ახალი ამბები

ნარმანიას “მწვანე განზომილება”

18 აპრილი, 2014 • • 1730
ნარმანიას “მწვანე განზომილება”

დავით ნარმანია პირობას დებს, რომ მერად არჩევის შემთხვევაში სარეკრეაციო ზონებს სამშენებლო ჩარევებისაგან დაიცავს. ამის შესახებ მან ისაუბრა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში გამართულ საჯარო დისკუსიაზე –”ქალაქგანვითარების მწვანე განზომილება”.


დავით ნარმანია
დავით ნარმანია

 

გარდა “მწვანე საკითხებისა”, ნარმანიას თქმით, მისი უმთავრესი პრიორიტეტი კულტურული მემკვიდრეობისა და ქალაქის იერსახის შენარჩუნება იქნება, თუმცა იგი მკაფიოდ არ აყალიბებს თავის პოზიციას პანორამა – თბილისის სადაო პროექტთან დაკავშირებით. მაგალითად, ფონდში გამართულ დისკუსიაზე აუდიტორიის შეკითხვას, რატომ მივიდა თავის დროზე ამ პროექტის პრეზენტაციაზე თანაინვესტირების ფონდში და რა პოზიცია აქვს ზოგადად ამ საკითხთან დაკავშირებით, მან ასე უპასუხა:

 

“მე იქ არ გამოვჩენილვარ იმისათვის, რომ  დავფიქსირებულიყავი და ამით ჩემი რეიტინგი გაზრდილიყო. მე იქ მივედი, რომ მენახა თანაინვესტირების ფონდის პროექტები. მე საერთოდ არ ვიცოდი, რომ პანორამა–თბილისის განხილვა მიმდინარეობდა. იქ წარმოადგინეს პროექტების კასკადი: დაახლოებით 8–10 პროექტი, მათ შორის პანორამა–თბილისიც, თუმცა მას და მათ არ შეიძლება, რომ პროექტები ვუწოდოთ… ეს იყო მომავალში მოსალოდნელი საპროექტო განაცხადები. ჩემთვის, როგორც უკვე ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრისთვის, პროექტი ნიშნავს  დეტალურად დამუშავებულ, საკამოდ სქელტანიან მასალას, სადაც მოცემულია ნახაზები, ვიზუალური მხარე, შესაბამისი ბიუჯეტი და ასე შემდეგ. ასეთი პროექტი ჯერჯერობით არ არსებობს და ის დამუშავების სტადიაში… აქედან გამომდინარე, მე ვთქვი, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით შეიძლება საინტერესო იყოს [პანორამა–თბილისი], თუმცა გარემოსდაცვითი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის თვალსაზრისით, დამატებით უნდა დამუშავდეს ექსპერტებთან” – ასეთია მისი პოზიცია ამ საკითხზე.

 

რაც შეეხება ქალაქგანვითარების მწვანე განზომილებას, ნარმანიამ თავისი გამოსვლაში თბილისში გარემოს დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა კრიტიკულად შეაფასა.

 

“2013 წელს გამოქვეყნებული მერსერის კვლევის მიხედვით, შესწავლილი 191 ქალაქიდან თბილისი განვითარების და სიმწვანის თვალსაზრისით ერთ–ერთ ყველაზე ბოლო ადგილზეა. ჩვენ გვაქვს მწვანე საფარის შემცირების და, მეორე მხრივ, ქალაქის ურბანული ნაწილის ანუ მშენებლობების რიცხვის ზრდის ტენდენცია. ქალაქში მუდმივად მიმდინარეობს მშენებლობა მწვანე საფარის ხარჯზე. კონსტიტუციის 37–ე მუხლის მიხედვით სახელმწიფოს გააჩნია ვალდებულება, რომ უზრუნველყოს და დაიცვას ჯანსაღი გარემო ცხოვრებისთვის.  აბსოლუტურად უნდა დაიხვეწოს [ქალაქის განვითარების] საკანონმდებლო ჩარჩო, რათა შემდგომში დედაქალაქის მერიაში ცალკეულ ჩინოვნიკებს სუბიექტური გადაწყვეტილებების მიღების საშუალება არ მიეცეთ. კიდევ ერთი სტატისტიკური ციფრი მინდა გითხრათ: 2001 წელს დედაქალაქში ერთ სულ მოსახლეზე მწვანე საფარის მოცულობა 4,65 კვ.მ  იყო შემდეგ ეს ძალიან მნიშვნელოვნად შემცირდა, მაშინ, როცა, მაგალითად, უნგრეთის დედაქალაქში 16 კვ.მ–ია, ანუ ხუთჯერ მეტია მწვანე საფარის მოცულობა. ბევრი ისეთი ქალაქიც არსებობს ევროპაში, სადაც ეს რიცხვი ბევრად უფრო მეტია, მე სპეციალურად არ მოვიყვანე ისეთი ქალაქები, სადაც ტყის მასივები არსებობს, მაგალითად, ბერლინი, რომელიც ჩემი საყვარელი ქალაქია”, – განაცხადა ნარმანიამ და დისკუსიის მონაწილეებს ამ პრობლემების მოგვარების მისი ხედვა გააცნო:

