ახალი ამბები

8 მილიონი ევრო დაცული ტერიტორიებისათვის

17 აპრილი, 2014 • • 2503
8 მილიონი ევრო დაცული ტერიტორიებისათვის

კინტრიშის დაცული ტერიტორია
კინტრიშის დაცული ტერიტორია

დაცული ტერიტორიების სააგენტოში აცხადებენ, რომ აღნიშნული თანხით დაცულ ტერიტორიებზე მოეწყობა საპიკნიკე ადგილები, ეკოტურისტული ბილიკები, აშენდება ღამის გასათევები, მოხდება ცხოველებზე, ფრინველებსა და მცენარეებზე მონიტორინგის სისტემის სრულყოფა, დადგინდება დაცული ტერიტორიის საზღვრები და გააქტიურდება ბრძოლა ბრაკონიერობასთან.

 

„8 მილიონ 250 ათასი ევრო 5 წლის მანძილზე გადანაწილდება ოთხ დაცულ ტერიტორიაზე. ამ თანხით უნდა აშენდეს ვიზიტორთა ცენტრი, ეს იქნება ადგილები, სადაც განთავსდება დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია. დაგეგმილი არის ღამის თავშესაფრების აშენება. ეს იქნება პატარა სახლები, სადაც ვიზიტორებს ექნებათ საშუალება, ღამე გაათიონ. დაგეგმილია დაცული ტერიტორიების თანამშრომელთა გადამზადება, ასევე მატერიალურ ტექნიკური ბაზის, ამ დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების გაძლიერება. სჭირდებათ კომპიუტერების ყიდვა, მანქანების ყიდვა, ასევე სხვადასხვა საგანმანათლებლო რესურსების მომზადება, როგორიც არის მაგალითად, რუკები, სადაც ბილიკები იქნება გადატანილი. პროგრამული უზრუნველყოფა, რომელსაც ტელეფონზე ჩამოტვირთავ და გეცოდინება, სად წახვიდე და რა ნახო. წიგნები, რომელშიც დაწვრილებით იქნება აღწერილი თითოეული დაცული ტერიტორია. ეს წიგნები აუცილებელია ვიზიტორთათვის, რომლებიც ადგილზე მიდიან და სურთ, რომ იცოდნენ მეტი ინფორმაცია ამა თუ იმ დაცული ტერიტორიის შესახებ,” – აცხადებს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე რატი ჯაფარიძე.

 

კითხვაზე, მოწესრიგდება თუ არა დაცულ ტერიტორიებამდე მისასვლელი გზა, რატი ჯაფარიძე პასუხობს, რომ აღნიშნული საკითხი სააგენტოს კომპეტენციაში არ შედის.

 

„ეს არის ადგილობრივი ხელისუფლების, თვითმმართველობის კომპეტენცია. რაღაცა მოლაპარაკება იყო, გვპირდებიან და რა გამოვა ვნახოთ,” – ამბობს რატი ჯაფარიძე.

 

გარდა კინტრიშის დაცული ტერიტორიებისა, წელს აჭარაში მდებარე კიდევ ერთი დაცული ტერიტორიისთვისაც არის თანხა გამოყოფილი. მაჭახელას ეროვნული პარკისთვის გაეროს განვითარების პროგრამამ მილიონნახევარი დოლარი გამოყო. ამ თანხით ეროვნულ პარკში მოეწყობა ბილიკები, მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა, ასევე განხორციელდება სოციალური პროექტები.

 

ტერიტორიების სააგენტო ვიზიტორთა ცენტრისა და ორი დაცული ტერიტორიის – ქობულეთისა და კინტრიშის ადმინისტრაციული ოფისისთვის შენობას წელს ააშენებს. ახალი ადმინისტრაციული ცენტრის აშენებისთვის თანხა „კოლხეთის დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდიდან” გამოიყო. ფონდის ბიუჯეტი 2013 წელს დამტკიცდა. შპს „შავი ზღვის ტერმინალი” დაცული ტერიტორიების სისტემას 2024 წლამდე 7 000 000 ევროს დახმარებას გაუწევს, რაც კოლხეთისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიების განვითარებას მოხმარდება. ყოველწლიურად კოლხეთისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიები 400 ათას ლარს მიიღებს.


წელს 400 ათასი ლარი ადმინისტრაციული და ვიზიტორთა ცენტრის მოწყობისთვის, სარეინჯეროების აშენებისათვის, კვლევითი სამუშაოების ჩატარებისა და რეინჯერების შესაბამისი ტექნიკით აღჭურვისთვის დაიხარჯება. ასევე კეთილმოეწყობა დაცული ტერიტორია.

მასალების გადაბეჭდვის წესი