ახალი ამბები

პატარკაციშვილის საქმეზე 2016 წელს ამოღებული ჩანაწერებით 3 პირს ახლა წარუდგინეს ბრალი

17 ოქტომბერი, 2018 • 4622
პატარკაციშვილის საქმეზე 2016 წელს ამოღებული ჩანაწერებით 3 პირს ახლა წარუდგინეს ბრალი

ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმის შესახებ, რომლის საფუძველზეც პასუხისგებაში 3 პირია მიცემული, მთავარი პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გათავაზობთ. საუბარია მკვლელობის მომზადებაზე, რომელიც პროკურატურის მიხედვით შესაბამისი შედეგით არ დასრულდა, და არა მკვლელობაზე.


საქართველოს პროკურატურის მიერ გახსნილია ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტი. სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაკავებულია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოს პირველი სამსახურის ყოფილი უფროსი გ.მ., (გიორგი მერებაშვილი), მეორე მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილეს ლ.ქ-ს (ლევან ქარდავა) და ამავე სამმართველოს მეორე სამსახურის უფროსს რ.შ-ს (რევაზ შიუკაშვილი) კი წარედგინათ ბრალდებები.

ჩატარებული გამოძიებით დადგენილია: საზოგადოებისთვის კარგად ცნობილ ე.წ. „ფარული კადრების ჩამწერი პირების საქმეზე“ ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის დროს აღმოჩენილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ხმის ჩამწერი მოწყობილობა, რომელზედაც ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ 2007 წლის 4 და 5 თებერვლის ორი ჩანაწერი კონკრეტული პირის ლიკვიდაციის მომზადების საკითხს შეეხებოდა. კერძოდ, 2007 წლის 4 თებერვლის ჩანაწერში კუდის მაღალჩინოსანი გ.დ. ესაუბრება ბადრი პატარკაციშვილის დაცვის წევრს და მის გადმობირებას ცდილობს. საუბრისას გ.დ. ადასტურებს, რომ მკვლელობის მომზადების საკითხი სანქცირებულია საქართველოს იმდროინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ, რადგან ბადრი პატარკაციშვილი მათი პოლიტიკური ოპონენტი და ხელისუფლების დაუძინებელი მტერია.

ჩანაწერის მიხედვით, ასევე დგინდება, რომ ლიკვიდაცია კუდმა უნდა განახორციელოს. რაც შეეხება მეორე ჩანაწერს, რომელიც 2007 წლის 5 თებერვლით თარიღდება, მასში ასახულია ე.წ. „მოდულის“ შენობაში გამართული თათბირი, რა დროსაც კუდის მაღალჩინოსანი გ.დ., მის დაქვემდებარებაში მყოფი ასევე კუდის თანამშრომლები და ამჟამად ბრალდებულები ლ.ქ.; რ.შ. და გ.მ. პოლიტიკური სივრციდან ჩამოშორების მიზნით ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობას ამზადებენ.

საუბრის მიხედვით, ისინი განიხილავენ პატარკაციშვილის ლიკვიდაციისთვის შესაბამისი პირობების შექმნას, მათ შორის დაცვის თანამშრომელთა სიის მოპოვების და პერსონალის შესახებ ინფორმაციის შეგროვების შესაძლებლობებს. ასევე მსჯელობენ მკვლელობის სხვადასხვა გზებზე, კერძოდ, მისი ისეთი ნივთიერებით მოწამვლაზე, რაც ბუნებრივი სიკვდილის ეფექტს გამოიწვევს. ამავე საუბრის თანახმად დგინდება, რომ ყველა საკითხი, მათ შორის ბადრი პატარკაციშვილის ლიკვიდაციის შესაბამისი მეთოდები თანხმდება კუდის იმდროინდელ ხელმძღვანელ დათა ახალაიასთან.

საქმეზე დაკითხული არაერთი მოწმის ჩვენებით და მოპოვებული წერილობითი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მკვლელობის მოსამზადებლად მუდმივად კონტროლდებოდა ბადრი პატარკაციშვილის გადაადგილების მარშრუტი, მათ შორის აეროპორტის ის გასასვლელები, რომლითაც იგი სარგებლობდა.

ამასთან, გარდა იმისა, რომ რ.შ. სისტემატურად აგროვებდა დაცვის წევრების შესახებ მონაცემებს, ასევე, კუდის თანამშრომლები, მათ მიერვე დაკავებულ პატარკაციშვილის დაცვის რამდენიმე წევრს, მკვლელობის მომზადებისთვის საჭირო პირობების შექმნის სანაცვლოდ, მათ მიმართ დაწყებული დევნის ნაწილში სხვადასხვა სახის შეღავათებს სთავაზობდნენ.

პროკურატურის მიერ მხილებული, ჩანაწერის მონაწილე კუდის სამი მაღალჩინოსნის მიმართ სისხლისამართლებრივი დევნა მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 18, 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და ამავე კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ თექვსმეტიდან ოც წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რაც შეეხება კუდის კიდევ ერთ ყოფილ მაღალჩინოსანს გ.დ-ს, საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქართველოში მისი ექსტრადირება ნიდერლანდების სამეფოში დაკავების შემდეგ განხორციელდა. შესაბამისად, მის მიმართ დევნის დაწყებისა და ექსტრადირების განმახორციელებელი ქვეყნის თანხმობის მისაღებად, პროკურატურა საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ პრაქტიკას გამოიყენებს. ამ ეტაპზე საქმეზე გრძელდება გამოძიება დანაშაულის ჩადენაში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-მხილების მიზნით.


მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, რომ ზემოხსენებული ჩანაწერები 2016 წლის დეკემბერში ამოიღეს სხვა საქმეზე ჩხრეკისას. კითხვაზე, თუ ჩანაწერები 2016 წელს იპოვეს, ახლა, 2 წლის შემდეგ რატომ წაუყენეს პირებს ბრალი და არა მაშინვე, პროკურატურაში პასუხობენ, რომ ჩანაწერების შესწავლას დრო სჭირდებოდა, გარდა ამისა, მათ სისიხლის სამართლებრივი დევნა მაშინ დაიწყეს, როდესაც გამოძიება შესაბამის სტანდარტამდე მივიდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი