ახალი ამბებისამართალი

გიგა მაქარაშვილის თქმით, პროკურატურის მოთხოვნით, ფსიქოლოგიური ექსპერტიზა ჩაუტარეს

23 ოქტომბერი, 2018 •
გიგა მაქარაშვილის თქმით, პროკურატურის მოთხოვნით, ფსიქოლოგიური ექსპერტიზა ჩაუტარეს

მოძრაობა “რუსეთი ოკუპანტიას” ერთ-ერთი ლიდერის, გიგა მაქარაშვილის განცხადებით, პროკურატურის მოთხოვნით, ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ფსიქოლოგიური ექსპერტიზა ჩაუტარეს.

სამოქალაქო აქტივისტმა ნეტგაზეთს უთხრა, რომ ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნა გორის მერიის წინ გამართულ საპროტესტო აქციას უკავშირდება, რა დროსაც მერიის ადმინისტრაციის უფროსი მას უკნიდან მიეპარა და თავზე ნაგვის ურნა დაამხო.

სამოქალაქო აქტივისტისთვის გაუგებარია, რატომ ჩაუტარეს მას ფსიქოლოგიურ ექსპერტიზა, ხოლო გორის მერიის მაღალჩინოსანი დღემდე თანამდებობას იკავებს და მას ძალადობრივი/შეურაცხმყოფელი ქმედებისთვის პასუხს არავინ სთხოვს.

“პროკურატურიდან დაუკავშირდნენ ჩემს იურისტს და უთხრეს, რომ დამინიშნეს ფსიქოლოგიური ექსპერტიზა. სხვა არაფერი უთქვამთ. მე თუ არ გამოვცხადდებოდი საექსპერტო ბიუროში, ამას გამოძიებაში ხელის შეშლაში ჩამითვლიდნენ. შესაბამისად, მივედი სამხარაულის ბიუროში და ჩამიტარეს ფსიქოლოგიური ექსპერტიზა. რომ ამტკიცონ, ფსიქიკურად არამდგრადი ვარ, ეს ხომ არაფერს ცვლის, საერთოდ? პირიქით, ამძიმებს საქმის გარემეობას”, – უთხრა “ნეტგაზეთს” გიგა მაქარაშვილმა.

  • საქართველოს მთავარი პროკურატურის განმარტებით, გიგა მაქარაშვილის მიმართ ფსიქოლოგიური ქსპერტიზის დანიშვნის საფუძველია მისივე ჩვენება, იმის შესახებ, რომ აქციის შემდეგ მომხდარი ინციდენტისას, ნაგვის ურნის თავზე ჩამომხობით მან არა ფიზიკური, არამედ ფსიქიკური ტკივილი განიცადა და მიიღო სულიერი ტრამვა.

როგორც ნეტგაზეთს პროკურატურაში განუცხადეს, გიგა მაქარაშვილის ფსიქოლოგიური ექპერტიზის დასკვნის შემდეგ დადგინდება, შესაძლებელია თუ არა მიენიჭოს მას დაზარალებულის სატატუსი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მე-3 პრიმა მუხლის თანახმად, “პირის დამცირება ან იძულება, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს ან მორალურ ტანჯვას აყენებს.”

მთავარი პროკურატურის განმარტებით, ამ მუხლის შესაბამისად, გიგა მაქარაშვილი დაზარალებულად მიიჩნევა იმ შემთხვევაში, თუ მან განიცადა ძლიერი ფსიქიკური ტკივილი და მორალური ტანჯვა.

ვიდეო ▶ რატომ მიიტანეს მთავრობის კანცელარიასთან ნაგვის ურნები

  • გიგა მაქარაშვილმა თანამოაზრეებთან ერთად 16 ოქტომბერს მთავრობის კანცელარიასთანაც გამართეს აქცია, სადაც ნაგვის ურნები მიიტანეს, წარწერებით; ჩინოვნიკი ყარს! და ა.შ.

მოძრაობა “რუსეთი ოკუპანტია” გორში გამართულ აქციაზე 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაში საქართველოს დადანაშაულებისთვის გორის მერის კონსტანტინე თავზარაშვილის გადადგომას, ხოლო თბილისში – გიგა მაქარაშვილისთვის ნაგვის ურნის თავზე დამხობისთვის გორის მერიის ადმინისტრაციის უფროსი თემურ მანველიშვილის დასჯას ითხოვდა.

თანამდებობიდან გადადგომას გორის მერი არ აპირებს, გორის მერიაში კი ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ მათ გამოძიების დასრულებამდე რეაგირება არ ექნებათ ინციდენტზე, რა დროსაც თემურ მანველაშვილმა აქტივისტ გიგა მაქარაშვილს თავზე ნაგვის ურნა ჩამოამხო. სამოქალაქო აქსიტივსტი ამ საქმეზე ინციდენტის დღესვე გამოიკითხა, თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია, გამოკითხეს თუ არა გორის მერიის მაღალჩინოსანი.

ვიდეო ▶ რატომ მიიტანეს მთავრობის კანცელარიასთან ნაგვის ურნები

მასალების გადაბეჭდვის წესი