ახალი ამბები

სალაძე: თუ გამოძიება რ2-ის სიუჟეტამდე დაიწყო, ამ ჩანაწერის დღეს გამოქვეყნება ეჭვებს აჩენს

16 ოქტომბერი, 2018 • 2577
სალაძე: თუ გამოძიება რ2-ის სიუჟეტამდე დაიწყო, ამ ჩანაწერის დღეს გამოქვეყნება ეჭვებს აჩენს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) თავმჯდომარის, სულხან სალაძის თქმით, პროკურატურის მიერ დღეს, 16 ოქტომბერს გავრცელებული აუდიოჩანაწერი გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენს.

საიას თავმჯდომარის თქმით, პროკურატურა ხშირად საკუთარი ინტერესებით ასაჯაროებს კონკრეტული ტიპის ჩანაწერებსა და სხვა სახის მტკიცებულებებს. სალაძე ამბობს, რომ უწყების ნება-სურვილზეა დამოკიდებული სად, როდის, რა დოზით და ფორმით გასაჯაროვდება ესა თუ ის მტკიცებულება, განსაკუთრებით მაშინ, როცა საგამოძიებო უწყება საკუთარი ინტერესებიდან ამოდის.

სალაძე არ გამორიცხავს, რომ აღნიშნული პრაქტიკა საზოგადოებრივი აზრის შექმნას და იმ მოსაზრებების გამტკიცებას ემსახურებოდეს, რომელიც თავად გამოძიებისთვის ან მმართველი პოლიტიკური ჯგუფისთვის შეიძლება იყოს ყველაზე უფრო საინტერესო და მისაღები:

” ეს ჩანაწერი თავიდან ბოლომდე არის იმის უარყოფა, რაც რუსთავი 2-ის ეთერით გავიდა. ფაქტობრივად, პროკურატურა გვეუბნება, რომ ის ჩანაწერი, რაც თქვენ მოისმინეთ, არ შეიძლება იყოს რეალურიო”.

საიას თამჯდომარეს კითხვები უჩნდება იმასთან დაკავშირებით, რატომ არ გაავრცელა პროკურატურამ ეს ჩანაწერი ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში მეორე ჩანაწერის გასვლამდე, თუ მათი მტკიცებით, აღნიშნული ჩანაწერი მედიაში გავრცელებულზე ადრეა მომზადებული, გამოძიება კი დაიწყო ეთერში მის გასვლამდე:

“ფაქტია, რომ პროკურატურის პოზიციას დღეს მაინც ნაკლები დამაჯერებლობა აქვს და არა იმიტომ, რომ რუსთავი 2-ის ჩანაწერის შემდეგ გავიდა მხოლოდ და თურმე 11-ში მათ ეს გამოძიება დაიწყეს. თუ 11-ში გამოძიება დაიწყეს და ეს ფაილი ამოიღეს, თავისუფლად შეეძლოთ 14-ში, სანამ რუსთავი 2-ზე გავიდოდა ეს ჩანაწერი, მანამდეც მიეწოდებინათ საზოგადოებისთვის და საერთოდ, რუსთავი 2-ზე იმ ჩანაწერის გასვლას საერთოდ აზრი აღარ ექნებოდა”, – ამბობს სალაძე.

სულხან სალაძის თქმით, პროკურატურის მიმართ ნდობის დაბალი სტანდარტი უწყების საქმიანობითაცაა განპირობებული. შესაბამისად, საიას თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ დღეს გავრცელებული ჩანაწერი გარკვეული პოლიტიკური თამაშის ნაწილი იყოს:

“მაგრამ მთავარი და ამოსავალი პრობლემა არის ის, რომ ნდობა პროკურატურის მიმართ რატომაც არის დაბალი და ის გამოცდილება, ისტორიული კანონზომიერება, რომელიც ამ ქვეყანაში გამოძიების მიმართ შეიქმნა, არ ტოვებს  იმის საშუალებას, რომ მაღალი ნდობის სტანდარტი გქონდეს პროკურატურის მიმართ.

პროკურატურის პოლიტიკური და ინსტიტუციური დამოუკიდებლობა ისევ დიდი პრობლემაა ქვეყანაში. შესაბამისად, ადვილი წარმოსადგენია, რომ ეს პროცესიც იყო გარკვეული თამაშის ნაწილი და ვიღაცის მიერ მოფიქრებული და დადგმული. ამის მტკიცება წინასწარ, რა თქმა უნდა, ძალიან რთული იქნება, მაგრამ თუ ეს ჩანაწერი იქნება მხოლოდ ამოსავალი პროკუტრატურისთვის მთელ ამ საქმეში, ეს, რა თქმა უნდა, მხოლოდ გააძლიერებს ამ ეჭვებს”, – ამბობს საიას თავმჯდომარე.

მისი თქმით, პრობლემურია თავად ჩანაწერების მომზადების პროცესიც, რადგან ამ ტიპის დაწესებულებებში გარეშე პირები მსგავს ქმედებას ვერ განახორციელებდნენ:

“ჩვენ ვიცით, რა ტიპის დაწესებულებაში მოხდა ამ ჩანაწერის მომზადება, ვიცით, როგორ ხდება იქ დაშვება, ვიცით, რისი შეტანა შეიძლება, რა ტიპის კონტროლი უნდა გაიაროს დაინტერესებულმა პირმა, ვინც არ უნდა იყოს. ამას ან [ციხის] ადმინისტრაცია იწერდა, დიდი ალბათობით, მისი რომელიმე ჩინოვნიკი, ან კონკრეტული პირი ამ შეხვედრების მონაწილეებიდან. ვინ იყო და ვინ აკეთებდა ამას, ძალიან რთულია ამაზე საუბარი. არც პროკურატურა ვართ და არც ამ ტიპის დოკუმენტებზე არ მიგვიწვდება ხელი. ნებისმიერ შემთხვევაში, პროკურატურა არ არის ახლა კომფორტულ მდგომარეობაში, მიუხედავად იმისა, რა ჩანაწერი გამოაქვეყნა დღეს”, – ამბობს სალაძე.

ამ კუთხით საიას თავმჯდომარე გამოსავალს დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნაში ხედავს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ პოლიტიკური ნება გამოიჩინოს და მოსმენებთან და ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებული ინსტიტუტები პოლიტიკური გაველენებისგან თავისუფალი იყოს, წინაარმდეგ შემთხვევაში, სალაძის თქმით, მსგავსი ტიპის საქმეებზე კითხვის ნიშნები ყოველთვის იარსებებს:

ამ თემაზე წაიკითხეთ:

პროკურატურა მირზა სუბელიანისა და ვიქტორ ჯაფარიძის ახალ ჩანაწერს აქვეყნებს

მასალების გადაბეჭდვის წესი