ახალი ამბები

ISFED: დაფიქსირდა პოლიტიკური აქტივისტებისთვის ხელის შეშლის და მათი დაკავების ფაქტები

24 აპრილი, 2014 • • 944
ISFED: დაფიქსირდა პოლიტიკური აქტივისტებისთვის ხელის შეშლის და მათი დაკავების ფაქტები

ორგანიზაციის ინფორმაციით, ანგარიშში მოხვდა ყველა ის მოვლენა, რასაც არჩევნების გამოცხადებამდე ჰქონდა ადგილი და რასაც შესაძლოა ნეგატიური თუ პოზიტიური გავლენა მოეხდინა საარჩევნო გარემოზე, მათ შორის წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის 4 ფაქტი. სავარაუდოდ, პოლიტიკურად იყო მოტივირებული ზეწოლის 1 შემთხვევა. ოთხივე ფაქტი “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას უკავშირდება.


მათ შორისაა თელავში 2014 წლის 10 აპრილს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო შეხვედრის ჩაშლის მცდელობა საზოგადოებრივი მოძრაობა „ივერიელისა“ და კოალიცია ,,ქართული ოცნების“ აქტივისტების მხრიდან.


სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება  2014 წლის 12 აპრილს, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ქ. ზუგდიდში მერობის კანდიდატის წარდგენას მოჰყვა;


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის გამგებლობის კანდიდატის – თენგიზ გუნავას წინასაარჩევნო შეხვედრის ჩაშლის მცდელობა ანაკლიაში,  „ქართული ოცნებისა“ და ორგანიზაცია “დაიცავი საქართველოს“ აქტივისტების მონაწილეობით;

 

ასევე, 7 აპრილს ახალციხეში გამართული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო შეხვედრა, რომელიც ხმაურისა და „ქართული ოცნების“ აქტივისტების პროტესტის ფონზე წარიმართა;

 

და სიტყვიერი შეურაცხყოფა და კვერცხების სროლა 10 აპრილს, რაც ქ. ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოს განხილვაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის – გიგი უგულავას გამოჩენას მოჰყვა.

 

 

რაც შეეხება პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების დაკითხვებისა და დაპატიმრებების ფაქტს, ასეთი 6 შემთხვევა დაფიქსირდა:

 

დაპატიმრების 2 ფაქტს ადგილი ჰქონდა ხონში: 2014 წლის 10 თებერვალს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები – ხონის გამგებელი ზურაბ ჯიბუხაია
და მისი მოადგილე – ბესარიონ ჭელიძე;

თაღლითობის, სამსახურებრივი უფლებამისილების ბოროტად გამოყენებისა და კანონით აკრძალული საჩუქრის მიღების ფაქტზე 2014 წლის 11 თებერვალს დააკავეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დუშეთის საკრებულოს მოადგილე –
ზურაბ ოტიაშვილი;

 

სახელმწიფო სუბსიდიების მითვისების ბრალდებით 2014 წლის 28 მარტს დააკავეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი, სოფელ ხალას რწმუნებული – მალხაზ დიასამიძე;

ქრთამის აღების ფაქტზე 2014 წლის 29 მარტს დააკავეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე – მალხაზ ფარტენაძე, რომელიც საკრებულოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიით მოხვდა, თუმცა ამჟამად უპარტიოა;


ასევე სამსახურეობრივი მოვალეობის არასათანადოდ შესრულებისთვის 2014 წლის 1 აპრილს დააკავეს და შემდეგ 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე – იასონ ჭუმბურიძე.


“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” გამოვლენილ ფაქტებს გმობს:

 

აღნიშნულ ფაქტებს ცალსახად ვგმობთ და მიგვაჩნია, რომ მსგავსი შემთხვევები მნიშვნელოვნად აფერხებს თავისუფალი და სამართლიანი წინასაარჩევნო გარემოს არსებობას“,- ამბობს „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარია.

 

ISFED მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, წინასაარჩევნო შეხვედრებზე მაქსიმალურად უზრუნველყოს წესრიგის დაცვა იმგვარად, რომ თითოეულ პოლიტიკურ პარტიასა თუ კანდიდატს მიეცეს ამომრჩეველთან მშვიდ ვითარებაში შეხვედრის საშუალება, ხოლო ხელისუფლებას – უზრუნველყოს მკაფიო გამიჯვნა სახელმწიფო ამოცანებსა და პარტიულ ინტერესებს შორის.


დეტალური ანგარიშის და რეკომენდაციების ხილვა ISFED–ის ვებ–გვერდზე შეგიძლიათ.

ISFED
ISFED

მასალების გადაბეჭდვის წესი