ახალი ამბები

ლამბალოში გატაცებულ 17 წლის გოგოს მესამე დღეა ეძებენ

15 ოქტომბერი, 2018 • 1854
ლამბალოში გატაცებულ 17 წლის გოგოს მესამე დღეა ეძებენ

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში გატაცებულ გოგოს მესამე დღეა ეძებენ. ორმა პირმა 17 წლის გოგო სახლიდან, უმცროსი დის თანდასწრებით მოიტაცა. შემთხვევა 12 ოქტომბერს, საღამოს საათებში მოხდა.

როგორც “ნეტგაზეთს” გატაცებულის ნათესავმა, ქაზანფარ მამედოვმა განუცხადა, მოტაცებამდე ცოტა ხნით ადრე მოზარდი სკოლიდან სახლში დაბრუნდა. ინციდენტის დროს საცხოვრებელში 12 წლის დასთან ერთად იმყოფებოდა. გოგოს ოჯახი და პოლიცია მას ამ დრომდე ეძებს.

“საღამოს, ექვსი საათი ან შვიდის თხუთმეტი წუთი იყო დაახლოებით, რომ დამირეკეს. სახლში სკოლიდან დაბრუნდა და საჭმელს ჭამდა პატარა დასთან ერთად. მამაც სახლში ყოფილა, მაგრამ რომ გავიდა სახლიდან, გარეთ უთვალთვალებდნენ თურმე. როგორც კი გავიდა და მოშორდა სახლს, შევარდნენ სახლში და გამოათრიეს. იმის მერე არც არავის უნახავს და არც ვიცით, [სად არის]. მთელი ღამე პოლიცია ეძებდა და ჩვენც ვეძებდით, მაგრამ ვერ მივაგენით კვალს”, – ამბობს ქაზანფარ მამედოვი.

მისივე თქმით, მოზარდის ოჯახმა უკვე იცის, ვინ გაიტაცა გოგო, თუმცა თავად გატაცებული მას არ იცნობდა:

“ოჯახიდან გავიგეთ, მაგათი საძმაკაცოდან… თვითმხილველები არიან სოფელში, რომელთაც გვითხრეს, ვინ იყო მძღოლი [და ა.შ.]

ვისზეც იძახიან, ცოლობის მიზნით წაიყვანაო… არც ვიცით, რა ხდება იმიტომ, რომ ის ბიჭი სხვა ადამიანზე იყო დანიშნული, საცოლე ჰყავდა. ეს გოგო 17 წლისაა, სწავლობდა, გეგმაშიც არ ჰქონდა[ასეთი რამ] და ფიზიკურად არც იცნობდნენ ერთმანეთს. ძალით, ყვირილით, წივილით, ხელის აფარებით [წაიყვანეს]”.

მოზარდის ოჯახი გატაცების სავარაუდო ორგანიზატორის ოჯახს უკვე დაუკავშირდა, თუმცა, როგორც გოგოს ნათესავი “ნეტგაზეთთან” საუბრისას აცხადებს, არც მისმა ოჯახის წევრებმა იციან, “რატომ ჩაიდინა[მან] ასეთი რამ”.

შსს-ში აცხადებენ, რომ გატაცებულს პოლიცია ამ დრომდე ეძებს. გამოძიება სსკ-ს 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. დანაშაული 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი