ახალი ამბები

კვლევა: 28 დეპუტატი წლის განმავლობაში პარლამენტში არც სიტყვით გამოსულა და არც ინიციატივით

23 აპრილი, 2014 • • 1025
კვლევა: 28 დეპუტატი წლის განმავლობაში პარლამენტში არც სიტყვით გამოსულა და არც ინიციატივით

 

“მათგან 13 საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელია (ბერძენიშვილი ლევან, გელაშვილი ვალერი, დარზიევი მახირ, ენუქიძე გოჩა, ზვიადაური ზურაბ, მამედოვი ალი, ყაჭეიშვილი თამაზ, შავლოხაშვილი რევაზ, შიოშვილი თამაზ, ჩხაიძე თეიმურაზ, ხალვაში როსტომ, ხუბულური თენგიზ, ჯაფარიძე ვიქტორ), 8 – საპარლამენტო უმცირესობის (ახალაია როლანდ, კედელაშვილი ზაზა, ნაყოფია კობა, ნიკოლაიშვილი რამაზ, სულეიმანოვი აზერ, ქარდავა ლევან, ყიფშიძე ნიკოლოზ, ჯანაშია ნაული), ხოლო 7 არც ერთს არ ეკუთვნის (ბოლქვაძე ანზორ, ვერულაშვილი მარიკა, ლიპარტელიანი გოგი, მკოიანი ენზელ, ფეიქრიშვილი გიორგი, ხაბულიანი სერგო, შერვაშიძე იაშა)”, – აღნიშნულია კვლევაში.

 

პარლამენტი
პარლამენტი

 

ანგარიშში “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ პარლამენტის წევრთა აქტივობა ორი ძირითადი კრიტერიუმით შეაფასა: 1. რა სიხშირით გამოდიოდნენ ისინი სიტყვით პლენარულ სხდომებზე – აკეთებდნენ განცხადებებს, სვამდნენ შეკითხვებს, გამოთქვამდნენ მოსაზრებებს კანონპროექტებთან თუ სხვა განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით; 2. რამდენად იყენებდნენ პარლამენტის წევრები მათთვის მინიჭებულ საკანონმდებლო ინივიატივის წარდგენის უფლებას.

“კვლევამ აჩვენა, რომ პარლამენტის მუშაობის ერთწლიან პერიოდში პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის უფლება 121-მა პარლამენტის წევრმა გამოიყენა, საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენის უფლება კი – მხოლოდ 54- მა.

იმ 51 პარლამენტის წევრს შორის, რომლებიც ერთი წლის განმავლობაში პლენარულ სხდომებზე 30-ზე მეტჯერ გამოვიდნენ სიტყვით, 28 საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელია, 21 – საპარლამენტო უმცირესობის, ხოლო 2 არც ერთს არ ეკუთვნის”,  ნათქვამია დოკუმენტში. აღმოჩნდა, რომ ზემოხსენებულ საანგარიშო პერიოდში ამ თვალსაზრისით ყველაზე აქტიური წევრი ვახტანგ ხმალაძე იყო, რომელიც სიტყვით 217–ჯერ გამოვიდა, მეორე ადგილზე კობა დავითაშვილი იყო 215 გამოსვლით, ხოლო მესამეზე პავლე კუბლაშვილი – 150 გამოსვლა.

რაც შეეხება საკანონმდებლო ინიციატივების წარდგენას, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ცნობით, ამ კუთხით აშკარა უპირატესობა საპარლამენტო უმრავლესობას აქვს. კერძოდ, პარლამენტის იმ 54 წევრს შორის, რომლებსაც თუნდაც ერთი კანონპროექტი ჰქონდათ ინიცირებული, 46 საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელია, 6 – საპარლამენტო უმცირესობის, ხოლო 2 არც ერთს არ ეკუთვნის. ამ თვალსაზრისით ლიდერი ირინე იმერლიშვილი (ამჟამინდელი უშიშროების საბჭოს მდივანი) იყო, რომელმაც 36 საკანონმდებლო ინიციატივაში მიიღონ მონაწილეობა, მეორე ადგილზე აქაც კობა დავითაშვილია 35 საკანონმდებლო ინიციატივით, ხოლო მესამეზე – დავით ონოფიშვილი 33 ინიციატივით.

მასალების გადაბეჭდვის წესი