ახალი ამბები

შრომის საერთაშორისო დღეს საქართველოში საპროტესტო აქციებით აღნიშნავენ

30 აპრილი, 2014 • • 1792
შრომის საერთაშორისო დღეს საქართველოში საპროტესტო აქციებით აღნიშნავენ

თბილისში აქცია 14:00 საათზე სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთანაა დაგეგმილი


“ჩვენი სინამდვილე შრომით ურთიერთობებში მყოფ ჩაგრულ მოქალაქეთა ამოძახილია. ამ ხმის მხოლოდ შორეული ექოები ისმის ჭიათურის მაღაროებიდან, დაბა კაზრეთის ოქროსა და სპილენძის მომპოვებელი საწარმოდან, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნიდან, ფინანსური ინსტიტუტების გამჭვირვალე ფანჯრებიდან და სხვა ყველა იმ ადგილიდან, სადაც მშრომელის უფლების შეუძლებლობას დამსაქმებლის უფლება ცვლის, სადაც ერთის თავისუფლება მეორის მონურ მდგომარეობაში ყოფნას გულისხმობს, სადაც კაპიტალის ინტერესი სოციალური ცხოვრების ერთადერთ განმსაზღვრელ ძალად იქცევა”, – ნათქვამია მანიფესტში, რომელსაც ავრცელებენ ახალგაზრდული ორგანიზაციები-“ახალგაზრდა სოციალ–დემოკრატები”, “საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები”, ” საქართველოს პროფესიული კავშირების ახალგაზრდული ორგანიზაცია”, “ახალგაზრდა სოცილისტები” და “მელნისფერი თაობა” ქუთაისიდან.


დაბა კაზრეთის ოქროსა და სპილენძის მომპოვებელ საწარმოებში მომუშავე ადამიანების უფლებების დასაცავად იგეგმება აქცია კაზრეთშიც. აქციის მონაწილეები თსუ–ს პირველ კორპუსთან 11:00 საათზე შეიკრიბებიან, უშუალოდ კაზრეთის ცენტრიდან კი მსვლლობა 14:00 საათზე დაიწყება და კომპანია RMG–ის საწარმოსთან დასრულდება. აქციას ორგანიზებას სტუდენტური მოძრაობა “მწვანე მუშტი” უწევს.


ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ კი საპროტესტო აქცია 13:00 საათზეა დაგეგმილი, აქცია სტუდენტური მოძრაობა “ალტერნატივას” ორგანიზებით ეწყობა:


“ჩვენს სახელმწიფოში ყოველდღიურად მიმდინარეობს მუშათა მასობრივი ექსპლუატაცია, ამას კი არც ერთი მთავრობა (პოლიტიკური ელიტა) ხელს არ უშლის, რადგან ისინი იმ ბიზნესელიტისგან ფინანსდებიან, რომლებიც თვითონვე ახდენენ საქართველოს მოქალაქეების შრომითი უპირობო-პირობების დარღვევას. ყველაზე კარგი (სრულყოფილი) შრომის კოდექსითაც კი ვერ მიაღწევენ სასურველ მიზანს მუშები, თუ არ იქნება მთავრობის პოლიტიკური ნება”, – ნათქვამია მათ მიმართვაში. 


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, 2013 წლის ივნისიდან საიას შრომითი უფლებების დარღვევის ფაქტებზე კონსულტაციისთვის 2800–მა ადამიანმა მიმართა 


“მიღებული ინფორმაციის გაანალიზების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ განსაკუთრებით აქტუალური იყო სამსახურიდან დაუსაბუთებელი გათავისუფლების და სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შემთხვევები, ასევე, გაფიცვის წესი და შრომის პირობები და სხვა”, – აცხადებენ საიაში.


სტუდენტების აქცია–მსვლელობა 1 მაისს, 2013 წელი, თბილისი
სტუდენტების აქცია–მსვლელობა 1 მაისს, 2013 წელი, თბილისი


მასალების გადაბეჭდვის წესი