არასამთავრობოების საჩივარს, რომელიც სასამართლოში 2014 წლის 28 აპრილს შეიტანეს, თბილისში მცხოვრები 6 მოქალაქეც შეუერთდა. მოსარჩელეები ითხოვენ, არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საარჩევნო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც მხოლოდ პარტიას და საარჩევნო ბლოკს აძლევს უფლებას, წარადგინონ მერობის და გამგებლობის კანდიდატები.
არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ პარტიულ კანდიდატთან შედარებით დამოუკიდებელი კანდიდატის არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩაყენებით სადავო ნორმები არღვევენ საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გარანტირებულ დისკრიმინაციისაგან აკრძალვის უფლებას.

ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ სადავო ნორმები წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის 26-ე მუხლის მეორე პუნქტთან, რადგან ისინი მოქალაქეებს აიძულებენ ასოცირებული იყვნენ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალასთან. კონსტიტუციის 26-ე მუხლით გარანტირებულია საქართველოს მოქალაქის უფლება, უარი განაცხადოს პარტიის საქმიანობაში მონაწილეობაზე.
საია და ,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ ასევე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 28-ე და 29-ე მუხლებს. საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველი პუნქტი იცავს საქართველოს მოქალაქის უფლებას, მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში. ეს ნორმა გულისხმობს იმასაც, რომ საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს, განახორციელოს თავისი პასიური საარჩევნო უფლება, ანუ იყოს კანდიდატად წარდგენილი მერის/გამგებლის არჩევნებში.

საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლით საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს, დაიკავოს სახელმწიფო თანამდებობა. მერობის/გამგებლობის დამოუკიდებელ კანდიდატს სწორედ აღნიშნულ უფლებას უკრძალავს გასაჩივრებული ნორმები.








