ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

პოლიტპატიმრები აზერბაიჯანში

22 აპრილი, 2014 • • 1533
პოლიტპატიმრები აზერბაიჯანში
ფარვიზ ჰაშიმლი გაზეთ “Bizim yol”-ის (“ჩვენი გზა”) და ახალი ამბების ვებ-გვერდის www.moderator.az თანამშრომელია. ასევე, არის უფლებადამცველი ორგანიზაცია – „პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებების დაცვის ცენტრის“ ხელმძღვანელი. ჰაშიმლი 2013 წლის 17 სექტემბერს დააკავეს ეროვნული უშიშროების სამინისტროს თანამშრომლებმა. ოფიციალურად მისი ბრალდება ასეა ფორმულირებული: “წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის კონტრაბანდა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან  გასაღება”.
სეიმურ კაზიმოვი
სეიმურ კაზიმოვი

 

 

დაკავების დროს ჰაშიმლის სახლში ჩხრეკა ჩატარდა. ასევე, გაიჩხრიკა გაზეთ “Bizim yol”-ის ოფისიც, რის შედეგადაც ოფისში ჟურნალისტის კომპიუტერისა და მისი კუთვნილი სხვა ნივთების კონფისკაცია განხორციელდა. ეროვნული უშიშროების სამინისტრომ ოფიციალურად განაცხადა, რომ ჰაშიმლის სახლში აღმოჩენილი იქნა საბრძოლო მასალა და ამუნიცია. ამავე განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ „ჰაშიმლიმ, კიდევ ერთ ბრალდებულთან –  თავაკულ გურბანოვან ერთად, ირანიდან აზერბაიჯანში, საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით კონტრაბანდული საბრძოლო მასალა და ამუნიცია შეიტანა. ასევე, ის არალეგალურად ატარებდა და ინახავდა აღნიშნულ იარაღსა და საბრძოლო მასალას“.

ფარვიზ ჰაშიმლი, ფოტო: Bizim yol
ფარვიზ ჰაშიმლი, ფოტო: Bizim yol

 

2013 წლის 18 სექტემბერს საბაილის რაიონულმა სასამართლომ ჟურნალისტსა და უფლებადამცველს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ჰაშიმლი სასამართლოში თავზე ტომარაგადაფარებული მიიყვანეს. სასამართლო პროცესზე მან განაცხადა, რომ დაზიანებული ჰქონდა ფეხი და ეს ტრავმა დაკავების დროს უხეში მოპყრობის შედეგად მიიღო. მანვე განაცხადა, რომ ეროვნული უშიშროების სამინისტროს თანამშრომლები წამებით ემუქრებოდნენ.

 

ჰაშიმილის დაკავების დღეს, ამავე სამინისტროს შეიარაღებული თანამშრომლები მივიდნენ მის ბინაში ჩხრეკისთვის, სადაც მისი 5 წლის შვილი იმყოფებოდა. მიუხედავად იმისა, რომ უშიშროების თანამშრომლებს თან ჰქონდათ ჩხრეკის ორდერი, მათ თავდაპირველად ბინაში შეღწევა ფანჯრიდან სცადეს, როდესაც შეეძლოთ, რომ კარზე დაეკაკუნებინათ და ისე შესულიყვნენ ბინაში. ხოლო მას შემდეგ, რაც აღმოაჩინეს, რომ ბინაში და სახლის ეზოში უსაფრთხოების მიზნით დამონტაჟებული იყო ვიდესათვალთვალო კამერები, უშიშროების თანამშრომლებმა ისინი დაამტვრიეს. ჰაშიმილის ცოლმა მათ მოსთხოვა, რომ ჩხრეკას დასწრებოდნენ მეზობლები და ჟურნალისტები, რომლებიც უკვე იმყოფებოდნენ სახლთან, თუმცა – უშედეგოდ. ჩხრეკის დასრულებისა და კარის გაღებისთანავე, ჰაშიმლის მეუღლემ ჟურნალისტებსა და უფლებადამცველებს განუცხადა, რომ იარაღი და საბრძოლო მასალა მათ ბინაში განზრახ მიიტანეს და განათავსეს.

 

ჰაშიმლიმ განაცხადა, რომ მას ეროვნული უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო ციხის სამარტოო საკანში ამყოფებდნენ მთელი წინასწარი პატიმრობის პერიოდში, რომელიც გაუხანგრძლივეს. მისივე თქმით, მას ავიწროვებდნენ, აიძულეს უარი ეთქვა ადვოკატზე, საკანში კი მთელი ღამის განმავლობაში არ უქრობდნენ შუქს.

 

ჟურნალისტის ეს საჩივრები და განცხადებები, მიუხედევად იმისა, რომ ის “Amnesty International”-ის მიერ აღიარებულია სინდისის პატიმრად, უყურადღებოდ დარჩა როგორც ჟურნალისტების, ისე მთავრობის წარმომადგენლების მიერ, რომლებსაც ჰაშიმლის ოჯახის წევრებმა მიმართეს საჩივრებით.

 

უფლებადამცველ რასულ ჯაფაროვის მიერ მომზადებული ანგარიშის მიხედვით, 2014 წლის 1 აპრილისთვის აზერბაიჯანში 91 პოლიტპატიმარია და მათ შორის, ძირითადად, არიან ჟურნალისტები, ბლოგერები, უფლებადამცველები, რელიგიური ლიდერები და პოლიტიკური აქტივისტები.

 

ანარ მამადლის – საზოგადოებრივი კავშირის „არჩევნების მონიტორინგისა და დემოკრატიის ტრენინგების ცენტრის“ (EMDT) ხელმძღვანელს – საერთაშორისო ორგანიზაციები კარგად იცნობენ, როგორც უფლებადამცველსა და ექსპერტს არჩევნებისა და პოლიტიკური თავისუფლების საკითხებში. მისმა ორგანიზაციამ, “მოხალისეთა საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებრივ კავშირთან” (VICPU) ერთად, 10 ოქტომბერს გამოაქვეყნა წინასწარი შეფასება 2013 წლის 9 ოქტომბერს აზერბაიჯანში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების თაობაზე.

 

აღნიშნული წინასწარი ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში არ იყო სათანადო წინასაარჩევნო გარემო, რომელიც უზრუნველყოფდა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. ასევე, აღნიშნული იყო, რომ ხმის მიცემის პროცესს თან ახლდა სერიოზული სამართლებრივი დარღვევები. EMDT-ის აღნიშნული ანგარიში გამოიყენა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუციებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/ODIHR) თავისი სადამკვირვებლო მისიის კრიტიკულ ანგარიშში აზერბაიჯანში ჩატარებული არჩევნების შესახებ.  

 

ანგარიშის გაცნობისთანავე, 31 ოქტომბერს გენერალური პროკურატურის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა საგამოძიებო დეპარტამენტმა ჩხრეკა ჩაატარა EMDT-ის ოფისში, რის შედეგადაც ამოიღო ფინანსური და იურიდიული დოკუმენტაცია და  EMDT-ისა და მისი პარტნიორი ორგანიზაციის კუთვნილი ორი კომპიუტერი. გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა საგამოძიებო დეპარტამენტმა EMDT-ში არსებული სამართლებრივი დარღვევების საფუძველზე დაიწყო გამოძიება.  

 

ოქტომბრის ბოლოდან მამადლის სისტემატიურად იბარებდნენ საგამოძიებო დეპარტამენტში მოწმის სტატუსით დაკითხვაზე. 16 დეკემბერს კი, ერთ-ერთი ასეთი მორიგი დაკითხვის დროს იგი დააკავეს შემდეგი ბრალდებით: “არალეგალური ბიზნესის წარმოება დიდი ოდენობით შემოსავლების მიღების მიზნით, სახელმწიფო გადასახადებისათვის   თავის არიდება, ძალაუფლების ბოროტად გამოყენება არჩევნების შედეგებზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით”.   

 

გასული წლის 16 დეკემბერს ნაზიმის რაიონულმა სასამართლომ მამადლის სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

 

დაკავებიდან მალევე “Amnesty International”-მა მამადლი სინდისის  პატიმრად სცნო. რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციამ, მათ შორის PACE-ს (ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა) თანამომხსენებლებმა, აზერბაიჯანის შესახებ გამოხატეს შეშფოთება მამადლის დაპატიმრების გამო და ხაზი გაუსვეს მისი გათავისუფლების აუცილებლობას.

ანარ მამადლი
ანარ მამადლი

 

2014 წლის 15 იანვარს ნატოს გენერალურ მდივანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტ ილჰამ ალიევს აზერბაიჯანში პოლიტიკური პატიმრების მდგომარეობის შესახებ დაუსვეს შეკითხვა.

 

“აზერბაიჯანში არ არიან პოლიტპატიმრები და ეს PACE-ში გამართული განხილვებითაც დადასტურდა,” – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე.

 

მთავრობა ირწმუნება, რომ არ არსებობს პოლიტპატიმრის განმსაზღვრელი კრიტერიუმები. მეორე მხრივ კი, ჯაფაროვი და მისი გუნდი ანგარიშში ასეთ კრიტერიუმად მიიჩნევენ “პოლიტიკურ მოტივებს”, რომელიც გამომდინარეობს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) 2013 წლის 3 ოქტომბრის #1900 რეზოლუციიდან. ჯაფაროვი განმარტავს, რომ ანგარიშის მომზადების დროს კონსულტაციები გაიარა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებთან; შეისწავლა გავლენიანი უფლებადამცველი ორგანიზაციების ანგარიშები; განახორციელა პრესისა და სასამართლოების მონიტორინგი; განიხილა სასამართლოს გადაწყვეტილებები და სხვა სამართლებრივი დოკუმენტები; ანგარიშის მომზადების დროს შედგა შეხვედრები პოლიტპატიმრების ოჯახის წევრებთან, ადვოკატებთან და დამცველ კომიტეტებთან.

 

აზერბაიჯანელი უფლებადამცველები უფრო მეტად ფოკუსირებულნი არიან, რომ პოლიტპატიმრების საკითხზე ლობისტური საქმიანობა აწარმოონ ევროპის საბჭოში (CoE). ევროსაბჭოს წევრ 47 ქვეყანას შორის აზერბაიჯანი მეორე ადგილზეა პოლიტპატიმრების რაოდენობით. 2014 წლის მაისი-ნოემბრის პერიოდში აზერბაიჯანი ევროსაბჭოს მინისტრთა კაბინეტს უხელმძღვანელებს. როგორც წესი, ასეთი ხელმძღვანელი სახელმწიფო სხვა ქვეყნების მიმართ გასცემს რეკომენდაციებს სიტყვის თავისუფლების, დემოკრატიის, მიგრაციის და სხვა საკითხებზე.

 

“2013 წლის დეკემბერსა და 2014 წლის მარტში ისინი არ შეიწყალეს. ვვარაუდობ, რომ ეს მაისში მოხდება. ქვეყანამ, რომელმაც სხვებს უნდა მისცეს რეკომენდაცია, ჯერ საკუთარი პოლიტპატიმრების პრობლემა უნდა გადაწყვიტოს“, – აცხადებს ჯაფაროვი.

 

აზერბაიჯანელი უფლებადამცველები სამ მიმართულებას განიხილავენ, რომელმაც უნდა გადაჭრას პოლიტპატიმრების პრობლემა:

 

– მათი ოჯახებისთვის ფინანსური დახმარებები და შემოწირულობები;

 

– ადვოკატებით უზრუნველყოფა მათი, როგორც “პოლიტიკური პატიმრების” შემდგომი დაცვისთვის სასამართლოში, ასევე, ზემდგომ ინსტანციებში გასაჩივრებისთვის;

 

– მათი თავისუფლების უფლების პრომოუშენი ხელოვნების გამოყენებით ან დიდი ღონისძიებების საშუალებით, რომელშიც აზერბაიჯანში მიწვეული ბევრი სტუმარი მონაწილეობს.

 

ბოლოს ასეთი პრომოუშენი 2012 წლის ევროვიზიის კონკურსზე შედგა, როდესაც ამ მუსიკალურ კონკურსს აზერბაიჯანი მასპინძლობდა. ინიციატივამ – “იმღერე დემოკრატიისთვის” შეძლო როგორც ტურისტების, ისე იმ ჟურნალისტების ყურადღების მიპყრობა, რომლებიც სიმღერის კონკურსის გასაშუქებლად ჩავიდნენ ბაქოში. საერთაშორისო მედიაში გამოქვეყნდა სხვადასხვა მასალა აზერბაიჯანში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაზე, ადამიანის უფლებებისა და პოლიტიკური პატიმრების საკითხებზე. კამპანიას “იმღერე დემოკრატიისთვის” მოჰყვა პატიმრების ამნისტიაზე ხელმოწერა.

 

მომავალ წელს “ევროპის ოლიმპიური თამაშები 2015” გაიმართება ბაქოში.

“ჩვენ ამ შესაძლებლობას გამოვიყენებთ ადამიანის უფლებების დაცვის კამპანიისთვის, თუკი იმ პერიოდისთვისაც მოუგვარებელი იქნება პოლიტპატიმრების პრობლემა,” – აცხადებს ჯაფაროვი.

 


სტატია მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


მასალების გადაბეჭდვის წესი