გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშიას” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ცესკომ ბიულეტენზე გრიგოლ ვაშაძე “ნაციონალური მოძრაობის” სახელით დაარეგისტრირა და არა “გაერთიანებული ოპოზიციის”.
გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის უფროსი ცესკოს უკანონო გადაწყვეტილების მიღებაში და “ქართული ოცნების” დაკვეთის შესრულებაში ადანაშაულებს.
როგორც გიორგი ვაშაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, მმართველი პარტია ცდილობს, გაერთიანებული ოპოზიციის ბრძოლა “ქართულ ოცნებასთან” ისე წარმოაჩინოს, როგორც ორი პარტიის ბრძოლა.
“მაგალითად, 6 შუალედურ არჩევნებში, ექვს ოლქში ჩვენ მიერ წარდგენილი კანდიდატები მიიღებენ მონაწილეობას გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშიას” სახელით, ხოლო საპრეზიდენტო კანდიდატზე რომ დაწერილიყო იგივე სახელი, ამაზე უარი გვითხრა ცესკომ”, – ამბობს გიორგი ვაშაძე.
გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის განცხადებით, აბსურდი მიდის იქამდე, რომ ცესკოს თავმჯდომარემ მხარი დაუჭირა ჩვენ მოთხოვნას და ყველა დანარჩენმა წევრმა, რომელსაც, მისი თქმით, აკონტროლებს “ქართული ოცნება”, უარი თქვა ამ ყველაფერზე:
“მინდა მივმართო უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფ “ქართულ ოცნებას” – ასეთი ხრიკები ვერ გამოგადგებათ და ვერ გიშველით. მესმის, თქვენი მცდელობაა, დეზორიენტირება მოახდინოთ ჩვენი ამომრჩევლის; მესმის, ეს გაერთიანება გაშინებთ, რადგან მასში შედის 11 პოლიტიკური ძალა.”
ცესკოს პრესსპიკერის, ანა მიქელაძის თქმით, თავდაპირველად, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” მიმართა განცხადებით, როდესაც თვითმმართველობისა და საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კანდიდატი და საკუთარი თავი დაარეგისტრირა, როგორც საარჩევნო სუბიექტი, და მათი სახელწოდება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” იყო.
“შემდგომში, თვითმართველობის არჩევნების ნაწილში, სახელის ცვლილებასთან დაკავშირებით მათ მიმართეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდოამრეს. კანონმდებლობიდან გამომდინარე, ცესკოს თავმჯდომარემ მიიღო გადაწყვეტილება და მისი განკარგულობით, თვითმართველობის არჩევნებში, რომელიც ტარდება თერჯოლასა და სამტრედიაში, მათ აქვთ სახელი გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია”.
მათ ასევე მიმართეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საპრეზიდენტო არჩევნების ნაწილთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში ეს მომართვა არ ეხებოდა ცესკოს თავმჯდომარეს. ცესკო ამ საკითხს კომისიურად განიხილავს, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებს. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ იმსჯელა და იმ მუხლების საფუძველზე, რომელიც არის საარჩევნო კოდექსით განსაზღვრული და არეგულირებს საპრეზიდენტო არჩევნებს, მიიღო ეს გადაწყვეტილება, რადგან საარჩევნო კოდექსი არ იძლეოდა იმის შესაძლებლობას, რომ შეცვლილიყო სახელი” ,- განუცხადა ნეტგაზეთს ცესკოს პრესსპიკერმა.
ანა მიქელაძემ საარჩევნო კოდექსის ის მუხლებიც გვითხრა, რომლის მიხედვითაც ცენტრალური საარჩევნო კომისია გრიგოლ ვაშაძის ბიულეტენზე ენმ-ის ნაცვლად გაერთიანებული ოპოზიციის სახელს ვერ დაწერდა, ესენია: 63-ე მუხლი, რომელიც საარჩევნო ბიულეტენისა და სპეციალური კონვერტის საკითხს არეგულირებს, და 98-ე მუხლი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის წესს ეხება.