აქცია ბერლინში. ფოტო: EPA/KAMIL ZIHNIOGLU

ათობით ათასიანი პროტესტი ბერლინში რასიზმს, ქსენოფობიასა და ულრტრამემარჯვენეებს

ბერლინის ქუჩებში ქსენოფობიის, რასიზმის, ჰომოფობიისა და გერმანიაში ულტრამემარჯვენეთა გაძლიერების წინააღმდეგ ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა. მოქალაქეები გერმანიის დედაქალაქში ქვეყნის სხვადასხვა ნაწილიდან ჩავიდნენ. დემონსტრანტთა რაოდენობა იმაზე ბევრად მეტი აღმოჩნდა, ვიდრე ორგანიზატორები ელოდნენ.

Reuters-ის ცნობით, ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციების, პროფკავშირებისა და სხვათა მიერ ორგანიზებული შეკრების მონაწილეებს სხვადასხვა შინაარსის პლაკატები ეჭირათ, რომლებზეც დატანილი იყო მოწოდებები: “ვაშენოთ ხიდები და არა კედლები”, “ერთად რასიზმის წინააღმდეგ”, “ჩვენ ვართ განუყოფელნი – ღია და თავისუფალი საზოგადოება”. აქციის მონაწილეთა ნაწილი შემოდგომის ცხელ დღეს პოპ მუსიკის ფონზეც ცეკვავდა.


გერმანული გამოცემების, მათ შორის, Spiegel Online-სა  და Welt-ის პირველადი მონაცემებით, მასშტაბურ აქციაზე 150 000 ადამიანი გავიდა. შეკრების ორგანიზატორები გაცილებით დიდ რიცხვს ასახელებენ და ამბობენ, რომ უკვე გვიანი შუადღისათვის, ბერლინის ქუჩებში 242 000 დემონსტრანტი იყო გასული. ნებისმიერ შემთხვევაში, აქტივისტთა ჭარბმა რიცხვმა ორგანიზატორთა მოლოდინსაც გადააჭარბა, რომლებიც აქციაზე მხოლოდ 40 000 რეგისტრირებულ ადამიანს ელოდნენ.

BBC-ის ინფორმაციით, ქსენოფობიისა და რასიზმის საწინააღმდეგო აქციის ორგანიზების პროცესში ასობით ორგანიზაცია მონაწილეობდა, სხვადასხვა დღის წესრიგითა და პოლიტიკური ხედვებით. თუმცა, აქციის მონაწილეთა უმრავლესობას აერთიანებდა წინააღმდეგობა ულტრამემარჯვენე პარტიის “ალტერნატივა გერმანიისთვის” მიმართ. პარტია ანტისაიმიგრაციო პოლიტიკით გამოირჩევა და ისტორიაში პირველად, გერმანიის პარლამენტშია წარმოდგენილი მას შემდეგ, რაც გასული წლის არჩევნებში 10%-იანი ზღვარი გადალახა.

აქციის მონაწილის პლაკატზე წერია: "სოლიდარობამ საზღვრები არ იცის". ფოტო: EPA/აქცია ბერლინში. ფოტო: EPA/KAMIL ZIHNIOGLU

აქციის მონაწილის პლაკატზე წერია: “სოლიდარობამ საზღვრები არ იცის”. ფოტო: EPA/აქცია ბერლინში. ფოტო: EPA/KAMIL ZIHNIOGLU

“არის ხალხი, რომელთაც სჯერათ, რომ შეუძლიათ, ადამიანის უფლებები ხელყონ და თანასწორობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ. დროა, ითქვას: არა, აქ სხვა ხალხიცაა, ღია და გახსნილი აზროვნების მქონე”, – უთხრა BBC-ს აქციის მონაწილე ქალმა.

გერმანიაში ულტრამემარჯვენე ძალების გაძლიერება, დიდწილად, 2015 წელს ქვეყანაში მილიონამდე მიგრანტის შესვლის შემდეგ შეინიშნება. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო სამ წელიწადში ქვეყანაში შესულ მიგრანტთა რიცხვი მკვეთრად შემცირდა, საკითხი დღის წესრიგში კვლავ დგას. მიმდინარე წლის აგვისტოში ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ კნემიცში ულტრამემარჯვენე ჯგუფებსა და პოლიციას შორის შეტაკებებიც მოხდა გერმანელი კაცის დანით მკვლელობის შემდეგ, რაშიც ორ მიგრანტს სდებდნენ ბრალს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან