“იმედის” ტელეწამყვანი და ჟურნალისტი თამუნა ჩიხლაძე აცხადებს, რომ მისთვის მიუღებელი სარედაქციო პოლიტიკის გამო ტელეკომპანია დატოვა.
“გავაცანი ჩემი პოზიცია ხელმძღვანელობას და მშვიდად დავასრულეთ ურთიერთობა. ვეღარ ვხედავდი თავს ამ არხის სახედ”, – ამბობს ჩიხლაძე ნეტგაზეთთან.
ჟურნალისტი დეტალების შესახებ საუბრისაგან თავს იკავებს.
ნანა ლეჟავა, იმედის საინფომაციო სამსახურის უფროსი ამბობს, რომ თამუნა ჩიხლაძის კომენტარი უკვირს. ლეჟავა უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ “იმედის” სარედაქციო პოლიტიკა შეცვლილია. როგორც ნანა ლეჟავამ ნეტგაზეთს განუცხადა, მასთან ჩიხლაძეს არ უსაუბრია სარედაქციო პოლიტიკის შესახებ. ლეჟავა ფიქრობს, რომ ჟურნალისტის ტელეკომპანიიდან წასვლა კონკრეტულ გადაწყვეტილებას უკავშირდება, რომელიც მან მიიღო:
“მე, როგორც საინფორმაციოს უფროსმა, ჩავთვალე, რომ ის უკეთესი რეპორტიორი იყო, ვიდრე წამყვანი. ის ძალიან ძლიერი რეპორტიორი იყო. არ მინდოდა, რომ ეს ნიჭი დაეკარგა, შევთავაზე, რომ 2 დღით ყოფილიყო წამყვანი, დანარჩენ დღეებში კი რეპორტაჟები ეკეთებინა, რაც ფანტასტიკურად გამოსდიოდა”, – ამბობს ლეჟავა და ვარაუდობს, რომ სწორედ ეს გახდა ჟურნალისტის იმედიდან წასვლის გადაწყვეტილება. ლეჟავას თქმით, სავარაუდოდ, ჩიხლაძემ ჩათვალა, რომ მას არასწორად მოექცნენ.