 

“ ჩვენი ხედვა ეფუძნება, ერთი მხრივ, მდგრად განვითარებას, სადაც გარემოს დაცვის კომპონენტი, ისევე, როგორც სტაბილური განვითარება, ერთ–ერთი ამოსავალი პრინციპი იქნება, მეორე მხრივ, ეს ეფუძნება ქალაქისთვის რეალურად ცოცხალი და მოქმედი განვითარების გეგმის შემუშავებას, რომელიც ძირითადი ორიენტირი იქნება. ეს  არა მხოლოდ გამწვანებასთან დაკავშირებული საკითხი იქნება, არამედ მთლიანად გარემოსდაცვითი კომპონენტი, რომელიც რამდენიმე თემას მოიცავს: რეკრეაციული ზონები აუცილებლად უნდა გამოიყოს ცალკე, როგორც ხელუხლებელი ზონა, საიდანაც მხოლოდ იმ ხის, ან ბუჩქის მოჭრა შეიძლება, რომელიც აუცილებელ გამოხშირვას საჭიროებს. სხვა შემთხვევაში იქ ხის სანაცვლოდ რაიმე სახის ჯიხურის ჩადგმა უნდა შეიზღუდოს. ჩვენ არ უნდა მოვიქცეთ წინამორბედების მსგავსად, რომლებმაც რეკრეაციული ზონები საზოგადოებრივ–საქმიან ზონებად აქციეს და თავისუფალი სივრცე მისცეს კომპანიებს, მოსაკრებლის გადახდის სანცვლოდ მოეხდინათ მწვანე საფარის ხელყოფა”.

 

აუდიტორიის შეკითხვას, რა სამართლებრივი საშუალებებით აპირებს იგი რეკრეაციული ზონების დაცვას და რა ბედი ელით იმ პარკებს, სადაც მსგავსი ტიპის ჩარევა უკვე განხორციელდა, თბილისის მერობის კანდიდატმა ასე უპასუხა:

 

“ზოგიერთი მათგანი სამართალდაცმავი ორგნოების კვლევის საგანია და მიმდინარეობს გამოძიება, ანუ ამ საქმეებზე სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული და უკვე საგამოძიებო უწყებებმა უნდა გაგვცენ პასუხი. რაც შეეხება იმას, თუ რითი იქნება გარანტირებული რეკრეაციული ზონები, გპასუხობთ –  ქალაქგანვითარების გენერალური გეგმით, რომელიც საკრებულოს გადაწყვეტილებით მტკიცდება და ნორმატიული აქტის სახე აქვს”.


დისკუსია ბიოლის ფონდში
დისკუსია ბიოლის ფონდში

დავით ნარმანიას თქმით, მისი ხედვის გარემოსდაცვითი კომპონენტი მწავნე ნარგავების შენარჩუნებასთან ერთად ქარსაცავი ზოლების განვითარებასაც გულისმობს.

