ახალი ამბები

კალაძე: რადგან ეკოლოგია მერიის პრიორიტეტია, შესაძლოა ავტობუსები იყოს მწვანე

18 ოქტომბერი, 2018 • 1706
კალაძე: რადგან ეკოლოგია მერიის პრიორიტეტია, შესაძლოა ავტობუსები იყოს მწვანე

თბილისის მერი, კახა კალაძე პოლონეთში,  კომპანია MAN-ის ქარხანაში იმყოფებოდა, სადაც ავტოპარკი დაათვალიერა და საზოგადოებას ავტობუსების ფერის შერჩევის პროცესში ჩართულობისკენ მოუწოდა.

აქვე მან განაცხადა, რომ ავტობუსების სავარაუდო ფერად მწვანე და თეთრის კომბინაცია სახელდება.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მომავალი წლის ბოლომდე დედაქალაქის მერია დაახლოებით 550 ერთეული ავტობუსის შემოყვანას გეგმავს.

„90 ავტობუსი, რომელიც თბილისში რამდენიმე თვეში შემოვა, საკმარისი არ არის. ამიტომ, გვინდა, 2019 წლის ბოლომდე დაახლოებით 500-550 ერთეული ავტობუსი შემოვიყვანოთ, რომელიც სხვადასხვა ზომის – რვა-ათი და 12-მეტრიანი (CNG–ძრავით (ბუნებრივი აირი), დიზელზე მომუშავე (ევრო–6), ელექტროავტობუსები) იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, რადგან ეკოლოგია მერიის მიერ გაცხადებული ერთ-ერთი პრიორიტეტია, შესაძლოა ავტობუსები მწვანე ფერის იყოს.

„შეიძლება იყოს ორ ფერშიც, არ არის გამორიცხული. ამ ყველაფერზე ერთად ვიმსჯელოთ და გადაწყვეტილება მივიღოთ. არ არის გამორიცხული, პროცესში ქართველი დიზაინერებიც ჩავრთოთ, რომ თბილისს ბრენდირებული ავტობუსები ჰყავდეს. ჩვენი ქალაქი და მოსახლეობა იმსახურებს, რომ ავტობუსები, რომელსაც უახლოეს მომავალში შევიძენთ, განსხვავებული იყოს. ძალიან მიხარია, რომ ქალაქს განახლებული ავტოპარკი ექნება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი