ახალი ამბები

სუს-მა თურქეთის ორი მოქალაქე დააკავა ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ბრალდებით

12 ოქტომბერი, 2018 • 2132
სუს-მა თურქეთის ორი მოქალაქე დააკავა ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ბრალდებით

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ მათმა ანტიკორუფციულმა სააგენტომ  ყალბი დოკუმენტის დამზადებისა და გასაღების ბრალდებით თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე დააკავა.

სუს-ის ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ თალჰა ო-მ და ჰუსეინ ჩ-მ “სპეციალური ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, შემდგომი გასაღების მიზნით, დაამზადეს” საქართველოს ბინადრობისა და მართვის ყალბი მოწმობები და თურქეთის მოქალაქეს 1 600 აშშ დოლარად მიჰყიდეს.

გამოძიება დაიწყო სსკ-ის 19-180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ორგანოს ცნობით, გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

მასალების გადაბეჭდვის წესი