ლუგარის ლაბორატორიის საკითხი “საზოგადოებრივ კონტროლზე” ავიყვანოთ – ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში მარია ხაზაროვა ქართული საზოგადოების წარმომადგენლებს, მათ შორის, მედიასაშუალებებს სთავაზობს, ლუგარის ლაბორატორიის საკითხი “საზოგადოებრივ კონტროლზე” აიყვანონ.

როგორც ზახაროვამ 16 ოქტომბერს ვიდეო-ხიდის, მოსკოვი-თბილისი-ტალინი-კიშინიოვის დროს განაცხადა, მოსკოვს არა ბრალდებები, არამედ კითხვები აქვს ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით და მზადაა, ამ საკითხზე ქართველ ჟურნალისტებს მაქსიმალური ინფორმაცია მიაწოდოს.

“ეს თემა რუსეთის ფედერაციის ოფიციალურ ორგანოებამდე, აუცილებელი კომენტარის გაკეთების თვალსაზრისით, მხოლოდ წელს მოვიდა, მაგრამ პუბლიცისტიკაში, მასმედიაში, სოციალურ ქსელებში, ექსპერტებში დიდი ხანია განიხილება. რატომ ჩაერთო სახელმწიფო? – იმიტომ, რომ ეს ჩვენს საზღვრებთან ახლოს ხდება. ასევე მინდა თქვენი ყურადღება მივაქციო, რომ საქმე ეხება არა ბრალდებებს, არამედ კითხვებს, რომლებიც ძალიან დიპლომატიურად და კორექტულად დაისვა, რათა პოლიტიკური ბრალდებების სფეროში არ გადავსულიყავით, როგორც ახლა მოდური ტრენდია მსოფლიოში, და პროფესიონალური დისკუსია გვეწარმოებინა”, – განაცხადა ზახაროვამ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ ლუგარის ლაბორატორიის საკითხი საქართველოსთან დაკავშირებულმა პირებმა, კერძოდ, საქართველოს უშიშროების ყოფილმა მინისტრმა იგორ გიორგაძემ წამოსწია.

ზახაროვას თქმით, ვერ ხედავს წინაღობას, რომელიც ქართულ და რუსულ მხარეებს ინფორმაციის გაცვლაში ხელს შეუშლის.

“თუ თქვენი მხრიდან იქნება სურვილი, სიამოვნებით მოგაწვდით დამატებით მასალებს, მობრძანდით მოსკოვში, დამატებითი ინტერვიუების ორგანიზებაში დაგეხმარებით. ვაქციოთ ეს საზოგადოებრივი კონტროლის თემად”, – აღნიშნა ზახაროვამ.

ამ თემაზე: “ახმეტა-ვირუსის” აღმოჩენა და სხვა ამბები ლუგარის ლაბორატორიაზე, რომელიც შესაძლოა არ იცოდით

კითხვაზე, თუ ასეა, რატომ თქვა რუსულმა მხარემ უარი 14-15 ნოემბერს თბილისში დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობაზე, ზახაროვა ამბობს, რომ ეს ღონისძიება არა კითხვებზე პასუხის გაცემას, არამედ დისკუსიის სხვა მიმართულებით წაყვანას ემსახურება.

“ამ ღონისძიებების პროგრამა ლაბორატორიის ვერიფიკაციას ვერ უზრუნველყოფს. ვერიფიკაციისთვის შესაბამისი მექანიზმები არსებობს”, – დასძინა ზახაროვამ.

ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობით დაინტერესებული რუსი ექსპერტები 14-15 ნოემბერს თბილისში დაგეგმილ “ბიოლოგიური ლაბორატორიების შეფასების სავარჯიშოში” მონაწილეობის მისაღებად არიან მოწვეულნი, თუმცა რუსეთმა ღონისძიებაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

ლუგარის ლაბორატორიის შესახებ რუსული პროპაგანდის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ:

რა საფრთხეს ქმნის რუსეთის შეტევა “ლუგარის ლაბორატორიაზე”

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.