ახალი ამბები

აჭარის უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივა გენდერული თანასწორობისთვის

16 აპრილი, 2014 • • 1131
აჭარის უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივა გენდერული თანასწორობისთვის

წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანი, რომლის ინიციატორი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  უმაღლესი საბჭოა, “გენდერული თანასწორობის შესახებ” საქართველოს კანონში ავტონომიურ რესპუბლიკებთან მიმართებაში არსებული საკანონმდებლო ვაკუუმის შევსებაა. 

 

ცვლილებების მიხედვით, “გენდერული თანასწორობის შესახებ” კანონს ემატება 12¹ მუხლი, რომლითაც მოხდება ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოების მიერ გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება. კერძოდ, აღნიშნული მუხლის შესაბამისად, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოები საქართველოსა და ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად, შეიმუშავებენ და განახორციელებენ ღონისძიებებს ავტონომიურ რესპუბლიკაში დისკრიმინაციის გამოვლინებისა და აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად.

 

აღნიშნული მუხლი ასევე ითვალისწინებს, რომ ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, საქართველოს და ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად, ავტონომიურ რესპუბლიკაში გენდერულ საკითხებზე სისტემური და საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის საბჭოსთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად ქმნის თანასწორობის საბჭოს, რომლის შემადგენლობა, სტატუსი, ფუნქციები და უფლებამოსილება განისაზღვრება გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო.

მასალების გადაბეჭდვის წესი