“ ვგულისხმობ ქარსაცავ ზოლებს მინიმუმ 3 ტერიტორიულ ნაწილში: დიდ დიღომში, გლდანსა და ნუცუბიძეზე. ეს არის 3 ძირითადი ზონა, საიდანაც ქარის ძლიერი მასები მოემართება დედაქალაქში და ეს არა მხოლოდ დისკომფორტს ქმნის, არამედ მტვრის ძალიან დიდი მასის გადაადგილებასაც იწვევს”, – აღნიშნა მან და დასძინა, რომ გარემოს დაცვის კომპონენტში სუფთა წყალსაც გულისხმობს.

“სუფთა წყალი მდინარე მტკვარში და სუფთა წყალი იმ 10 მცირე მდინარეში, რომელიც მას უერთდება, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ მტკვარი მხოლოდ საქართველოს საკუთრება არ არის და ჩვენი დედაქალაქი მისი მხოლოდ მცირე კომპონენტია, ბუნებრივია, თავიდან ბოლომდე ჩვენ ამ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ… ეს თავიდანვე უნდა ვთქვათ, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველაზე მძიმე დამაბინძურებელი კომპონენტი, ანუ ჩამდინარე წყლები… ე.წ. კანალიზაცია იქნას მოწესრიგებული. ამისთვის ყველაზე მინიმალური რამ, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, არის ის, რომ თბილისის წყალმომარაგების კომპანიას მოვთხოვოთ დაიცვას თავისი საინვესტიციო ვალდებულებები: მას საინვესტიციო ვალდებულებად უდევს შესაბამისი გამწნებდი ნაგებობის მოწყობა. მხოლოდ ეს არ არის აუცილებელი. ჩვენდა სამწუხაროდ, მცირე მდინარეებიც ძალიან აბინძურებენ მტკვარს”.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია დასუფთავება და ნაგავსაყრელის მართვა.

 

“ამ შემთხვევაში ნაგავსაყრელი მრავლობით რიცხვში უნდა ვთქვათ, ვინაიდან ჩვენ უკვე გვაქვს ძველი ნახევრად დახურული ნაგავსაყრელი და ასევე არსებობს შეადარებით ახლად გახსნილი ნაგავსაყრელი სამგორის რაიონში. ძალიან მნიშვენლოვანია როგორც ძველის კონსერვაცია, ასევე, შედარებით ახალგახსნილი ნაგავსაყრელის კონცენტრაციაც. მე ვხვდები შესაბამისი უბნის მოსახლეობას, რომელთაც დისკომფორტი აქვთ. სხვათა შორის, ნაგავსაყრელის აშენება აეროპორტთან ახლოს ასევე წინააღმდეგობაში მოდის ICAO-ს წესებთან, რადგან აეროდრომის 13 კილომეტრის რადიუსში ნაგავსაყრელი არ უნდა არსებობდეს, რადგან იქ ფრინველების კონცენტრაცია ხდება და თვითმფრიანვებს საფრთხეს უქმნის. ასევე ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით ნაგვის ურნების რაოდენობა  აუცილებლად უნდა განვსაზღვროთ, რათა გადავსებული ნაგვის ურნები არ გვქონდეს დედაქალაქში”.

მისივე თქმით, თუ არჩევნებში გაიმარჯვებს, მომდევნო 4 წლის განმავლობაში აუცილებლად იზრუნებს, რომ ქალაქგანვითარების გენერალური გეგმის ფარგლებში შესწავლილ იქნას თბილისის სატრანსპორტო ნაკადებისა და მარშრუტების საკითხი:

 

“სწორედ ამის მიხედვით უნდა გადავაწყოთ ქალაქში მოძრაობის მარშრუტები. დღის განმავლობაში აუცილებლად უნდა შეიზღუდოს დასუფთავების, ნაგვის  და სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობა. მათ უნდა მიეცეთ კონკრეტულად განსაზღვრული დრო დილის 08:00 საათამდე იმისათვის, რომ ის, რაც გასატანია, გაიტანონ, ის, რაც მისატანია სავაჭრო ცენტრებში, მიიტანონ და საღამოს, როცა მოძრაობის ძირითადი ნაწილი დასრულდება, შემდეგ იმოძრაონ. იქ, სადაც შედარებით ფართო შესაძლებლობა, ანუ 3 და მეტი ზოლი არსებობს, შეიძლება დღის განმავლობაშიც იმოძრაონ ასეთმა მანქანებმა, თუმცა მანქანების გაჩერების შედეგად საწვავის წვით გამოწვეული მავნე გამონაბოლქვის კონცენტრაცია ქალაქში უნდა შემცირდეს”.

აუდიტორიის რეპლიკას, რომ ეს ფაქტი სადისტრიბუციო ქსელში დასაქმებული ადამიანების უკმაყოფილებას გამოიწვევს, ნარმანიამ ასე უპასუხა:

“წესრიგის დამყარება აუცილებლად გვჭირდება. ერთი ხელის მოსმით გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ, ვიდრე ზუსტ სტსტისტიკას არ გავიგებთ: რამდენი სადისტრიბუციო მანქანა არსებობს, ძირითადად რა მარშრუტებით მოძრაობენ, სად უწევთ გაჩერება და ასე შემდეგ, თუმცა საცობების 3 ძირითადი მოძრავი შემქმნელი საშუალებიდან, ერთი სადისტრიბუციო მანქანებია, მეორე- დიდი ავტობუსები (სამარშრუტო ტაქსები), ხოლო მესამე – ნარჩენების გადამტანი მანქანები, ამიტომ სამივესთან მიმართებაში კომპლექსურად უნდა იქნას საკითხი შესწავლილი”.

 

დავით ნარმანიას თქმით, მისი ხედვა ასევე ითვალისწინებს საზოგადოებრივი საპირფარეშოების არარსებობის საკითხის მოწესრიგებას და უპატრონო ცხოველების პრობლემის თემას.

მისივე თქმით, თუ გაიმარჯვებს, ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია ექნება საზოგადოებასთან, რომელსაც პერიოდულად ჩააბარებს ანგარიშს განხორციელებულ საქმიანობასთან დაკავშირებით.

 

“ქალაქგანვითარების გენერალურ გეგმაში მნიშვნელოვან ცვლილებებს შევიტანთ. ცალკე სტრატეგიას გავაკეთებთ თბილისში მწავნე საფარის განვითარებასთან, ასევე,  ნარჩენების მართვასთან დაკავშირებითაც დაიდება ცალკე დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც გადაიხედება პოლიტიკა”.

 

შეხვედრაზე იურისტმა ვახუშტი მენაბდემ ნარმანიას ჰკითხა, რას ფიქრობს იგი თბილისში ფეხით მოსიარულეთა პრობლემების შესახებ, განსაკუთრებით ეს ეხება შშმ პირებს, რომელთათვისაც ადაპტირებული სივრცე თითქმის არ არსებობს. ნარმანიას თქმით, მიმდინარე წლის დასაწყისში მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომელიც 5 წლის განმავლობაში შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემოს შექმნას უზრუნვეყოფს მთელი ქვეყნის მასშტაბით, ხოლო რაც შეეხება ტროტუარებზე პარკინგის თემას, რაც ფეხით მოსიარულეებს უქმნის პრობლემებს, იგი აცხადებს, რომ ეს საკითხი ძალიან რთულად გადასაჭრელია, რადგან დიდ დროს მოითხოვს:

 

“ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ჩვენს პროგრამაში პარკინგთან დაკავშირებულ საკითხს. ეტაპობრივად ტროტუარებზე არსებული პარკინგები უნდა მოვხსნათ, თუმცა ამას ერთბაშად ვერ გავაკეთებთ იმიტომ, რომ სხვა ალტერნატიული სივრცე გვჭირდება პარკინგისთვის, ან ავტომანქანების რაოდენობა უნდა შემცირდეს მნიშვნელოვნად.  ერთი ხელის მოსმით ეს საკითხი ვერ გადაიჭრება. საჭიროა მიწისქვეშა პარკინგების განვითარება, რათა ზედა სივრცე გავათავისუფლოთ”.

დისკუსიაში დავით ნარმანიასთან ერთად ურბანისტი ვლადიმერ ვარდოსანიძე და “პარტიზანი მებაღე”, იურისტი ანანო ცინცაბაძეც მონაწილეობდნენ. მათ ქალაქში არსებული პრობლემები საკანონმდებლო და ურბანულ ჭრილში შეაფასეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი