მოძრაობა “დავითიანნის” ორგანიზებით, თბილისში მინიფეხბურთის ტურნირი ჩატარდება, სადაც ერთმანეთს დედაქალაქში მდებარე 12 ყველაზე ცნობილი და დიდი ეკლესიის მრევლი დაუპირისპირდება. უკვე ცნობილია 10 ეკლესია, რომლის მრევლიც მინიფეხბურთის ტურნირში ჩაერთვება, ესენია:

  1. სამების მონასტრის მრევლი;
  2. ვაკის ანდრია პირველწოდებულის ეკლესიის მრევლი;
  3. კვირიკე და ივლიტას ტაძრის მრევლი;
  4. ვაკის სამების ტაძრის მრევლი;
  5. დიდი დიღმის 100 000 მოწამის ტაძრის მრევლი;
  6. სპირიდონ ტრიმიფუნტელის ტაძრის მრევლი;
  7. ოქროყანის ღვთისმშობლის ტაძრის მრევლი;
  8. ქაშუეთის მრევლი;
  9. სიონის ტაძრის მრევლი;
  10. ჯვრის მამის ეკლესიის მრევლი.

როგორც “დავითიანნში” განგვიცხადეს, ამ ეკლესიების მრევლებს შორის მინიფეხბურთის ტურნირი 20 ოქტომბერს, 19:00 საათზე, მუშტაიდის ბაღში მდებარე “იმედის” მოედანზე დაიწყება.

“რადგანაც ჯერ საპილოტეა და პირველი პრეცედენტია, გადავწყვიტეთ, 12 ყველაზე დიდ და ცნობილ ტაძრის მრევლს შორის ჩაგვეტარებინა ტურნირი”, – განუცხადეს ნეტგაზეთს “დავითიანნში”.

მრევლებს შორის მინიფეხბურთის ტურნირთან დაკავშირებით 20 ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში, 12:00 საათზე, სამების გალავანში პრესკონფერენცია და სავარაუდოდ წილისყრაც გაიმართება.