ახალი ამბები

ბესელია: ნამდვილად არავინ გადამცემს ანათემას

16 აპრილი, 2014 • • 1056
ბესელია: ნამდვილად არავინ გადამცემს ანათემას

მართლმადიდებელი ეკლესიის დეკანოზი დავით ისაკაძე “საზოგადოების ძალიან დიდი ჯგუფის” სახელით პარლამენტს ანტიდისკრიმინაციული კანონიდან ტერმინის “სექსუალური უმცირესობის” ამოღებას ითხოვს, რადგან მასში ჰომოსექსუალობის “დაკანონების” საფრთხეს ხედავს, რასაც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია არ იზიარებს:

 

“ამ ჩანაწერში კონსიტუციის მეთოთხმეტე მუხლი, უბრალოდ, არის გაშლილი, დისკრიმინაციის ყველა შესაძლო ნიშანი არის უფრო ფართოდ წარმოდგენილი, ვიდრე კონსტიტუციაში წერია, და მასში ვერ ვხედავ პრობლემას და ვერ ვხედავ იმას, რომ ამით ხდება წახალისება და პროპაგანდა იმისა, რაზეც იყო საუბარი. “

 

კითხვაზე, დარჩება თუ არა კანონში “სექსუალური უმცირესობა”, დეპუტატი პასუხობს, რომ ეს მეორე მოსმენით განხილვის საგანია:

 

“პრინციპების დონეზე ვუყარეთ კენჭი და შევთანხმდით. თქვენ რასაც ამბობთ, არის მუხლობრივი განხილვის თემა და ასევე ცხარე დისკუსიას ველოდებით.”

 

რაც შეეხება დეკანოზ დავით ქვლივიძის მუქარას, რომ კანონპროექტის მხარდამჭერებს ეკლესია ანათემას გადასცემს, ეკა ბესელია ამბობს:

 

“ანათემაზე არავინ გადამცემს ნამდვილად. მე მამა დავითთან მქონდა საუბარი და მას არ უთქვამს ასე. მას არ აქვს ეს პოზიცია. ეკლესიას აქვს თავისი პოზიცია. მე მასთან რომ მქონდა საუბარი, ისევე, როგორც კომიტეტის სხდომაზე დამსწრე არასამთავროებთან, მე ვთქვი, რომ კანონპროექტში ასეთი ინტერპრეტაცია უფრო ხელოვნურად არის წარმოდგენილი. მამა დავითმა მითხრა, რომ ეს ჩანაწერი შესაძლოა ამ ტიპის პროპაგანდას არ შეიცავს, მაგრამ ის ამბობს, რომ მომავალში შეიძლება ასეთი საფრთხე წარმოიშვას. კანონის სწორად განმარტებაა საჭირო, რომ დავინახოთ, რომ ეს არ არის ასე.”

 

მას შემდეგ, რაც “ნეტგაზეთმა” ეკა ბესელიას დავით ისაკაძის ციტატა მოუყვანა და კითხვა გაუმეორა, ბესელიამ განაცხადა:

 

“პირადად ვესაუბრე და არ უთქვამს მსგავსი რამ. მან თქვა, რომ პერსონიფიცირებას არ იწყებს ამ საკითხის. ეს არის მისი მოსაზრება.”

მასალების გადაბეჭდვის წესი