ახალი ამბები

რას ითვალისწინებს საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის რეფორმა

29 აპრილი, 2014 • • 1362
რას ითვალისწინებს საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის რეფორმა

„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ შესული ცვლილებების თანახმად,  სასჯელზე შეთანხმება, როგორც საპროცესო შეთანხმების ერთ-ერთი ფორმა, უქმდება. 

საპროცესო შეთანხმების საფუძველი იქნება მხოლოდ შეთანხმება ბრალზე, რომლის თანახმადაც, ბრალდებული აღიარებს დანაშაულს და სასჯელზე უთანხმდება პროკურორს.

შეთანხმების დადების პროცესში პროკურორი ვალდებული იქნება, გაითვალისწინოს არა მარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, ქმედების მართლსაწინააღმდეგობა და ბრალეულობის ხარისხი, როგორც ეს დღეს მოქმედი კანონმდებლობითაა განსაზღვრული, არამედ ისეთი ფაქტორებიც, როგორიცაა: სახელმწიფოს სამართლებრივი პრიორიტეტები, ბრალეულის საზოგადოებრივი საშიშროება, დანაშაულის ხასიათი, ბრალეულობის ხარისხი, ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლები და ნასამართლობა.

„საქართველოს იუსტიციის სამინისტრო დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის გარდაქმნაზე. ცვლილებების შედეგად საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი საქართველოში მანკიერი მხარეებისაგან გათავისუფლდება და მოქნილ ინსტრუმენტად ჩამოყალიბდება, რომელიც სწრაფ და სამართლიან მართლმსაჯულებას უზრუნველყოფს, შეთანხმების გაფორმების პროცესი კი გამჭვირვალე გახდება“, − განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ.


კანონპროექტის კიდევ ერთ სიახლეს წარმოადგენს საპროცესო შეთანხმების ოქმის შედგენის ვალდებულების შემოღება. ის უნდა ასახავდეს ბრალდებულსა და პროკურორს შორის მოლაპარაკების პროცესს და ხელმისაწვდომი იყოს დაცვის მხარისათვის.

აუცილებელი ხდება დოკუმენტის დართვა სასამართლოში წარდგენილ შუამდგომლობაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ. შეთანხმების გაფორმებამდე ბრალდებულს უნდა განემარტოს  საპროცესო შეთანხმების ყველა სამართლებრივი შედეგი, მათ შორის ის გარემოება, რომ შეთანხმების გაფორმება იწვევს პირის ნასამართლობას.

ახლებურად რეგულირდება დაზარალებული მხარის უფლებებიც. კანონპროექტის მიხედვით, დაზარალებულ მხარეს საშუალება ეძლევა, დაესწროს სასამართლოს მიერ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შუამდგომლობის განხილვას და გამოთქვას მოსაზრება მისი კანონიერებისა და სამართლიანობის შესახებ. ამასთან, დაზარალებულს, თუ მას არ შეუძლია ან არ სურს პროცესზე დასწრება, შეეძლება, საპროცესო შეთანხმების დამტკიცებამდე საკუთარი მოსაზრებები მოსამართლეს წერილობით წარუდგინოს.

მოქმედი კანონმდებლობა საპროცესო შეთანხმების დადებამდე პროკურორის მხოლოდ  დაზარალებულთან კონსულტაციას და მის ინფორმირებას ავალდებულებს. იმ შემთხვევაში კი, თუ პროკურორმა დაზარალებულის ინტერესები არ გაითვალისწინა, ან ზიანის შეუსაბამო სასჯელი მოითხოვა, დაზარალებულს მისი გასაჩივრების უფლება არ აქვს.

ალქესანდრე ბარამიძე
ალქესანდრე ბარამიძე

 

ევროპული სასამართლოს სტანდარტით, საპროცესო შეთანხმებას ყველა ტიპის დანაშაულზე არ უფორმებენ, მას მხოლოდ ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულის ჩამდენებს სთავაზობენ, ასევე, მინიმალური და მაქსიმალური ჯარიმის ოდენობას კანონი განსაზღვრავს და არა – პროკურორი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი