“კერძო პირების მიმართ საქართველოს სახალხო დამცველს არ აქვს საქმის განხილვისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტების გამოთხოვის შესაძლებლობა, რაც აუცილებლად უნდა გამოსწორდეს”, – მიიჩნევს უჩა ნანუაშვილი.
სახალხო დამცველის შენიშვნები ასევე ეხება იმ მუხლის დაზუსტებას, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს სახალხო დამცველის მიერ საქმისწარმოების შეწყვეტას. იგი ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ დისკრიმინაციის მსხვერპლი გათავისუფლდეს ბაჟისგან, როდესაც მიმართავს სასამართლოს დისკრიმინაციის ან/და დამრღვევის პასუხისმგებლობის დასადგენად.

“კანონპროექტში შემოთავაზებულია დისკრიმინაციის ცნება და შესაბამისი სამართლებრივი სტანდარტი, რომელიც არ არის შესაბამისობაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილ მიდგომებთან”, – აცხადებს უჩა ნანუაშვილი.
მისივე განცხადებით, კანონპროექტი არ ითვალისწინებს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის დამატებითი ფინანსური ასიგნებების გამოყოფას:
“არსებული რესურსების ფარგლებში საქართველოს სახალხო დამცველი ვერ შეძლებს ეფექტური ღონისძიებების განხორციელებას. დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა ახალი კომპეტენციის ფარგლებში საჭიროებს დამატებითი ადამიანური და ფინანსური რესურსების მობილიზებას”, – აცხადებს ნანუაშვილი.
ომბუდსმენმა თავისი შენიშვნები დღეს, 17 აპრილს გადაუგზავნა პარლამენტის სპიკერს.







