ახალი ამბები

არ შეიძლება, ჩვენს სამშობლოს ნარკოტიკების მწარმოებელი ქვეყნის იარლიყი მიეწეროს – პრეზიდენტი

16 ოქტომბერი, 2018 • 1558
არ შეიძლება, ჩვენს სამშობლოს ნარკოტიკების მწარმოებელი ქვეყნის იარლიყი მიეწეროს – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტისთვის მიუღებელია ნარკოტიკული საშუალებების წარმოების იდეა.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა დღეს, 16 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მიუხედავად ნარკომომხმარებლების მიმართ ლოიალური დამოკიდებულებისა, მისთვის გაუგებარია დებატები ნარკოტიკული ნივთიერებების წარმოების უფლების თაობაზე.

“საზოგადოებამ იცის, რომ ვარ ლოიალური ნარკომომხმარებლების მიმართ – არამარტო პოლიტიკური განცხადება გამიკეთებია, არამედ არაერთი ნარკომომხმარებელი შემიწყალებია. არ მიმაჩნია, რომ ნარკომომხმარებლები უნდა ისხდნენ ციხეში და იხდიდნენ სასჯელს, როგორც კრიმინალები. ამ ფონზე სრულიად მიუღებელია ჩემთვის საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების წარმოების იდეა”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, ეს იდეა მიუღებელია ორი მთავარი პოზიციიდან გამომდინარე:

“პირველი – თუ ჩვენ გავხდებით ნარკოტიკების მწარმოებელი ქვეყანა, ნამდვილად ვერ გავაკონტროლებთ ეფექტურად ნარკოტიკების გავრცელებას და სავარაუდოდ, ბევრად უფრო მეტი ადამიანი გახდება ამ სენის მსხვერპლი; მეორე, საგარეო პოლტიკური თვალსაზრისით – საქართველო, როგორც ნარკოტიკების მწარმოებელი ქვეყანა, ეს არ არის ის იმიჯი, რისთვისაც ჩვენ ვუყვარვართ, რისთვისაც გვაფასებენ, რის გამოც ჩვენ მხარს გვიჭერენ და რის გამოც გვიცავენ”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მისივე მოსაზრებით, ეს არის ძალიან რთული იმიჯი, რომელსაც შეიძლება რთული შედეგები მოჰყვეს. როგორც პრეზიდენტი ამბობს, საქართველო ვერ იქნება ვერც მარიხუანის, ვერც სხვა ნარკოტიკული ნივთიერებების მწარმოებელი ქვეყანა.

“ეს იარლიყი არ შეიძლება, მიეწეროს ჩვენს სამშობლოს”, – მიიჩნევს პრეზიდენტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი