოდექსი კიდევ ერთხელ დამტკიცდა და ხმა არ ამოუღიათ ამ თემაზე, დღეს მიდიან და სწორედაც რომ ცოდვას ჩადიან: ამბობენ ტყუილს. შეცდომაში შეჰყავთ ბევრი ადამიანი და, სამწუხაროდ, სასულიერო პირებიც, რომ თითქოს ჩვენ ვიგონებთ ახლა ამ ტერმინს”.

 

 

პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს ანტიდისკრიმინაციის შესახებ სხვადასხვა მიზეზით იწუნებენ როგორც არასამთავობო სექტორის წარმომადგენლები, ასევე, არასაპარლამენტო ოპოზიციის რადმენიმე წევრი და მღვდლები. არასამთავრობო სექტორი მიიჩნევს, რომ კანონპროექტის მოცემული ფორმა ქვეყანაში ანტიდისკრიმინაციული გარემოს შექმნისათვის სათანადო საკანონმდებლო ჩარჩოს ჩამოყალიბებას ვერ უზრუნველყოფს. ისინი აღსრულების ნაწილში კანონის გამკაცრებას მოითხოვენ. ჯონდი ბაღათურია, ისაკაძე და ლორთქიფანიძე კი პირიქით, ფიქრობენ, რომ კანონპროექტი ზედმეტად მკაცრია, რადგან დისკრიმინაციის საფუძვლად სექსუალური უმცირესობების უფლებებსაც განიხილავს. ისინი კანონპროექტის განხილვის შეჩერებას ითხოვენ. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი