ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზური ენის ბარიერი

30 აპრილი, 2014 • • 4063
აფხაზური ენის ბარიერი
ასეთი მოსაზრება მან წამოჭრა სტატიაში, სახელწოდებით – “იძულებითი ზომა”, რომელიც ოპოზიციურ საიტზე – “აიააირა” [AIAAIRA.SU] გამოქვეყნდა. ეს “ხალხიდან წამოსული” პირველი რადიკალური მოწოდება არაა. მახსოვს, სულ ცოტა ხნის წინ აფხაზი ბლოგერები აქტიურად განიხილავდნენ ანალოგიურ მოსაზრებას, რომ შეიზღუდოს საპრეზიდენტო არჩევნებში არააფხაზური მოსახლეობის მონაწილეობა. ოფიციალური პირები – პოლიტიკოსები ცდილობენ, გაემიჯნონ ასეთ იდეებს, მაგრამ მათი მომრავლება აფხაზურ საზოგადოებაში სერიოზული პრობლემების არსებობაზე მიუთითებს.
დემის პოლანდოვი
დემის პოლანდოვი

 

მე ამას სასოწარკვეთას დავარქმევდი. ეს გრძნობა არაფრით ამართლებს ზაკან აგრბას რადიკალურ წინადადებას, რომელიც -არც მეტი, არც ნაკლები -აფხაზეთის დღევანდელი მოსახლეობის უმრავლესობის პოლიტიკური უფლებების შეზღუდვისკენაა მიმართული. თუმცა ჩვენ მაინც შეგვიძლია ამ მოწოდების გაანალიზება. აგრბა აფხაზური ენის შენარჩუნებისთვის იბრძვის და ეს ენა მართლა საჭიროებს დაცვას.

 

ქართულ რუსულენოვან პრესაში ხშირად წერენ აფხაზური ენის კატასტროფული მდგომარეობის შესახებ. თეზისი სრული რუსიფიკაციის შესახებ, რასაც ბოლო წლებში “რუსი ოკუპანტები” აწარმოებენ, აფხაზი ჟურნალისტების დიდ აღშფოთებას იწვევს და ისინიც იწყებენ ხოლმე იმის მტკიცებას, რომ ამ მხრივ არც ისე ცუდი მდგომარეობაა. და მართლაც, დღეს სოხუმის ქუჩებში აფხაზურ საუბარს ყველგან გაიგონებთ, საბჭოთა პერიოდში ასე არ ყოფილა. მას შემდეგ აფხაზური ენის პრესტიჟიც აშკარად გაიზარდა. ამის მიუხედავად, ენასთან დაკავშირებული საფრთხეები მაინც დარჩა და შემთხვევითი არ არის, რომ იუნესკომ აფხაზური ენა გაქრობის საფრთხის წინაშე მყოფი ენების ნუსხაში შეიტანა.

 

რა თქმა უნდა, ლაპარაკი არ არის ხელოვნურ რუსიფიკაციაზე – მსგავსი რამ აფხაზეთში არ არის. ის პროცესები, რაც აფხაზურ ენასთან დაკავშირებით ხდება, სრულიად ბუნებრივია და ამის გამო კიდევ უფრო სახიფათო. მაგალითად, ეთნიკურად აფხაზი მოსახლეობის ომის შემდგომი ურბანიზაცია შესაძლოა ენისთვის ნელი მოქმედების ნაღმი აღმოჩნდეს, რომელიც უკვე მომავალ თაობაში იფეთქებს. საწყის ეტაპზე ბევრი აფხაზის სოფლიდან ქალაქში საცხოვრებლად გადასვლამ მართლაც გამოიწვია ის, რომ ქალაქის ქუჩებში, თითქმის ყველგან აფხაზური ენა გაჟღერდა. თუმცა აქ საუბარი არ არის ამ ენის წამყვან პოზიციაზე. ქალაქის მოსახლეობა შერეული რჩება, ხოლო მრავალეთნიკურ მოსახლეობაში ურთიერთობის ენა რუსულია. რა ენაზე ისაუბრებენ აფხაზები – პირველი თაობის ძირძველი ქალაქელები? შეკითხვა რიტორიკულია. აუცილებლად – რუსულად და არა – აფხაზურად.

 

სტატისტიკური მონაცემები, რომელიც თავის სტატიაში ზაკან აგრბას მოყავს, აშკარად იმის დემონსტრირებაა, თუ როგორ ფუნქციონირებს ეს “მექანიზმი”. მათი დაჯამებით, ვინც რუსულ სკოლებში სწავლობს (გაგრის #2 და #4, პიცუნდის #2 და ბზიფის #2), აგრბამ გამოარკვია, რომ 388 რუსი მოსწავლეა, 719 – აფხაზი, 534 – სომეხი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დღეს სწორედ ეთნიკური აფხაზები შეადგენენ რუსული სკოლების მოსწავლეთა თითქმის ნახევარს. ცხადია, რუსულ სკოლებში აფხაზურ ენასაც ასწავლიან, თუმცა, საბოლოო ჯამში, საუკეთესო შემთხვევაში, მოსწავლემ იცის რამდენიმე საყოფაცხოვრებო ფრაზა და ენის სრულყოფილ შესწავლაზე აქ საუბარი ზედმეტია.

 

აი, მონაცემები გაგრის რაიონის სამი ყველაზე მსხვილი აფხაზური სკოლიდან: გაგრის #1 სკოლაში 390 აფხაზი სწავლობს, 1 – რუსი, 2 – სომეხი; პიცუნდის #1 სკოლაში – 167 აფხაზი, 1 – რუსი, 0 – სომეხი; ბზიფის #1 სკოლაში – 296 აფხაზი, 6 – რუსი, 0 – სომეხი. ეს ციფრები აშკარად იმის მააჩვენებელია, რომ აფხაზეთის არააფხაზურ მოსახლეობას არა აქვს აფხაზური ენის შესწავლის სურვილი. შესაბამისად, შანსი იმისა, რომ აფხაზეთის მრავალეთნიკურ საზოგადოებაში აფხაზური გახდება კომუნიკაციის ენა, მინიმალურია, თუკი – ნულის ტოლფასი არა.

აფხაზური ანბანი, ფოტო: vmulder.livejournal.com
აფხაზური ანბანი, ფოტო: vmulder.livejournal.com

 

როგორც ჩანს, სწორედ ამ უნუგეშო პერსპექტივამ აიძულა ზაკან აგრბა გამოსულიყო ისეთი კანონის მიღების მოწოდებით, რომელიც საარჩევნო უფლებას ჩამოართმევს ყველა იმ პირს, ვინც არ იცის აფხაზური ენა.

 

“მხოლოდ მაშინ დაფიქრდებიან მშობლები, რომ ასწავლონ თავიანთ შვილებს აფხაზური,” – წერს იგი.

 

მისი მოსაზრება სრულიად აბსურდულია არა მხოლოდ იმიტომ, რომ ანტიდემოკრატიულია, არამედ რეალურად მისი განხორციელება კიდევ უფრო მეტ (უპირველეს ყოვლისა, პოლიტიკურ) თავსატეხს შექმნის და ვერც მთავარ – ენობრივ პრობლემას მოაგვარებს. ხალხს ურჩევნია თავისი პოლიტიკური უფლებისთვის იბრძოლოს, ან შეეგუოს მის დაკარგვას, ვიდრე ჯოხის ქვეშ აფხაზური ენის შესწავლა დაიწყოს.  

ისეთი პრაგმატული მოტივაციაც კი, როგორიცაა სახელმწიფო სამსახურზე წვდომა, ვერ მოახდენს გავლენას აფხაზური ენის სტატუსზე. 2015 წლის 1 იანვრიდან, სახელმწიფო ენის შესახებ აფხაზეთის კანონის მიხედვით, საქმის წარმოება აფხაზურ ენაზე უნდა ითარგმნოს. ფაქტობრივად, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა სახელმწიფო მოხელემ უნდა ისაუბროს აფხაზურად. თუმცა ბევრს ესმის, რომ ამ კანონის ნორმების სრულად განხორციელება ვერ მოხდება და მოსალოდნელია, რომ ზოგიერთი დებულების ამოქმედება არც ისე ახლო მომავლისთვის გადაიდოს. რა თქმა უნდა, ოპოზიცია აღშფოთდება. თუმცა, მეორე მხრივ, ოპოზიციონერებს შორისაც არც ისე ცოტა აფხაზია, რომელიც აფხაზურ ენაზე ვერ საუბრობს.

 


სტატია მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


მასალების გადაბეჭდვის წესი